ქართული ეროვნული ღირებულებებისა და სამეცნიერო სკოლების პოტენციალის გაცნობის მიზნით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით კიდევ ერთი პროექტი ამოქმედდა.
მიზნობრივი საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის: „ქართული მწერლობა მსოფლიოს მასშტაბით“ ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის წარმომადგენლები პარიზში სორბონას უნივერსიტეტს ესტუმრნენ. პროექტის მიზანი მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებში ლიტერატურის მკვლევრებისა და სტუდენტებისთვის ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია და კომპარატივისტული კვლევის შედეგების გაცნობას უკავშირდება.
„ვიზიტმა მოლოდინს გადააჭარბა. გვქონდა საინტერესო შეხვედრები. გვმასპინძლობდნენ სორბონის უნივერსიტეტის პრორექტორები, ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი და ხელმძღვანელი. ღონისძიებას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში, გოჩა ჯავახიშვილიც ესწრებოდა. შეხვედრა ინტერაქტიურ ფორმატში წარიმართა, დაისვა არაერთი შეკითხვა. აუდიტორია სავსე იყო სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი სტუდენტებით, რომელთა მხრიდან შეიმჩნეოდა მაღალი დაინტერესება ქართული ფილოლოგიის, მწერლობისა და კულტურისადმი“, – აღნიშნა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა, ვახტანგ წივწივაძემ.
„აღნიშნული პროექტი რიგით მეოთხეა, რომელსაც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრი ქართული ლიტერატურის ინსტიტუტთან თანამშრომლობით ახორციელებს. აღნიშნულ თემატიკაზე მუშაობა ჩვენი გაცნობიერებული არჩევანი და სურვილია, რათა გავაცნოთ ფართო საზოგადოებას ქართული მწერლობის შესანიშნავი ნიმუშები და ქვეყნის გარეთაც გავაღრმაოთ ინტერესი ქართული კულტურისადმი. სორბონის უნივერსიტეტში ქართველ პროფესორთა: ირმა რატიანის, მაკა ელბაქიძის და მათი ახალგაზრდა კოლეგების მიერ ჩატარებული ლექციების ვიდეოვიზუალიზაცია ჩვენს მიზნებს ზუსტად პასუხობს“, – აღნიშნა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერის მრჩეველმა და მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელმა, ნინო ჭალაგანიძემ.
ქართველი მეცნიერების მიერ უცხოურ უმაღლეს სკოლებში წაკითხული საჯარო ლექციები სატელევიზიო ფორმატში იწერება და სულ მალე ფართო მაყურებელს საშუალება ექნება, ქართული ლიტერატურის შესახებ უახლეს ინფორმაციას მედიითაც მიადევნოს თვალი.