კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ორგანიზებით, 19-20 ნოემბერს ივერიის ღვთისმშობლის ხატის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებისთვის ორდღიანი ვორკშოპი - „სამაუწყებლო მედია: ტელე-რადიორეპორტინგი“ - ჩატარდა.
პირველ დღეს მოსწავლეებმა მულტიმედია ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს. მათ სიტყვით მიმართა CIU მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, ასოცირებულმა პროფესორმა, სულხან მელაძემ, რომელმაც მოსწავლეებს თანამედროვე მედიის გამოწვევებზე ესაუბრა.
ვორკშოპი აუდიომედიის გაცნობით გაგრძელდა, რომელსაც რადიოწამყვანი, CIU მულტიმედია ცენტრის კორესპონდენტი და მოწვეული ლექტორი, სოსო გაზდელიანი უძღვებოდა. მოსწავლეებმა რადიოსტუდიაში ხმა ჩაწერეს და აუდიოპლატფორმებისთვის დაამუშავეს.
ტრენინგის მეორე დღე სამაუწყებლო მედიის კიდევ ერთ საშუალებას, ტელევიზიას დაეთმო, რომელსაც CIU მულტიმედია ცენტრის პროდიუსერი, ლიკა ზამბახიძე უძღვებოდა. მან მოსწავლეებს კამერასთან მუშაობის სპეციფიკა გააცნო. ვორკშოპის მონაწილეებს საშუალება მიეცათ, საკუთარი ძალები სატელევიზიო მედიაშიც მოესინჯათ.
მოსწავლეებსა და სკოლის ადმინისტრაციას CIU მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერის მრჩეველი, პროფესორი ნინო ჭალაგანიძე შეხვდა. მან ჟურნალისტიკის მნიშვნელობასა და თანამედროვე მედიაგარემოს შესახებ ისაუბრა.
ორდღიანი ვორკშოპის დასასრულს, CIU მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელმა მოსწავლეები სერტიფიკატებით დააჯილდოვა. პროფესორმა, სულხან მელაძემ სკოლის წარმომადგენლებს CIU მულტიმედია ცენტრის მიერ მომზადებული სასწავლო-შემეცნებითი პროექტები - „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“ და „ყვარლიდან მთაწმინდამდე გურამ შარაძის მოტივებზე“ - გადასცა.
ვორკშოპს კოორდინირება CIU მულტიმედია ცენტრის კორესპონდენტმა, ეთიკო შაყულაშვილმა გაუწია.
ღონისძიების მიზანი იყო საშუალო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის სამაუწყებლო მედიაში მუშაობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება და თანამედროვე მედიასივრცეში არსებული გამოწვევების გაცნობა.