10 დეკემბერს, თბილისის 154-ე საჯარო სკოლის მე-11 (ა) კლასის ორგანიზებითა და მე-11 (ბ) კლასის ჩართულობით, მოსწავლეები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრს ეწვივნენ. ვიზიტი პროექტის - „მედიაწიგნიერება და მედიის როლი საზოგადოების ინფორმირებაში“ - ფარგლებში განხორციელდა.
მოსწავლეებმა მულტიმედია ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს, რის შემდეგაც სამაუწყებლო მედიის შესახებ მოისმინეს ლექცია და შეასრულეს პრაქტიკული დავალებები.
აუდიომედიის სპეციფიკაზე მოსწავლეებს რადიოწამყვანი და CIU მულტიმედია ცენტრის კორესპონდენტი, სოსო გაზდელიანი ესაუბრა. შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, რადიოსტუდიაში ხმა ჩაეწერათ და აუდიოპლატფორმებისთვის დაემუშავებინათ.
ტელემედიის თეორიულ-პრაქტიკულ კურსს CIU მულტიმედია ცენტრის პროდიუსერი, ლიკა ზამბახიძე უძღვებოდა. მან მოსწავლეებს კამერასთან მუშაობის სპეციფიკა გააცნო. მონაწილეებს საშუალება მიეცათ, საკუთარი ძალები სატელევიზიო მედიაშიც მოესინჯათ.
შეხვედრა საგნის - „პროექტი სამოქალაქო განათლებაში“ - ფარგლებში მოეწყო, რომლის მიზანიც მოსწავლეთა პროფორიენტაცია და მედიის შესახებ მათი ცნობიერების ამაღლება იყო.