მედიის ფუნქციებს შორის გართობა და რეკრეაცია ერთ-ერთია. ადამიანებისთვის, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში მუშაობენ, მასმედია, ინფორმირებასა და განათლებასთან ერთად, განტვირთვის საშუალებაც უნდა იყოს.
გასართობ გადაცემათა რიგში მეგაშოუს, თავისი მასშტაბისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, განსაკუთრებული ადგილი უკავია როგორც საქართველოში, ისე - მთელ მსოფლიოში. მისი დახმარებით, ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენაა შესაძლებელი.
თანამედროვე მედიასივრცეში მეგაშოუს როლსა და ადგილზე მსახიობი და ტელეწამყვანი, რუსკა მაყაშვილი გვესაუბრება.
მეგაშოუს რეკრეაციული ფუნქცია
მეგაშოუები არა მარტო საქართველოსთვის, მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. ეს არის გასართობი საშუალება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მთელი დღე მუშაობენ. ამასთან, მეგაშოუს დახმარებით, ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენაა შესაძლებელი. პირადად მე, ყოველთვის ვუყურებდი და ახლაც აქტიურად ვუყურებ მეგაშოუებს. ის, საქმიანი დღის შემდეგ, ერთგვარი განტვირთვის საშუალებას იძლევა.
სანამ მეგაშოუ ეთერში გავა...
მეგაშოუს, ეთერში გასვლამდე, წინ ძალიან დიდი სამუშაოები უძღვის. ამ ნაწილში, ძირითადად, პროდიუსერები მუშაობენ. პირდაპირი ეთერი საკმაოდ რთულია. ასეთ დროს ყველაფერი შეიძლება, მოხდეს. ეთერამდე გადაცემა დეტალურად იგეგმება, გავდივართ გენერალურ რეპეტიციას. ყველანაირად უნდა მოემზადო, რადგან შეცდომის უფლება ნაკლებად გაქვს.
როდესაც პირველი მეგაშოუ წავიყვანე, ხშირად გავდიოდი რეპეტიციებს, რადგან არ ვიცოდი, რა სპეციფიკის მოვლენასთან მქონდა საქმე. დროთა განმავლობაში დავოსტატდი და დავხელოვნდი. დღეს უკვე მხოლოდ ეთერამდე მიწევს რეპეტიციის გავლა.
მუშაობა დამსწრე აუდიტორიისა და ტელემაყურებლის წინაშე
მუშაობა, ერთდროულად, ტელეკამერისა და დამსწრე აუდიტორიის წინ, ძალიან რთული და საპასუხისმგებლოა. ასეთ დროს შენ, როგორც მეგაშოუს წამყვანი, მასპინძელი ხარ და, პრაქტიკულად, დარბაზიც და მაყურებელიც ხელში უნდა გეჭიროს. სირთულესთან ერთად, პროცესი ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა, რადგან, მართლა, შენ მართავ მთლიანად გადაცემას, გადადიხარ სიტყვით მონაწილეებთან, ჟიურისთან, შენზეა დამოკიდებული თითქმის ყველაფერი.
მეგაშოუს, როგორც წესი, ჰყავს სპონსორები, შესაბამისად, გადაცემის მსვლელობისას უნდა ისაუბრო მათზეც. აქ განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო, რადგან სარეკლამო ტექსტების კითხვისას ერთი სიტყვაც არ უნდა გადააკეთო. შიგადაშიგ საკმაოდ დაძაბული მომენტებიცაა. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი შოუ წამიყვანია, ფაქტობრივად, ყველა ლაივის შემდეგ თავი მტკივა ხოლმე, რადგან გონება სხვაგვარად გაქვს დაძაბული, თუმცა ერთი სიამოვნებაა, როდესაც ძალიან დიდი აუდიტორია გისმენს და მოგყვება.
„ბეწვის“ ხიდი მეგაშოუს წამყვანისთვის
რაც უფრო მეტ ემოციას წამოიღებ, მით საინტერესო გახდება გადაცემა. დიდ დარბაზებში საჭიროა, რომ ეს მუხტი მაყურებლამდე მიიტანო. მთელი გადაცემის მსვლელობის პროცესში გიწევს, ფაქტობრივად, ბეწვის ხიდზე გავლა, ერთი მხრივ, აკონტროლო ემოციები, მეორე მხრივ, არ დაკარგო შემართება და დინამიკა. მით უფრო მეტი ძალისხმევის გაწევაა საჭირო, როდესაც მეგაშოუს მარტო უძღვები. ამ ბეწვის ხიდზე გავლას დრო სჭირდება, ყველაფერი გამოცდილებას მოაქვს.
დაძაბული მომენტები
ერთ-ერთი საპასუხისმგებლო მომენტია, როცა წამყვანს აკისრია სტატისტიკური მონაცემების გამოცხადების ვალდებულება, რითაც, ფაქტობრივად, პროექტის მონაწილეთა ბედი წყდება. ასეთ დროს მთლიანად ყურზე ვარ დამოკიდებული, როგორც კი მატყობინებენ, წამშივე ვიმეორებ, რათა ყველაფერი უცვლელად გადავცე. არცერთი ციფრი არ უნდა შეგეშალოს, აბსოლუტური სიზუსტეა საჭირო და, ალბათ, ჩემთვის გადაცემის ყველაზე დაძაბული ნაწილიც სწორედ ესაა.
მე ეს შევძელი...
პირველი მეგაშოუს წაყვანის დროს ძალიან ვნერვიულობდი. ვამბობდი, რომ მსგავს პროექტს პირდაპირ ეთერში აღარ გავუძღვებოდი. შემდეგ საკუთარ თავთან გამიჩნდა კითხვები და დავდე შეთანხმება, რომ კიდევ ვცდიდი, თუ ვერ ვისიამოვნებდი ამ პროცესით, მერე უკვე საბოლოოდ შევეშვებოდი. მოხდა ისე, რომ შემდეგ თითქმის ყველა მეგაპროექტის წამყვანი ვიყავი, იმდენად შემიყვარდა ეს მიმართულება. ამასთან, საკუთარ თავს დავუმტკიცე, რომ მე ეს შემიძლია.
იმპროვიზაცია, იუმორი, გულწრფელობა
როდესაც პროექტ „ვინ ვინ არის“ წამყვანი ვიყავი, ყველაზე თავისუფლად სწორედ იქ ვგრძნობდი თავს. რასაკვირველია, გადაცემის სცენარი წინასწარ იყო გაწერილი, თუმცა იმპროვიზაციის გამოყენება დიდი დოზით სწორედ აქ შემეძლო. ყველა შოუდან ვიღებდი სიამოვნებას, მაგრამ ამ პროექტში ყველაზე თავისუფლად ვგრძნობდი თავს.
მეგაშოუს წამყვანისთვის მნიშვნელოვანია იმპროვიზაციის უნარი, იუმორი და გულწრფელობა.
საუბრის ბოლოს, - ჩვენმა რესპონდენტმა, რუსკა მაყაშვილმა აღნიშნა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა გაცვია, როგორ გამოიყურები, მთავარი გულახდილობა, ნდობა და სიყვარულია.
სოსო გაზდელიანი