რეგიონული მედია – პრობლემები და გამოწვევები

დემოკრატიულ სახელმწიფოში მედიასაშუალებათა რიცხვი სულ უფრო მზარდია. იქმნება დიდი და შედარებით მცირე მედიაკომპანიები. არც საქართველოა გამონაკლისი. ქვეყანაში ახალ მედიასაშუალებათა მომრავლების ტენდენცია დიდი ხანია, შეიმჩნევა. გარდა ცენტრალური მედიებისა, მნიშვნელოვანია, ისმოდეს ადგილობრივ, რეგიონულ მედიასაშუალებათა ხმა, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებს უფრო ღრმად და დეტალურად გავეცნოთ.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დიდია რეგიონულ მედიასაშუალებათა ხვედრითი წილი, უსახსრობის გამო, უმრავლესობა მათგანს არსებობისთვის ბრძოლა უწევს. მათ წინაშე მრავლადაა სხვა არაერთი პრობლემური დილემა.
რეგიონული მედიის როლსა და მნიშვნელობაზე, მათ წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელი, მზია თადუმაძე გვესაუბრა.
რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში, გარდა ცენტრალური მედიასაშუალებებისა, არსებობდეს რეგიონული მედია?
დასავლეთის განვითარებული სახელმწიფოების გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, იქაური მედიასაშუალებები ორიენტირებული არიან არა მხოლოდ რეგიონის, არამედ კონკრეტული თემის, უბნის პრობლემების გაშუქებაზე, შესაბამისად, დამოუკიდებელი და ძლიერი რეგიონული მედიის არსებობა და საერთო, ნაციონალურ მედიაპროდუქტში მის მიერ შეტანილი წვლილი ძალიან მნიშვნელოვანია, მით უფრო ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სადაც მოსახლეობის ორი-მესამედი სწორედ რეგიონში ცხოვრობს.
ქართული ჟურნალისტიკის მიზანი მხოლოდ ცენტრის ცხოვრება და პოლიტიკური თემების გაშუქება არ არის, მედიას რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებიც აინტერესებს, ამ სოციუმთან სიახლოვე კი რეგიონული მედიების საშუალებითაა შესაძლებელი.
რეგიონულ მედიასაშუალებათა უმრავლესობას ჰყავს უნიკალური რესპონდენტები, აქვს უშუალო კავშირი ადგილობრივ მოსახლეობასთან. დიდია მათდამი ნდობის კოეფიციენტი. შეუძლიათ როგორც საინტერესო, ასევე ექსკლუზიური თემების მოპოვებაც. ამავდროულად, რეგიონული მედიის ეთერი ხშირად იქცევა უბრალო ადამიანების ტრიბუნად.
რამდენად მზარდია რეგიონულ მედიასაშუალებათა რიცხვი, როგორია ტენდენცია?
თუკი ბოლო ათწლეულში, კონკრეტულად, იმერეთის რეგიონში მიმდინარე მედიაპროცესებს დავაკვირდებით, დავინახავთ პოზიტიურ ტენდენციას - ახალი მედიაპლატფორმების შექმნის ინტენსიურ მცდელობას, რაც პირდაპირ უკავშირდება ახალ ტექნოლოგიურ ცვლილებებს. გარდა ამისა, ჯერ კიდევ იმ პერიოდში, როცა ქუთაისი საპარლამენტო ქალაქი იყო, გამოცოცხლდა ჟურნალისტური ცხოვრება: დაანონსდა ახალი ტელევიზიების, რადიომაუწყებლობების, ონლაინპლატფორმების შექმნა. პარლამენტის შენობის მიმდებარედ გაიხსნა ცენტრალური მედიასაშუალებების ადგილობრივი ბიუროები, თუმცა პარლამენტის თბილისში დაბრუნების შემდეგ ეს ტენდენცია რამდენადმე შენელდა.
რამდენად ახერხებს რეგიონული მაუწყებლობა მოვლენები ეთიკური და პროფესიული ნორმების დაცვით გააშუქოს?
დღეს მედიასფეროს აკადემიურ წრეებში და არამხოლოდ, ხშირად საუბრობენ ეთიკური ჟურნალისტიკის პრობლემებთან დაკავშირებით, ვინაიდან ქვეყნის მასშტაბით ეთიკურ მედიასაშუალებათა მწვავე დეფიციტია.
ეთიკურად გაშუქების სტანდარტის დაცვა აქტუალურ პრობლემად რჩება რეგიონულ მედიაშიც. თუმცა, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებით დასტურდება, ისინი ბევრად უკეთ იცავენ ეთიკურ ნორმებს, ვიდრე - ცენტრალური არხები. მიზეზი სპეციფიკურია: მაგალითად, დაბალი ხელფასის მიუხედავად, ფინანსური ცდუნების საფრთხე ნაკლებია - რეგიონში ჟურნალისტს არასოდეს გადაუხდიან იმდენს, რომ მისი პროფესიული „რეპუტაციის“ შელახვად ღირდეს. შესაბამისად, მორალურ კატეგორიებს აქ შედარებით ნაკლები „საშიშროება“ ელის.
რაც შეეხება პროფესიონალიზმს, რეგიონული მედიასაშუალებები მხოლოდ ერთეული პროფესიონალი კადრების იმედზე არიან. მიზეზი კი, უმთავრესად, ფინანსურია. ეთიკური სტანდარტების დარღვევა, ამ შემთხვევაში, კადრების დეფიციტზეც შეიძლება იყოს დამოკიდებული. პროფესიონალი კადრების გადინების შემდეგ, ხშირად ადგილობრივი მედიები ახალბედა, გამოუცდელი ჟურნალისტების ამარა რჩება, რაც თვითცენზურას იწვევს: მათ უჭირთ ცენზურასთან გამკლავებაც და დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი მედიაკონტენტის შექმნა.
რა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას რეგიონული მაუწყებლობა დღეს?
ქვეყნის მასშტაბით არსებულ მედიასაშუალებათა შორის პრობლემები და გამოწვევები თითქმის საერთოა, თუმცა რეგიონულ მედიებს სპეციფიკური პრობლემები ახასიათებს, რომლებიც კომპლექსურია და ერთი მეორისგან გამომდინარეობს: ფინანსური დილემები, რაც ჟურნალისტთა დაბალ სახელფასო ანაზღაურებასა და ხარისხიანი მედიაკონტენტის დეფიციტში გამოიხატება. ადგილობრივი მედიასაშუალებების უმრავლესობა დამოუკიდებლად ვერ ახერხებს, ახალი ამბების გამოშვებები ან ტოქ-შოუები სისტემატურად ჰქონდეს, ვინაიდან ასეთი გადაცემების დაფინანსების წყარო ძირითადად ფონდებია და იმთავითვე მოკლევადიან პერსპექტივაზეა გათვლილი. როდესაც საერთაშორისო გრანტები მთავრდება, მედიებს, ალტერნატიული რესურსების არარსებობის გამო, უჭირთ ხარისხიანი პროდუქტის მომზადება, ამიტომ ისინი იძულებული არიან, ძირითადი შემოსავლები პირადი შეტყობინებებიდან, მორბენალი სტრიქონებიდან და განცხადებებიდან შემოსული თანხებით შეავსონ, რაც, ცხადია, სრულფასოვანი მაუწყებლობისთვის საკმარისი არ არის.
გარკვეული პრობლემებია სარეკლამო შემოსავლების მხრივაც: წვრილ ადგილობრივ ბიზნესს რეკლამა არ აინტერესებს, ხოლო მსხვილი ბიზნესი რეკლამის განთავსებისთვის ცენტრალურ მედიებს ირჩევს. ასეთ პრობლემურ ვითარებას ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობაც ემატება. ყველაფერი ეს კი უარყოფით გავლენას ახდენს მედიების შიდა შემოსავლების ზრდაზე. რეგიონულ მედიასაშუალებებში მაღალხარისხიანი პროდუქტის მომზადების შემთხვევაშიც კი წარმოიქმნება მისი რეალიზაციის პრობლემა.
როგორც შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების უახლესი კვლევები აჩვენებს, დასავლეთ საქართველოს რეგიონული მაუწყებლები განსაკუთრებულ სირთულედ მედიის კვლევების კვალიფიკაციის კადრების მოძიებას მიიჩნევენ. შესაბამისად, როდესაც არ არსებობს კვლევები, პრობლემა იჩენს თავს, თუნდაც, დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით შექმნილი ხარისხიანი მედიაპროდუქტის გაყიდვისა და მედიის ბიზნესად ქცევის საკითხში. ფინანსური პრობლემების გამო, მედია ხშირად მცირერიცხოვანი გუნდით მუშაობს. სამწუხაროდ, ცნობილია ერთკაციანი მედიასაშუალებებიც.
უნდა აღინიშნოს სამოქალაქო საზოგადოების ინდიფერენტულობა და ნაკლები ჩართულობა მნიშვნელოვან პროცესებში, რაც ართულებს მედიის მიერ მომზადებული მასალების გამოყენებას. ამასთან, ადგილობრივი სახელისუფლებო გავლენები და მათთან, როგორც ინფორმაციის ოფიციალურ წყაროებთან ურთიერთობა, არის ერთგვარად ხელისშემშლელი ფაქტორი: როცა ისინი არ არიან გადაწყვეტილების მიმღები პირები, მათგან მოპოვებული ინფორმაცია, ობიექტურობის თვალსაზრისით, რიგ შემთხვევაში, ნაკლებღირებულია.
საუბრის ბოლოს, ჩვენმა რესპონდენტმა, მზია თადუმაძემ აღნიშნა, რომ რეგიონულ მედიასაშუალებებს კიდევ უამრავი პრობლემური დილემის გადაწყვეტა უწევთ. ისიც აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოში ბევრი მედიასაშუალების არსებობა მედიაპლურალიზმისა და დემოკრატიული პროცესის ხელშემწყობი ფაქტორია, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია რეგიონული მედიის წახალისება, რათა ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე მივიღოთ სრული და დეტალური ინფორმაცია.
სოსო გაზდელიანი
სხვა განცხადებები
თებერვალი 05, 2026
08:00 AM
სოციალური რეკლამა - პროპაგანდა საზოგადოების სასარგებლოდ
რეკლამის კეთილშობილური ფორმა და პროპაგანდა საზოგადოების სასარგებლოდ, - ეს სოციალური რეკლამაა.
დეკემბერი 18, 2025
10:00 AM
მსოფლიო მედიაბრენდის ლოკალური ბიუროს მაუწყებლობის სპეციფიკა
საერთაშორისო მედიაბრენდის ადგილობრივი ბიურო მნიშვნელოვანი რგოლია, რომელიც ლოკალურ საინფორმაციო სივრცეს გლობალურ ქსელთან აკავშირებს. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, იგი უზრუნველყოფს მოვლენების სანდო, დაბალანსებულ და კონტექსტზე დაფუძნებულ გაშუქებას. ამცირებს ზედაპირული ინტერპრეტაციების რისკს და აძლიერებს მედიისადმი ნდობას.
ნოემბერი 19, 2025
07:00 AM
დოკუმენტალისტიკა, როგორც რეალობის შემოქმედებითი ანარეკლი
დოკუმენტალისტიკა აწმყოში მომხდარი ფაქტის ფიქსაციის, ამბად შეკვრის, შეფუთვისა და საზოგადოებისთვის გადაცემის პროცესია. როგორია მისი ადგილი თანამედროვე მედიასივრცეში და რა სახის გამოწვევები დგას თანამედროვე ავტორების წინაშე, - თემაზე ვრცლად რეჟისორი, დოკუმენტალისტი ბესო გაფრინდაშვილი გვესაუბრება.