„ენა ეროვნული თვითმყოფადობის საფუძველია“ - ინტერვიუ ირმა რატიანთან

14 აპრილი დედა ენის დღეა. 48 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, ქართველმა ერმა გააცნობიერა, რომ მშობლიური ენა იდენტობის შენარჩუნებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის აუცილებელი იარაღია და ეს საგანძური დაკარგვისა და გაქრობის რეალური საფრთხის წინაშე იდგა.
საქართველოს უახლესი ისტორიის ამ მნიშვნელოვან თარიღზე, ენის როლსა და მის წინაშე მდგარ გამოწვევებზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი ირმა რატიანი გვესაუბრება.
ენა პიროვნების ფორმირების საფუძველია...
ენა განსაზღვრავს ადამიანის აზროვნებას, მსოფლმხედველობას, კულტურასა და თვითობას. ის კომუნიკაციის უმთავრესი საშუალებაა, რომლის მეშვეობითაც თაობიდან თაობას გადაეცემა ტრადიციები და ნარჩუნდება წინაპრებთან კავშირი. მაგრამ, - ენა მხოლოდ პიროვნების ფორმირების საძირკველი და კომუნიკაციის საშუალება როდია - ის ეროვნული თვითმყოფადობის საფუძველია. ენა ყოველი ერის ისტორიის, კულტურული მეხსიერებისა და ღირებულებები საცავია. იგი განსაზღვრავს ნაციონალურ იდენტობას, ვინაიდან ეროვნული მთლიანობის სიმბოლოს წარმოადგენს. ენა ადგენს კონკრეტული ხალხის კუთვნილებას და გამოარჩევს მას სხვა ეთნოსისაგან.
შესაბამისად, ქართული ენის მნიშვნელობა ქართველთათვის განსაკუთრებულია. ენა ყოველთვის წარმოადგენდა მტკიცე დასაყრდენს არცთუ მარტივი ისტორიის მქონე ქვეყნისთვის და იცავდა მას ასიმილაციისა და განლევისაგან.
14 აპრილი - ეროვნული ღირსების საქმე
თუკი შევუდგებით საბჭოთა მენტალობისა და პერიოდის ქართული კულტურული დისკურსის დეკონსტრუქციის დასაბამის ძიებას, რასაკვირველია, 1978 წლის 14 აპრილს მოვნიშნავთ, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ პროტესტის მანამდე არნახულ ფორმას მიმართა, რათა დაეცვა ქართული ენის ღირსება და ეროვნული მნიშვნელობა. ეს დღე მრავალი თვალსაზრისით იყო გარდამწყვეტი მოვლენა საქართველოს ისტორიაში. უიარაღო ხალხმა, ერთიანი სულისკვეთებით, დაამარცხა საბჭოთა ხელისუფლება, რომელიც, სტაგნაციის ფაზაში მყოფი, ცდილობდა კონსტიტუციიდან ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის ამოღებასა და, მის ნაცვლად, რუსული ენის გაძლიერებას. ეს პირდაპირ საფრთხეს უქმნიდა ქართულ ენასა და, შესაბამისად, ეროვნულ იდენტობას. მშვიდობიანმა პროტესტმა თავისი შედეგი გამოიღო: ქართული შენარჩუნდა, როგორც სახელმწიფო ენა.
ენის „დაჭუჭყიანება“ - გამოწვევები
დღეს ქართული ენა იმავე გამოწვევების წინაშე დგას, როგორშიც მსოფლიოს მასშტაბით მოქმედი ენების უმრავლესობა: ბარბარიზმებისა და ჟარგონის, აგრეთვე, არასწორად აგებული გრამატიკული ფორმებისა და წინადადებების გამოყენება. ამგვარი „დაჭუჭყიანება“ ენისა, ცხადია, გამოწვეულია გლობალიზაციის ტენდენციებით, რაც ხელს უწყობს უცხო სიტყვების შემოჭრას ენაში, აგრეთვე, სოციალური ქსელების ენის მზარდი პოპულარობითა და მედიის მიერ გამოყენებული მეტყველების არასწორი ფორმების გავრცელებით...
ქართული ენის მოფრთხილების პოლიტიკა
ქართული ენის დაცვა სახელმწიფო პოლიტიკის უპირველეს ამოცანად უნდა იქნას განსაზღვრული. მნიშვნელოვანია, მხარდაჭერა გამოეცხადოს შესაბამისი სახელმძღვანელოებისა და წიგნების (ბეჭდური, ელექტრონული თუ აუდიო) შექმნასა და გავრცელებას. აღნიშნული კამპანია უნდა იყოს მუდმივი და არა - ერთჯერადი, გამოირჩეოდეს შესაბამისი მიზანდასახულობითა და სიმწყობრით. ამ თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს სასკოლო და საუნივერსიტეტო პროგრამებს, როგორც მთავარ პროპაგანდისტულ პლატფორმას. ქართული ენის, როგორც კომუნიკაციის მთავარი საშუალების, შესწავლა სავალდებულო უნდა იყოს საქართველოში მცხოვრები უცხოელებისათვის.
საუბრის ბოლოს, - ჩვენმა რესპონდენტმა, პროფესორმა ირმა რატიანმა გამოთქვა სურვილი, გაიზარდოს ენობრივი სტანდარტების კონტროლი და მეტი ყურადღება დაეთმოს ქართული ენის პოპულარიზაციას, მათ შორის, ციფრულ სივრცეში.
სოსო გაზდელიანი
ლიკა ზამბახიძე
სხვა განცხადებები
აპრილი 22, 2026
08:00 AM
NEXUS - ახალი სამეცნიერო პერიოდული გამოცემა მასობრივი კომუნიკაციის დარგში
მასობრივი კომუნიკაციის დარგში შეიქმნა ახალი პერიოდული სამეცნიერო გამოცემა: „NEXUS - მასობრივი კომუნიკაციისა და სტრატეგიული ნარატივების ჟურნალი“, რომელმაც საქართველოში ორ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ამ მიმართულებით არსებული სიცარიელე შეავსო. 2026 წლის პირველი ნომერი დაინტერესებული პირებისთვის უკვე ხელმისაწვდომია როგორც ბეჭდური სახით, ისე — ონლაინფორმატში.
თებერვალი 05, 2026
08:00 AM
სოციალური რეკლამა - პროპაგანდა საზოგადოების სასარგებლოდ
რეკლამის კეთილშობილური ფორმა და პროპაგანდა საზოგადოების სასარგებლოდ, - ეს სოციალური რეკლამაა.
დეკემბერი 18, 2025
10:00 AM
მსოფლიო მედიაბრენდის ლოკალური ბიუროს მაუწყებლობის სპეციფიკა
საერთაშორისო მედიაბრენდის ადგილობრივი ბიურო მნიშვნელოვანი რგოლია, რომელიც ლოკალურ საინფორმაციო სივრცეს გლობალურ ქსელთან აკავშირებს. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, იგი უზრუნველყოფს მოვლენების სანდო, დაბალანსებულ და კონტექსტზე დაფუძნებულ გაშუქებას. ამცირებს ზედაპირული ინტერპრეტაციების რისკს და აძლიერებს მედიისადმი ნდობას.