„ბავშვების ხმა მედიაში უფრო ძლიერად უნდა ისმოდეს“ - ინტერვიუ მაია ქურციკიძესთან

ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ყველაზე დაუცველი და, ამავდროულად, განსაკუთრებული უფლებებით შეიარაღებული ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები, ბავშვები შეადგენენ.
განვითარებისა და ჩამოყალიბების პროცესში მყოფ არასრულწლოვნებს, როგორც წესი, არ შეუძლიათ საკუთარი თავის დაცვა. მარტივია მათთვის ზიანის მიყენება. ამ ასაკში მიღებულმა ნეგატიურმა ემოციებმა და ტრავმებმა, შესაძლოა, მთელ მათ ცხოვრებაზე იქონიოს გავლენა, ვინაიდან ადამიანთა პიროვნული და ფიზიოლოგიური ნიშან-თვისებები სწორედ ამ პერიოდში ვითარდება.
ბავშვთა სოციალიზაციის საკითხში მედია მნიშვნელოვან როლს თამაშობს, - თემაზე ვრცლად გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი, მაია ქურციკიძე გვესაუბრება.
ბავშვის უფლებათა კონვენცია
მნიშვნელოვანი საერთაშორისო დოკუმენტი ბავშვის უფლებების შესახებ არის ბავშვის უფლებათა კონვენცია, რომელიც მოიცავს ადამიანის უფლებათა ფართო სპექტრს სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური უფლებების ჩათვლით. კონვენცია იცავს ბავშვის უფლებებს; აწესებს სტანდარტებს ჯანმრთელობის დაცვაში, განათლებაში, იურიდიული, სამოქალაქო და სოციალური დაცვის სფეროში.
ბავშვის უფლებათა კონვენციასთან მიერთებით მსოფლიოს ქვეყნებმა ვალდებულება აიღეს, დაეცვათ ბავშვის უფლებები და ანგარიშვალდებულნი გამხდარიყვნენ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე.
მართალია, კონვენციის განხორციელებაზე ვალდებულება სახელმწიფოს აქვს აღებული, თუმცა ბავშვთა უფლებების დასაცავად საჭიროა, ამ პროცესში აქტიურად ჩაერთოს საზოგადოების ყველა სექტორი და, რა თქმა უნდა, თავად ბავშვები.
ბავშვის უფლებათა კოდექსი
2019 წელს საქართველოს პარლამენტმა, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი - „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, რომელიც ძალაში 2020 წლის პირველ სექტემბერს შევიდა. აღნიშნული კოდექსი არის პირველი საკანონმდებლო აქტი, რომელიც ერთ დოკუმენტში აერთიანებს ბავშვის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, ადგენს მათი დაცვისა და რეალიზების პრინციპებს, სტანდარტებსა და ინსტიტუციურ გარანტიებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა პარლამენტის, მთავრობის, მუნიციპალიტეტების, ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ყველა პროფესიონალის, სხვა საჯარო და კერძო პირებისთვის.
კოდექსი მოიცავს ისეთ საკითხებსა და მიმართულებებს, რომლებიც დღემდე არცერთი სხვა კანონით არ არის მოწესრიგებული ან მოწესრიგებულია მხოლოდ ნაწილობრივ. მათ შორის, აღსანიშნავია კოდექსის ის დებულებები, რომლებიც ეხება ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და დაცვის, მსხვერპლთა დახმარების და რეაბილიტაციის, ოჯახის მხარდაჭერის, ალტერნატიული ზრუნვის, უვნებელ გარემოში ცხოვრების, ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების საკითხებს.
კოდექსი ადგენს ოთხ ფუძემდებლურ პრინციპს, რომელიც უნდა გახდეს ბავშვის ყველა სხვა უფლებისა და თავისუფლების რეალიზების პირობა და გარანტი ყველა სფეროში. ესენია: ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინება, ბავშვის მონაწილეობა, ბავშვის სიცოცხლის, გადარჩენისა და განვითარების უფლება და დისკრიმინაციის დაუშვებლობა.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი
კანონთან კონფლიქტში მყოფი, მოწმე და დაზარალებული ბავშვების უფლებებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი (2015) იცავს.
როდესაც ბავშვის უფლებების ეროვნულ საკანონმდებლო ჩარჩოზე ვსაუბრობთ, მოვიაზრებთ როგორც ბავშვის უფლებათა კოდექსს, ისე - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს და მათთან კავშირში მყოფ ეროვნულ კანონმდებლობას, რომელიც, კოდექსებთან და კანონებთან ერთად, ასევე გულისხმობს კანონქვემდებარე აქტებს, შესაბამის დამტკიცებულ დოკუმენტებს, წესებსა და ნორმებს.
ბავშვები უნდა იცნობდნენ თავიანთ უფლებებს...
ბავშვის უფლებათა კონვენციამ შემოიტანა ბავშვის სრულიად ახალი აღქმა. ბავშვები უნდა იცნობდნენ თავიანთ უფლებებს, რათა შეძლონ საკუთარი აზრის გამოხატვა, მხარდაჭერის თხოვნა, საკუთარი უფლებების დაცვა. ბავშვი არ არის არც მშობლის და არც სახელმწიფოს საკუთრება. სხვებთან მიმართებით მათ თანაბარი უფლებები აქვთ.
არ გვაქვს კვლევა, რომლის საფუძველზეც ვიმსჯელებდით იმაზე, თუ რამდენად იცნობენ ბავშვები თავიანთ უფლებებს, თუმცა, ჩვენი დაკვირვებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბავშვები ახლა უფრო მეტად იცნობენ საკუთარ უფლებებს, ვიდრე - ადრე.
ასევე მნიშვნელოვანია, ბავშვთა უფლებებს კარგად იცნობდნენ უფროსებიც. აღნიშნულის მხარდასაჭერად, გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით, შეიქმნა ბავშვთა უფლებების ცენტრები, რომლებიც არასრულწლოვანთა უფლებებზე სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტების, სამოქალაქო ორგანიზაციების, სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლების, მშობლებისა და ბავშვების ინფორმირებულობას უწყობს ხელს.
ბავშვები მედიის ობიექტივში
ჟურნალისტი საზოგადოების თვალი, ყური და ხმაა. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ ბავშვთა ინტერესების გაშუქებას ან, თუნდაც, უგულებელყოფას შეუძლია, ზემოქმედება მოახდინოს ბავშვებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებასა და, ზოგადად, საზოგადოების დამოკიდებულებაზე მათ მიმართ.
ამიტომაც მნიშვნელოვანია: მედიაში ბავშვთა საკითხების სიღრმისეული წარმოჩენა და გაანალიზება: პრობლემების სააშკარაოზე გამოტანა, საზოგადოებაში ბავშვთა საკითხების გააქტიურება, მათთან დაკავშირებული ნიუანსების გათვალისწინება ჩვეულებრივი ამბების გაშუქების დროსაც.
ბავშვის უფლებათა კონვენციის თანახმად, მედიამ უნდა:
- უზრუნველყოს ბავშვები სოციალური და კულტურული ღირებულების მქონე მასალითა და ინფორმაციით;
- დაიცვას ისეთი ინფორმაციისაგან, რომელიც საზიანო იქნება ბავშვისათვის;
მისცეს ბავშვს საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება; - მიაწოდოს საზოგადოების ინფორმაცია ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ზოგადი დაკვირვებით, ქართულ მედიაგარემოში კვლავაც პრობლემად რჩება ისეთი თემების სიღრმისეულად გაშუქება, რომლებიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბავშვების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ხშირია ბავშვების წარმოჩენა, როგორც მსხვერპლი ან გულუბრყვილო და საყვარელი არსებები. არის შემთხვევები, როდესაც ძირითადი ყურადღება ეთმობა სენსაციასა და სკანდალს. ხშირია კანონთან კონფლიქტში მყოფი ან ძალადობისა და სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი ბავშვების ვინაობის ირიბი იდენტიფიცირების ფაქტები.
ბავშვთა საკითხებთან დაკავშირებული ნორმებისა და სტანდარტების გაუმჯობესების მიზნით, გაეროს ბავშვთა ფონდი მედიასთან წლების განმავლობაში მჭიდროდ თანამშრომლობდა. იუნისეფის დახმარებით, უმაღლეს სასწავლებლებში ჟურნალისტიკის მიმართულებაზე დაინერგა ბავშვთა საკითხების გაშუქების სასწავლო კურსი. გარდა ამისა, ფონდი თანამშრომლობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან და ბავშვთა საკითხების გაშუქების თემაზე არაერთი სემინარი თუ დისკუსია ჩატარებულა. ამასთან, ჟურნალისტებისთვის მომზადდა სახელმძღვანელო მითითებებიც.
აქვე ყურადღებას გავამახვილებ იმაზეც, რომ მნიშვნელოვანია, ქართულ მედიასივრცეში უხვად არსებობდეს შემეცნებითი გადაცემები სხვადასხვა ასაკის ბავშვებისათვის, გადაცემები ახალგაზრდებისათვის, სადაც ისინი შეძლებენ მათთვის რელევანტურ საკითხებზე მსჯელობას, დისკუსიას, ერთმანეთისთვის საკუთარი მოსაზრებების გაზიარებას.
საუბრის ბოლოს, - როგორც ჩვენმა რესპონდენტმა, მაია ქურციკიძემ აღნიშნა, აუცილებელია, ბავშვების ხმა მედიაში უფრო ძლიერად ისმოდეს, განსაკუთრებით კი იმ საკითხებზე, რომლებიც მათ ეხებათ.
სოსო გაზდელიანი
სხვა განცხადებები
მაისი 04, 2026
12:00 PM
სიტყვიდან ემოციამდე - გახმოვანების ხელოვნება
ხმა კომუნიკაციის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია. ის ატარებს ტონს, განწყობას, ხასიათს და ხშირად იმაზე მეტსაც, ვიდრე - თავად სიტყვები. გახმოვანება მხოლოდ ტექსტის წაკითხვა არ არის - ესაა აზრის, ემოციისა და განწყობის გადმოცემა ხმოვანი ინტერპრეტაციით.
აპრილი 22, 2026
08:00 AM
NEXUS - ახალი სამეცნიერო პერიოდული გამოცემა მასობრივი კომუნიკაციის დარგში
მასობრივი კომუნიკაციის დარგში შეიქმნა ახალი პერიოდული სამეცნიერო გამოცემა: „NEXUS - მასობრივი კომუნიკაციისა და სტრატეგიული ნარატივების ჟურნალი“, რომელმაც საქართველოში ორ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ამ მიმართულებით არსებული სიცარიელე შეავსო. 2026 წლის პირველი ნომერი დაინტერესებული პირებისთვის უკვე ხელმისაწვდომია როგორც ბეჭდური სახით, ისე — ონლაინფორმატში.
აპრილი 14, 2026
01:00 PM
„ენა ეროვნული თვითმყოფადობის საფუძველია“ - ინტერვიუ ირმა რატიანთან
14 აპრილი დედა ენის დღეა. 48 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, ქართველმა ერმა გააცნობიერა, რომ მშობლიური ენა იდენტობის შენარჩუნებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის აუცილებელი იარაღია და ეს საგანძური დაკარგვისა და გაქრობის რეალური საფრთხის წინაშე იდგა.