„ამბები, რომლებსაც ბიზნესჟურნალისტიკა აერთიანებს, ყველას გვეხება“ - სოფიო ოხანაშვილი

ბიზნესი და ეკონომიკა, - სფეროები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას განსაზღვრავს. ბიზნესჟურნალისტიკა აღნიშნული თემების სადარაჯოზე და ამბები, რომლებიც ყველას გვეხება.
ბიზნესგადაცემების მნიშვნელობა ციფრულ სამყაროში და მისი ადგილი თანამედროვე მედიასივრცეში, - თემაზე ვრცლად ჟურნალისტი სოფიო ოხანაშვილი გვესაუბრება.
ბიზნესის, სახელმწიფოსა და საზოგადოების „შეხვედრის“ პლატფორმა
თანამედროვე ბიზნესჟურნალისტიკა მხოლოდ კონკრეტულ სამიზნე აუდიტორიაზე არ არის ორიენტირებული, დღეს ის ბევრად უფრო ფართო მასებს იკრებს. ბიზნესგადაცემები ეკონომიკურ რეალობასა და საზოგადოებას შორის ერთგვარ ხიდს წარმოადგენს. ეკონომიკური პროცესები, გადაწყვეტილებები, საკანონდებლო ცვლილებები, ერთი შეხედვით, თითქოს განყენებული თემებია და სოციუმის მხოლოდ მცირე ნაწილს ეხება, სინამდვილეში კი ასე არ არის, - ყოველივე ზემოთქმული თითოეულ ჩვენგანზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. საზოგადოების წევრებს მუდმივად ესაჭიროებათ იმის ახსნა, თუ რასთან აქვთ საქმე, რა სახის გავლენა შეიძლება იქონიოს ამა თუ იმ ბიზნესგადაწყვეტილებამ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე - იქნება ეს ფასები, სამუშაო ადგილები, ინვესტიციები, ინოვაციები თუ სხვა.
ბიზნესჟურნალისტიკა და ამ პროფილის გადაცემები ხელს უწყობს ფინანსურ განათლებას და ამაღლებს ბიზნესგარემოს გამჭვირვალობას. პრაქტიკულად, ეს არის პლატფორმა, სადაც ბიზნესი, სახელმწიფო და მოქალაქე ერთმანეთს ხვდება.
თემები ბიზნესგადაცემის ფოკუსში
ბიზნესგადაცემას, ისევე, როგორც, ზოგადად, მედიას, საზოგადოების ინტერესების პულსზე უდევს ხელი. ინტერესები ცვალებადია გამოწვევების, აქტუალურობის, პოლიტიკური ვითარებისა და ბევრი სხვა ფაქტორის გათვალისწინებით. სწორედ ის განსაზღვრავს ჩვენი გადაცემის მთავარ თემასაც. არსებობს მუდმივად აქტუალური საკითხებიც, მაგალითად: ლარის კურსი, შრომის ბაზარი, დასაქმება, ხელფასები, უძრავი ქონების ბაზარი, ფასები და ა.შ. ბიზნესგადაცემის ფოკუსში, ასევე, ხვდება: ახალი ინვესტიციები და პროექტები; მცირე და საშუალო ბიზნესი, მათი წარმატების ისტორიები; რეგულაციები და მათი გავლენა ბიზნესზე; ბიზნესტრენდები, ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია; საგადასახადო და საბანკო პოლიტიკის ცვლილებები... აგრეთვე, ტექნოლოგიები და, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ხელოვნური ინტელექტი - მისი გავლენა ეკონომიკასა და ბიზნესზე.
საზოგადოებას სჭირდება და აინტერესებს ყველაფერი, რაც მასზე გავლენას ახდენს ან მოახდენს, ამიტომ ბიზნესგადაცემის ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ისაა, რომ ძალიან დიდი და ზოგადი თემები ისე გააშუქოს, რომ მაყურებელმა ნათლად დაინახოს, რა შედეგის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს ესა თუ გადაწყვეტილება. აუდიტორია ითხოვს პრაქტიკულ და ყოველდღიურ რეალობაზე დაფუძნებულ ინფორმაციას.
დაგეგმვიდან ეთერამდე
ჩემი გადაცემა ეთერში კვირაში ერთხელ გადის. ქრონომეტრაჟი 15-17 წუთია ანუ საკმაოდ მცირე. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ამბავი ეთერში ვერ მოხვდება, ამიტომ თემებს იმაზე დიდი ყურადღებით ვარჩევ, ვიდრე ამას ყოველდღიური გადაცემის დროს ვაკეთებდი. ყოველკვირეულ ეთერს თავისი სპეციფიკა აქვს. აკვირდები მოვლენებს და არჩევ ყველაზე მნიშვნელოვანს, როგორც მიმდინარე პროცესებიდან, ასევე, იმ თემებიდან, რომლებიც შენი აუდიტორიისთვის იქნება საინტერესო.
პირდაპირი ეთერის დასრულებისთანავე ვიწყებ მონიტორინგს, ვაკვირდები პროცესებს, თვალყურს ვადევნებ მიმდინარე ეკონომიკურ და ბიზნესმოვლენებს (პოლიტიკურ პროცესებს), ვეცნობი სიახლეებს, ოფიციალური უწყებების განცხადებებს, ვუყურებ საინფორიმაციო გამოშვებებს... საერთო ჯამში, მოსამზადებელი ეტაპი საკმაოდ კომპლექსურია.
გადაცემამდე ორი დღით ადრე ვარჩევ თემას, რომელსაც, სტუმართან ერთად, პირდაპირ ეთერში განვიხილავ. არასდროს მაქვს მხოლოდ ერთი საკითხი შერჩეული, რადგან ასეთ შემთხვევაში ყოველთვის არის რისკი, რომ შესაბამისმა რესპონდენტმა გადაცემაში სტუმრობისთვის ვერ მოიცალოს, ამიტომ უნდა გქონდეს სათადარიგო გეგმა.
მას შემდეგ, რაც თემას შევარჩევ და სტუმარსაც შევითანხმებ, ვიწყებ საკითხის სიღრმისეულად დამუშავებას, ვიკვლევ სტატისტიკას, სექტორის მონაცემებს. არსებობის შემთხვევაში, ვეცნობი შესაბამის მედიაკონტენტს. ვცდილობ, ამბავი ყველა მხრიდან დავინახო. საჭიროებისამებრ, ექსპერტებთან კონსულტაციებს გავდივარ. ვიყენებ ხელოვნურ ინეტელექტსაც, რის საფუძველზეც საინტერესო მიგნებებიც მქონია.
საკითხის დამუშავების შემდეგ ვწერ შესავალს, შეკითხვებს და თემის განვითარების თანმიმდევრობას, რომელიც ეთერის დროს, გადაცემის მსველობისას, რა თქმა უნდა, შესაძლოა, შეიცვალოს, რადგანაც ინტერვიუ ძალიან ცოცხალი პროცესია. სტუმრის ბლოკი ჩემი გადაცემის მთავარი ღერძია. გვაქვს, აგრეთვე, მოკლე ინფორმაციები ბიზნესისა და ეკონომიკის შესახებ. ტექსტებზე მუშაობის დასრულების შემდეგ, ყველა ამბავს ვურჩევ სათაურს და შემყავს სპეციალურ პროგრამაში. ასევე, ივსება რესპონდენტების გრაფებიც.
ტექნიკური საკითხების დარსულებისთანავე, მემონტაჟესთან ვათანხმებ და ვამუშავებ გადასაფარ ვიზუალურ მასალებს: ვიდეოსა და გრაფიკებს. მათი ატვირთვის შემდეგ, გადაცემა ეთერში გასასვლელად მზად არის.
ბიზნესი და ეკონომიკა ყველასთვის გასაგებ ენაზე
ვცდილობ, ეთერის მსვლელობისას რთული ტერმინები არ გამოვიყენო. თუ მაინცდამაინც საჭიროა, რომელიმეს ხსენება, აუცილებლად განვმარტავ, რას ნიშნავს და რაზე ახდენს გავლენას. ასეთ დროს მაგალითების მოყვანა საუკეთესო გზაა.
ბიზნესგადაცემამ შესაძლოა, შემოიკრიბოს როგორც პროფილური, ისე მასობრივი აუდიტორია, შესაბამისად, ამბები ყველასთვის გასაგებ ენაზე უნდა მოჰყვე. მაყურებელმა, რომელიც იმ კონრეტულ მომენტში მიყურებს, კარგად უნდა გაიგოს, რაზე და რატომ ვსაუბრობ.
ბიზნესჟურნალისტიკის ოქროს შუალედი
ყველაზე დიდი გამოწვევა წყაროთა ხელმისაწვდომობა და დროა. მედიისთვის ყოველი წუთი ძვირფასია. ამ საკითხთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ჟურნალისტები, ექიმების შემდეგ, ყველაზე მგრძნობიარენი ვართ. ჩვენთვისაც ხშირად წამებს აქვს მნიშვნელობა.
ე.წ. „ფეიკნიუსი“, ზოგადად, მედიის ერთ-ერთი არსებითი გამოწვევაა. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მონაცემების, არამედ წყაროს გადამოწმებაც.
ბიზნესგადაცემისთვის გამოწვევაა ოქროს შუალედის დაცვაც - ერთი მხრივ, მიაწოდო საზოგადოებას ინფორმაცია, მოჰყვე წარმატებული ბიზნესისტორია, მეორე მხრივ კი, სულ უნდა გახსოვდეს, რომ ეს ჟურნალისტური პროდუქტია და არა სარეკლამო მასალა.
ზღვარი ბიზნესჟურნალისტიკასა და რეკლამას შორის
რეკლამა რომელიმე კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის მხოლოდ დადებით მხარეებზე მოგვითხრობს, ხასიათდება აღმატებითი შეფასებებით. მისი მიზანიც ისაა, რომ მოგვაწონოს ნივთი ან მომსახურება და დაგვარწმუნოს მის უნიკალურობაში.
ჟურნალისტური მასალა არასდროსაა ცალმხრივი, პროდუქტს/სერვისს მხოლოდ ერთი მხრიდან არ უყურებს. არც მისი ტონია აღმატებითი. ის არ ცდილობს, რამე მოგვაწონოს და, მით უმეტეს, დაგვარწმუნოს. ჟურნალისტური პროდუქტის მიზანია, ამომწურავი ინფორმაცია მოგვაწოდოს, ყველა მხრიდან დაგვანახოს ფაქტი თუ მოვლენა, დასვას ის კითხვები, რომლებიც ჩვენ არ გაგვჩენია, ან გაგვჩენია... სხვა კუთხიდან შეგვახედოს, გვაჩვენოს გამოწვევები, ხანდახან - რისკებიც.
სარეკლამო მასალის მიზანი პროდუქტის ან სერვისის გაყიდვაა. ჟურნალისტური მასალის კი – ობიექტური ინფორმაციის მიწოდება, კრიტიკული ანალიზი და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვაა.
ჩვენს გადაცემას აწერია, რომ კომერციულ ელემენტებსაც შეიცავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. მაყურებელმა ამის შესახებ წინასწარ, ღიად უნდა იცოდეს.
დილემები ბიზნესჟურნალისტიკაში
კონფლიქტი სარეკლამო შემოსავალსა და სარედაქციო დამოუკიდებლობას შორის; კომპანიის ინტერესები VS საზოგადოებრივი ინტერესი; ინფორმაციის დროული გამოქვეყნება VS გადამოწმება; კორპორაციული ზეწოლა რესპონდენტების მხრიდან, - პროფესიონალიზმი სწორედ ამ დილემების სწორად მართვაში ვლინდება. შენარჩუნებული უნდა იყოს ჟურნალისტის დამოუკიდებლობა და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა.
საუბრის ბოლოს, - ჩვენმა რესპონდენტმა, სოფიო ოხანაშვილმა ჟურნალისტისთვის აუცილებელ პროფესიულ უნარ-ჩვევებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ნებისმიერი მიმართულების ჟურნალისტი, პირველ რიგში, აუდიტორიის, მაყურებლის წინაშე უნდა იყოს მართალი. მისივე თქმით, საზოგადოების ნდობაა სწორედ ის ჯილდო და დიდი მონაპოვარი, რომელიც ჟურნალისტებს შეიძლება, ჰქონდეთ.
სოსო გაზდელიანი
სხვა განცხადებები
მაისი 04, 2026
12:00 PM
სიტყვიდან ემოციამდე - გახმოვანების ხელოვნება
ხმა კომუნიკაციის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია. ის ატარებს ტონს, განწყობას, ხასიათს და ხშირად იმაზე მეტსაც, ვიდრე - თავად სიტყვები. გახმოვანება მხოლოდ ტექსტის წაკითხვა არ არის - ესაა აზრის, ემოციისა და განწყობის გადმოცემა ხმოვანი ინტერპრეტაციით.
აპრილი 22, 2026
08:00 AM
NEXUS - ახალი სამეცნიერო პერიოდული გამოცემა მასობრივი კომუნიკაციის დარგში
მასობრივი კომუნიკაციის დარგში შეიქმნა ახალი პერიოდული სამეცნიერო გამოცემა: „NEXUS - მასობრივი კომუნიკაციისა და სტრატეგიული ნარატივების ჟურნალი“, რომელმაც საქართველოში ორ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ამ მიმართულებით არსებული სიცარიელე შეავსო. 2026 წლის პირველი ნომერი დაინტერესებული პირებისთვის უკვე ხელმისაწვდომია როგორც ბეჭდური სახით, ისე — ონლაინფორმატში.
აპრილი 14, 2026
01:00 PM
„ენა ეროვნული თვითმყოფადობის საფუძველია“ - ინტერვიუ ირმა რატიანთან
14 აპრილი დედა ენის დღეა. 48 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, ქართველმა ერმა გააცნობიერა, რომ მშობლიური ენა იდენტობის შენარჩუნებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის აუცილებელი იარაღია და ეს საგანძური დაკარგვისა და გაქრობის რეალური საფრთხის წინაშე იდგა.