ინსტიტუციურად განსაზღვრული, წამყვანის მიერ კონტროლირებადი, მონაწილეების მიერ ფორმაქმნილი და აუდიტორიის მიერ შეფასებული პროგრამა - ეს ტოქშოუა, რომელიც საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებზე მსჯელობას, დისკუსიებს, დამსწრე აუდიტორიის გადაცემაში მონაწილეობის შესაძლებლობას ითვალისწინებს. მას არ აქვს სცენარი, თუმცა აუცილებლად დაგეგმილია. ტოქშოუში მთავარი ფიგურა წამყვანია. მასზეა დამოკიდებული გადაცემის მსვლელობა და მოვლენების განვითარება.
CIU მულტიმედია ცენტრი, მედიასკოპის ფარგლებში, ტოქშოუს სპეციფიკაზე ვრცელ ინტერვიუს გთავაზობთ. ჩვენი რესპონდენტი, ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძეა. მისი თქმით, ტოქშოუ კეთილ საქმეს უნდა ემსახურებოდეს.
ტოქშოუს მნიშვნელობა თანამედროვე მედიასივრცეში
ტოქშოუ თანამედროვე მედიასივრცეში აუცილებლად უნდა ემსახურებოდეს ადამიანის ცნობიერების ამაღლებას, მენტალიტეტის ჩამოყალიბებას, ინფორმირებულობასა და განტვირთავს. დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ არის გადაცემის ავტორი და წამყვანი, რადგან მან მაყურებელს კონკრეტული მიმართულება უნდა შესთავაზოს.
ამ ტიპის მედიაპროდუქტის აუდიტორია მასობრივია. ტოქშოუებს უყურებენ ბავშვები, მოზარდები, შუახნის ადამიანები, მოხუცები და, ვფიქრობ, გადაცემაში ისეთ თემებზე უნდა იყოს საუბარი, რომლებშიც მთავარი ადამიანია, იქნება ეს ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის თუ, შედარებით, მცირე მასშტაბის. მთავარია, ტოქშოუ კეთილ საქმეს ემსახურებოდეს.
ეთერამდე
თავიდან, როცა რაღაც ახალს იწყებ, ბევრი რამის გჯერა. მქონდა იდეა, რომ მემუშავა ცოტა უცნაურ, შეიძლება ითქვას, უცხო და ზოგადფილოსოფიურ საკითხებზე. მალევე მივხვდი, რომ მსგავსი თემატიკა არავის სჭირდებოდა, ავდექი და გადავერთე შემეცნებით-გასართობ მიმართულებაზე. მგონია, რომ სახალხო ვარ: დღესაც დავდივარ ბაზრობებზე, ვხვდები ადამიანებს, ერთი სიტყვით, ქუჩისა ვარ. მიყვარს ხალხთან საუბარი და სულ მგონია, რომ მართლა ვაკეთებ იმას, რაც მაყურებელს აინტერესებს. რეიტინგიც, ალბათ, ამაზე მეტყველებს.
სამუშაო ჯგუფში სულ რვა ადამიანი ვართ, ყველას თანაბარი პოზიცია გვაქვს. ახალ გადაცემაზეც ერთიანი ძალებით ვიწყებთ ფიქრს: განვიხილავთ თემებს, რის გარშემოც შემდეგ თითოეული თავის აზრს გამოთქვამს. იმისთვის, რომ ყველა ასპექტი იყოს გათვალისწინებული, ასეთი გუნდურობა მსგავსი ტიპის გადაცემისთვის ხშირად გადამწყვეტ როლს ასრულებს.
გადაცემისთვის ვარჩევთ ისეთ თემებს, რომლებიც ყველას გვაწუხებს: ესაა შური, მიმბაძველობა და ა.შ. ასევე, თემები, რომლებიც ყოველთვის აქტუალურია: მეგობრობა, მშობლები, ადამიანები და მათი ცხოვრების საინტერესო ეპიზოდები. მუდმივად მიდევს ხელი ჩემი მაყურებლის პულსზე და ვცდილობ, მათი ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედო.
„მოუსმინე, ოღონდ მართლა!“ - ურთიერთობა რესპონდენტებთან
ხალხს ინტუიციით ვარჩევ. რესპონდენტებთან საუბრისას ხშირად მქონია განცდა, რომ ჩემი არ არის. წლების განმავლობაში ამ მიმართულებით ძალიან დიდი პრაქტიკა დამიგროვდა, უკვე წინასწარ ვგრძნობ, ვინ რას იტყვის, სად რა კვანძები გაიხსნება.
კითხვებს, რომლებიც რესპონდენტთან საუბრის დროს მიჩნდება, ხშირად ჩემს მაყურებელს ვაბრალებ, რადგან მრავალწლიანმა პრაქტიკამ ისიც მოიტანა, რომ უკვე გარკვევით მესმის, რას ამბობს ის ეკრანს მიღმა. გარკვეული წლების განმავლობაში ვიყავი პირადი ფსიქოლოგი და ვიღებდი პაციენტებს. მინდა გითხრათ, რომ ეს გამოცდილება ძალიან დამეხმარა ამ პროფესიაში. ადამიანი, რომელსაც უჭირს გახსნა და საუბრის დაწყება, კარგად ვიცი, რა გზებით უნდა მივუდგე, ამბავი რომ მოჰყვეს.
თამამად ვიტყვი, - ჩემი პრაქტიკის განმავლობაში ვერცერთი ადამიანი გაიხსენებს, რომ ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენე ან გული ვატკინე. როდესაც მთხოვენ, რაღაც საკითხი ამოვიღო, მე ამას ვასრულებ. სულ მინდა, რომ ადამიანები ბედნიერები იყვნენ. გამოვდივარ მათი ინტერესებიდან და შესაბამისად ვმოქმედებ.
ჩვენს სფეროში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, როცა ჟურნალისტი სვამს კითხვას და შემდეგ უხდება „მინის თვალები“, აღარ აინტერესებს, რას პასუხობს რესპონდენტი. პირადად მე, როცა სტუმარი მპასუხობს, გული სწრაფად მიცემს, ის რომ ღელავს, მეც ვღელავ. მინდა, რომ კარგი ინტერვიუ შედგეს და დადებითად წარმოჩინდეს.
ლავირება კონტრასტულ თემებს შორის
არ მიჭირს ლავირება. ერთ მაგალითს გეტყვით: ერთ-ერთ გადაცემაში მყავდა სტუმარი, რომელიც თავისი ოჯახის საზარელ ტრაგედიაზე გვიამბობდა. მისი შემხედვარე მეც ვტიროდი, მაგრამ ინტერვიუს დასასრულს ორივე ვიცინოდით. ამით იმის თქმა მინდა, რომ საუბარი შეიძლება ისეთ თემებზე გაგრძელდეს, რომ სევდიანი ნოტა მხიარულში გადაიზარდოს და პირიქით.
„ჩამოგიტანეთ სითბო“ - გადაცემა ემიგრანტებზე
ემიგრანტებს ყველა იმ ქვეყანაში ვხვდები, სადაც ჩავდივარ. მათთან შეხვედრა ძალიან ემოციურია. როდესაც ემიგრანტების გვერდით ვდგავარ, წარმოვიდგენ, როგორ უყურებენ ოჯახის წევრები, მონატრებული ადამიანები და ეს ბედნიერს მხდის. ძალიან ბევრი წარმატებული ადამიანია. რასაკვირველია, არის წვალებაც, ზოგჯერ ისეთ რამეებს მეუბნებიან, თვეობით მახსოვს. ძირითადად, საზეიმო დღესასწაულებზე ჩავდივარ და სცენაზე გასვლისას ვეუბნები: „ჩამოგიტანეთ სითბო!“ და ეს მართლაც ასეა.
ვფიქრობ, მსგავსი გადაცემებით ერთგვარი ხიდი იქმნება ემიგრაციაში წასულ და საქართველოში დარჩენილ ადამიანებს შორის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
„როცა ერთი რესპონდენტი საუბრობს, ვაკვირდები ყველას“ - წამყვანის როლი
ჩემს გადაცემაში ერთი თემის გარშემო ხშირად სხვადასხვა პოზიციის მქონე ადამიანი იყრის თავს, ცხადია, რთულია ასეთ დროს ყველას მართვა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ვახერხებ. როცა ერთი რესპონდენტი საუბრობს, ვაკვირდები ყველას. თუკი იქ ვიღაც აგრესიულ პროტესტს გამოთქვამს, სახეზე მარტივად ეტყობა, შესაბამისად, ვცდილობ პასუხის გაცემის შესაძლებლობა შედარებით ნეიტრალურს მივცე. აგრესიულ რესპონდენტს კი სხვა ადამიანს ვუსადაგებ. ვლავირებ იქვე, მყისიერად.
რაც უნდა ნიჭიერი იყო, თუკი არ გაქვს ადამიანთან და, ზოგადად, საზოგადოებასთან ურთიერთობის დიპლომატია, არაფერი გამოვა.
ჩემი უფროსი - მაყურებელია!
ჩემს ყველა გადაცემას ვამთავრებ ფრაზით: გემშვიდობებით მომავალ ხუთშაბათამდე, მიყვარხართ! ამ სიტყვების წარმოთქმისას არ ვიტყუები, მართლა ძალიან მიყვარს ჩემი მაყურებელი. ისინი ჩემი უფროსები არიან, მიყურებენ და იწერება რეიტინგი, რაც გადაცემას უკვე მრავალი წელია, ასულდგმულებს.
მაყურებელთან უკუკავშირი მნიშვნელოვანია: პერსონალურ სივრცეშიც ყველას ვპასუხობ. ვფიქრობ, ეს კომუნიკაცია აუცილებლად ორმხრივი უნდა იყოს. ამ გზით ვიღებ მაყურებლისგან სიყვარულს და ეს მჭიდრო ურთიერთობა ახალი თემების მოფიქრებაშიც მეხმარება.
ყველა იტყუება, ვინც ამბობს, რომ არ აინტერესებს, რას იტყვის ხალხი მასზე. მე ყოველთვის ვინტერესდები, როგორი დამოკიდებულება აქვს ჩემს მაყურებელს. შეიძლება წავაწყდე ცუდ კომენტარებსაც, თუმცა მათიც მესის. ხომ შეიძლება, სწორედ ეს ანიჭებდეს ზოგიერთ ადამიანს ბედნიერებას.
მარტივად და გასაგებად!
ჩემი გადაცემა არ არის გლამურული. მინდა, ყველასთვის გასაგებ და მარტივ ენაზე ვისაუბროთ. მხვდებიან სტუმრები, რომლებიც პირდაპირ მეუბნებიან - „ბებიაჩემი მაგას ვერ გაიგებს. მითხარი ბებიის ენაზე“.
იდეალური რესპონდენტები არიან ისინი, ვინც ვერ მომყავს გადაცემაში. ნახევარზე მეტს მე ვერ გავიგებ, ამდენივეს - ჩემი მაყურებელი.
პროფესია უნდა გაბედნიერებდეს!
პირველი - უნდა მოისმინო, ოღონდ მართლა! როდესაც რესპონდენტი პასუხის გაცემას დაიწყებს, ნუ იფიქრებ მეორე კითხვაზე. სიმართლე გითხრათ, კითხვები, რომლებიც წინასწარ მაქვს გამზადებული, არასდროს ვიყურები მასში. ვისმენ, რას მეტყვის ჩემი სტუმარი და შემდეგი კითხვაც მისი პასუხიდან გამომდინარე, ბუნებრივად მიჩნდება.
არ ვხვდები რესპონდენტებს წინასწარ. ბევრი წამყვანი ხშირად მიმართავს ამ პრაქტიკას, გადაცემამდე ხვდება სტუმარს, აყოლებს ამბავს, გადიან ერთგვარ რეპეტიციას და შემდეგ ეკრანზე ვხედავთ ხელოვნურ რეაქციებს. უკვე მოსმენილ ისტორიაზე თავიდან შეცხადება, რასაკვირველია, ბუნებრივი არ იქნება.
ჟურნალისტი უნდა იყოს ღრმა! შეიძლება, ბევრი გქონდეს წაკითხული, მაგრამ თუ სიღრმისეულად არ ფიქრობ რაღაცებზე, მაშინ ყველაფერს ფასი ეკარგება.
აუცილებლად უნდა გიყვარდეს საქმე, რომელსაც აკეთებ და გქონდეს მუდმივი ინტერესი. პირადად მე, როდესაც ჩაწერებზე მივდივარ, ძალიან ბედნიერი ვარ. პროფესია უნდა გაბედნიერებდეს.
თუ შეგიძლია მოსმენა, ამასთან, გაქვს დიდი პასუხისმგებლობა და გიყვარს შენი საქმე, ფაქტობრივად, ნახევარი უკვე გაკეთებულია, დანარჩენი კი პრაქტიკაა.
საუბრის ბოლოს, ჩვენმა რესპონდენტმა, გია ჯაჯანიძემ წარმატების მიღწევის გზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საამისოდ მზა რეცეპტი არ არსებობს, პატარ-პატარა აგურებით შენ თვითონ უნდა შეკრა კედელი.
სოსო გაზდელიანი
ეთიკო შაყულაშვილი