„კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“ - ამ სახელწოდებით სულ მალე ახალი სახელმძღვანელო გამოიცემა, რომელიც სასწავლო კურიკულუმებში ინტეგრირდება. ის სხვადასხვა დაინტერესებულ პირს მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს, რათა კლიმატის ცვლილებისა და გარემოს დაცვის შესახებ ინფორმაცია უფრო ეფექტურად გაავრცელონ.
სახელმძღვანელო ჟურნალისტიკის რესურსცენტრის (JRC), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერითა და შვეიცარიის კომუნიკაციისა და მედიაკვლევების ასოციაციის წევრებთან თანამშრომლობით მომზადდა.
როგორც ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, სასწავლო მოდულის ავტორმა, პროფესორმა ნათია კუპრაშვილმა აღნიშნა, სახელმძღვანელოს გამოცემა როგორც საქართველოში, ისე - აზერბაიჯანსა და სომხეთში, წლის ბოლომდე იგეგმება.
სახელმძღვანელოს გამოცემამდე
სახელმძღვანელოს ქართული ვერსიის შიდა განხილვა დასრულებულია, ამ ეტაპზე შვეიცარიიდან ველოდებით საერთაშორისო ექსპერტიზას, რომელიც თებერვლის დასაწყისში უკვე გვექნება, აღნიშნული თვის ბოლოს კი გადაეცემა ქართულ უნივერსიტეტებს.
მანამდე, მე და ჩვენს ექსპერტს, ნინო ჭალაგანიძეს, გვქონდა შეხვედრა ლექტორებთან სხვადასხვა უნივერსიტეტში და, დაახლოებით, 11 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება უკვე მოლოდინის რეჟიმშია. ნაწილი მათგანი ახალი სახელმძღვანელოს აგროჟურნალისტიკის მოდულთან ინტეგრირებას გეგმავს, ნაწილიც - დამოუკიდებელ არჩევით კურსად შეთავაზებას, ვინაიდან საკმარისად ბევრი მასალაა იმისთვის, რომ ცალკე მოდულადაც ისწავლებოდეს. ეს ყველაფერი სრულად შეესაბამება „იუნესკოს“ მოთხოვნებს.
სახელმძღვანელოს ინგლისურენოვანი ვერსია გადაცემული აქვს სომხურ მხარეს, - ადგილობრივი უნივერსიტეტები და პარტნიორი ორგანიზაციები მუშაობენ, რომ მასში სომხეთის ქეისები ადაპტირდეს. ამავე პროცესებს გადის აზერბაიჯანული მხარეც.
ახალი მოდული სასწავლო კურიკულუმებში - თეორიული მნიშვნელობა
ყოველ აგროსეზონზე თავს იჩენდა პრობლემები, რომლებიც კლიმატის ცვლილებით იყო განპირობებული. რეგიონული დაყოფის კუთხით, ვითარება ძალიან შეიცვალა, - როგორი ტიპის კულტურების მოყვანა არის მიზანშეწონილი კონკრეტულ ტერიტორიაზე ან, იგივე, მეცხოველეობის დარგზე, - რომელი ცხოველები ერგებიან მოცემულ გარემოპირობებს. ადამიანები ხშირად ვერ პოულობენ პასუხებს კითხვებზე, რატომ ემართებათ სხვადასხვა დაავადება, ან რატომ აღარ იზრდებიან მცენარეები.
პირველ რიგში, ჩატარდა კვლევა, რომლითაც დადგინდა, რომ არ იყო კლიმატგონივრული კომუნიკაციის მოდული არა მარტო ჟურნალისტიკის მიმართულებაზე, არამედ, თუნდაც, ტურიზმის სფეროში, - შოვის მაგალითმა გვიჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია კლიმატური კრიზისების სწორი მართვა და კომუნიკაცია როგორც მის დაწყებამდე, ასევე, შემდგომაც.
საკითხის კვალიფიციურად გაშუქებისთვის - პრაქტიკული მნიშვნელობა
მედიას ამ თემებზე მუშაობა უჭირდა, რადგან იყო ხარვეზები ცოდნისა და კომუნიკაციის ნაწილში, რასაც ამოვსება სჭირდებოდა. კრიზისებმა აჩვენა, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესშიც საჭიროა არა მარტო ფართო მასშტაბის, არამედ ისეთი მცირე გადაწყვეტილებების მიღებაც, როგორიცაა: წყლის რესურსების მართვა, წიაღისეულის მოპოვება და სხვ. როდესაც გარკვეული ლიცენზიები გაიცემა, მოსახლეობა ხშირად პროცესს მიღმაა, რაც შეცდომების დაშვების წინაპირობად იქცევა ხოლმე, ვინაიდან ადგილობრივებმა უკეთ იციან, რა შეიძლება გამოიწვიოს კონკრეტულმა გადაწყვეტილებებმა.
აღმოჩნდა, რომ, ბოლო პერიოდში, საქართველოში არაერთი კონფლიქტი წარმოიშვა ადგილობრივი მოსახლეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებების გამო, როგორიცაა, მაგალითად: ბალდის კანიონის კრიზისი, ბახმაროს განაშენიანება, ასევე, პრობლემებია გოდერძის უღელტეხილზე, - იქაც მიმდინარეობს გარკვეული დაგეგმარება და გამოტოვებულია სხვადასხვა პროცესი, რომელიც აზღვევს გადაწყვეტილებებს, რომ ცუდად არ იყოს მიღებული. ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ იმას, რომ მედია ვერ აშუქებს სათანადოდ, არ ტარდება საჯარო განხილვები, რის გამოც ხშირად უხეშად ერევიან გარემოში, ეს კი ანადგურებს ადგილობრივ კულტურებს, მასში არ ვგულისხმობ მხოლოდ რაიმე ტიპის არქიტექტურულ ნაგებობას, მასთან ერთად, შეიძლება მოვიაზროთ, ადგილობრივი წარმოებაც, რომელიც იქ იქმნება.
ძალიან იცვლება გარემო, რომელშიც ადამიანები მანამდე ცხოვრობდნენ. ეს ცვლილება აუცილებლად უკეთესობისკენ უნდა იყოს მიმართული. ბიზნესმენიც იმითაა დაინტერესებული, რომ მას არ უნდა, შეცდომები დაუშვას, მაგრამ ამისგან ვერავინ აზღვევს, - ვერც მედია და ვერც შესაბამისი აქტორები, რომლებიც ამ კომუნიკაციაში უნდა მონაწილეობდნენ.
საუბრის ბოლოს, - ჩვენმა რესპონდენტმა, სახელმძღვანელოს ავტორმა, ნათია კუპრაშვილმა შეაჯამა საკითხი და აღნიშნა, რომ სასწავლო მოდულში თავმოყრილი თემები ბევრად ფართო სპექტრს მოიცავს, ვიდრე მხოლოდ ჟურნალისტიკაა.
სახელმძღვანელოს ექსპერტმა, ჟურნალისტიკის დოქტორმა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეულმა პროფესორმა, ნინო ჭალაგანიძემ სასწავლო მოდულის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სახელმძღვანელოზე მუშაობა საშური საქმეა არა მხოლოდ დარგის სპეციალისტებისთვის, არამედ - გაცილებით ფართო წრისთვის.
როგორ შეაფასებდით სახელმძღვანელოს შექმნის მნიშვნელობასა და საკითხის აქტუალურობას?
თუკი დავუფიქრდებით, რაოდენ საშიშია ადამიანის მოქმედების კვალი პლანეტაზე არსებული სიცოცხლისათვის და შეუქცევადია საფრთხე ცივილიზაციის მდგრადობის შესუსტებისა მომავალი გარემოს სიცოცხლისუნარიანობისთვის, ცალსახა ხდება მედიის მთელი სიმძლავრით ამოქმედების აუცილებლობა.
კლიმატის ცვლილების პროცესის შეჩერება შეუძლებელია, თუმცა გარკვეული პრევენციული ქმედებების დასახვა-რეალიზება ჯერ კიდევ არ არის გვიანი. იმისათვის, რომ ადამიანებმა ისარგებლონ ამ შესაძლებლობებით და შეამცირონ რისკები, უნდა გაიზარდოს ინფორმირებულობის ხარისხი კლიმატის ცვლილებისა და გამომდინარე პროცესების შესახებ. რაოდენ კვალიფიციურად გაშუქდება ეს საკითხები მედიაში, სამომავლოდ გავლენას მოახდენს იმაზე, თუ რამდენად მარჯვედ გაუმკლავდება საზოგადოება პრობლემას. ჟურნალისტების მიერ საკითხთა ფართო წრის ხშირად და მართლზომიერად გაშუქება უცილობლად უზრუნველყოფს ღია თემატური დისკუსიის ინიცირებას და გაზრდის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას კლიმატის ცვლილების გლობალურ გამოწვევაზე ადგილობრივი რეაგირებისთვის. ამიტომაც, სახელმძღვანელოზე მუშაობა საშური საქმეა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ინიციატივის ავტორებს, მკითხველს კი ვუსურვო, მალე მიეცეს წიგნის გაცნობის საშუალება.
რამდენად დეფიციტურია ლიტერატურა ამ მიმართულებით საქართველოში და როგორია მდგომარეობა უცხოეთში?
სამწუხაროა, რომ ქართული მედიაგანათლების სისტემა არაა განებივრებული ორიგინალური ქართულენოვანი სასწავლო მეთოდური საკითხავით, რაც საგანმანათლებლო პროცესის გეგმაზომიერად წარმართვას ართულებს. ამდენად, ზემოხსენებული სახელმძღვანელო მასობრივი კომუნიკაციის დარგის შემსწავლელთათვის, უდავოდ, დადებით როლს შეასრულებს. ის ასევე მნიშვნელოვანია კონსტრუქციული ჟურნალისტიკის განვითარებისთვის, რადგან სწორედ სიღრმისეული, ანალიტიკური რეპორტაჟები და პოზიტიური ფსიქოლოგიის გამოყენება გაშუქებაში არის, ერთი მხრივ, პროდუქტიული, ეფექტიანი მუშაობის წინაპირობა და, მეორე მხრივ, სამამულო მედიის განვითარების ყველაზე სწორი სტრატეგია.
საექსპერტო დოკუმენტზე მუშაობისას სიღრმისეულად შევისწავლე ბაზარი და აღმოვაჩინე რამდენიმე თემატური სახელმძღვანელო, საიდანაც საუკეთესო მიგნებებსა და გამოცდილებებს სარედაქციო ჯგუფი აუცილებლად მიაქცევს ყურადღებას.
რა იყო თქვენი კონტრიბუცია სახელმძღვანელოს შექმნის პროცესში?
სახელმძღვანელოზე იმდენად კვალიფიციური გუნდი მუშაობს, რთული იყო მათ საქმიანობაში კორექტივების შეტანა. ჩემეული რჩევები, უპირატესად, მეთოდური ხასიათისა იყო: სწავლების რომელი სტრატეგიების/მეთოდების გამოყენებაა უმჯობესი კონკრეტულ თემატიკასთან მიმართებით, როგორ სჯობს დამხმარე ლიტერატურის განაწილება სასწავლო სემესტრის განმავლობაში და სხვა. ასევე, მოვიძიე უცხოენოვანი თემატური ლიტერატურა და შევთავაზე ავტორებს, დამატებით წყაროებად წარმოედგინათ სილაბუსში.
აღსანიშნავია, რომ, ჩემთან ერთად, მოდულის ექსპერტიზაზე იმუშავა ორმა უცხოელმა (შვეიცარიელმა) ექსპერტმა პროფესორმა. მათი შეფასება და რჩევები საგულისხმოა და აუცილებლად ჰპოვებს ასახვას სახელმძღვანელოში.
თემები, რომლებიც აკუმულირებულია სახელმძღვანელოში, რამდენად ფარავს ყველა საჭირო საკითხს?
შეთავაზებული თემატიკა ამ ეტაპისთვის სავსებით ფარავს იმ საკითხებს, რაც სადღეისოდ აქტუალურია კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით. თუმცა მოგეხსენებათ, პროცესი ყოველდღიურად იცვლება და ჟურნალისტებს (მეტადრე კი მედიის აკადემიურ სექტორს) მუდამჟამ პულსაციაზე უნდა ეჭიროთ ხელი, რომ ჩვენი ყურადღების მიღმა არ დარჩეს თუნდაც, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო საკითხი.
სამწუხაროდ, თემათა სპექტრი ძალიან ფართოა: მეცნიერები და პოლიტიკოსები, კვლევებზე დაყრდნობით, საუბრობენ კლიმატის ცვლილების ზრდასა და მასთან დაკავშირებულ რისკებზე, რაც, თავის მხრივ, გავლენას მოახდენს საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტზე, ჯანმრთელობისა და საკვების ხარისხით დაწყებული, ვიდრე ბიზნესისა და ეროვნული ეკონომიკის სიცოცხლისუნარიანობამდე.
ახალი მოდულის სასწავლო კურიკულუმებში ინტეგრირების საჭიროებაზე ტრენინგი ჩაატარეთ, - გვესაუბრეთ მის შესახებ.
გასული წლის ბოლოს საქართველოში ჩატარდა ტრენერთა პირველი ტრენინგი კლიმატგონივრული რეპორტინგის სწავლებაში, სადაც მეთოდოლოგიის ტრენერად ვიყავი მოწვეული. მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების მასობრივი კომუნიკაციის სფეროს პროფესორ- მასწავლებლებმა.
ერთად ვიმსჯელეთ ახალი მოდულის სასწავლო კურიკულუმებში ინტეგრირების საჭიროებაზე, გამოითქვა ურთიერთსასარგებლო მოსაზრებები. განსაკუთრებით სასიხარულო იყო ის ფაქტი, რომ ჩვენი კოლეგები აქამდეც ყოფილან დაინტერესებული განსახილველი საკითხებით, რაზეც აქტიურად მსჯელობდნენ აუდიტორიაში. მათ ფასდაუდებელი გამოცდილება გაგვიზიარეს და სიამოვნებით გაეცნენ სწავლების შეთავაზებულ სტრატეგიებს. სწორედ ამგვარი კოლაბორაციის შედეგად იქმნება საინტერესო და ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული სასწავლო მასალები.
დასასრულ, - პროფესორმა, ნინო ჭალაგანიძემ, გამოთქვა რწმენა, რომ ახალი სასწავლო რესურსი დიდ დახმარებას გაუწევს ქართულ მედიასკოლებსა და, ზოგადად, კომუნიკაციის დარგით დაინტერესებულ მკითხველს.
სოსო გაზდელიანი