თვითიზოლაცია და ფსიქიკური ჯანმრთელობა
კოვიდ პანდემიით განპირობებული თვითიზოლაციის დროს, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებაა.
დეპრესია, სტრესი, შფოთვითი დარღვევები - ეს ის ჩამონათვალია, რომელმაც მსოფლიოში მიმდინარე პროცესების პარალელურად, არაერთ ადამიანში იჩინა თავი. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი საკუთარი და სხვათა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სოციალური ურთიერთობების მაქსიმალური შეზღუდვა, სოციალური დისტანცირებაა.
როგორ გავუმკლავდეთ მოწყენილობას, ღელვას, ვმართოთ შიშები და დროებით ვიცხოვროთ ონლაინ რეჟიმში? - საინტერესო რჩევებს ფსიქოლოგი, ფსიქორეაბილიტაციის ცენტრ "კამარას" თერაპიის პროგრამის ხელმძღვანელი ნათია ფანჯიკიძე შემოგვთავაზებს.
როგორია შფოთვის ხარისხი საზოგადოებაში და რა შეიცვალა დროის მდინარებასთან ერთად, რა პრობლემებზე საუბრობდნენ ადამიანები პანდემიის პირველ ეტაპზე და რა არის მთავარი პრობლემა ახლა?
პირველ ეტაპზე მეტი იყო მოულოდნელობისგან და ცოდნის ნაკლებობისგან აწეული შფოთვა, ცხოვრების ჩქარი ტემპის უცაბედი დამუხრუჭებისგან მოგვრილი განგაშის გრძნობა. შემდეგ ცოდნის დაგროვების კვალდაკვალ, ადაპტაცია უკეთ მოხერხდა, თუმცა ცხადია, უამრავი დისკომფორტი, კომენდანტის საათი, ლოქდაუნი, სოციალური ცხოვრების ნაკლებობა, უხალისო ქვეყანა და მთლიანად პლანეტა. თუნდაც ფიზიკურად, პირბადის მოხმარება, ადამიანებს იმედიან განწყობას უმცირებს და ნაკლებად მოტივირებულს ხდის მთლიანობაშიც. ცხადია, ბევრად მეტი შფოთვა გაჩნდა მოსახლეობის იმ ნაწილში, ვისი სამსახური და შემოსავალიც ვერ გადადის ონლაინ რეჟიმში და ყველა ზემოთჩამოთვლილს, მატერიალური უსაფრთხოების გარეშე დარჩენაც დაემატა. კლინიკურად ჯანმრთელ პოპულაციაში მეტად იჩინა თავი იმ ფსიქოლოგიურმა პრობლემებმა, რაც გამოკეტვამ გააქტიურა ან შეაფერხა. კლინიკური კონდიციების მქონე პირებზე კი დიაგნოზების მიხედვით, სხვადასხვანაირად იმოქმედა პანდემიამ. ზოგ შემთხვევაში უკეთესად იგრძნეს თავი (მაგალითად სოციოფობებმა), ზოგ შემთხვევაში კი სიმპტომები გართულდა.
როგორ დავიცვათ თავი ინფორმაციის ზედოზირებისგან (განსაკუთრებით ნეგატიური ამბებისგან)?
ნეგატიური ამბებისგან თავის სრული დაცვა რეალობას მოწყვეტაა, ამიტომ ეს სულაც არ არის რეკომენდირებული. ზედოზირებისგან თავის არიდება კი პრინციპულად მნიშვნელოვანია. ამისთვის სჯობს, შეძლებისდაგვარად და უმეტესწილად, ინფორმაცია მივიღოთ დღეში მხოლოდ ერთხელ და ვეცადოთ, არ იყოს ეს დილას, სიცოცხლის სიმბოლური დასაწყისისას ან გვიან საღამოს, რომ შფოთვამ არ დააზიანოს ძილის ციკლი.
როგორ გადავიდეთ აქტიური სოციალური გარემოდან იზოლაციაში ისე, რომ თავიდან ავიცილოთ სტრესი და ფსიქიკური პრობლემები?
სიცოცხლის ჭარბად გარისკვას მოწყენილობა ჯობს, თუმცა მცირე ჯგუფებად ადამიანების შეკრება და თუნდაც ბუნებაში გასვლა, აკრძალული არ არის. ზამთარში მომიწია ნიუ-იორკში ყოფნა და ამ ქალაქს, რომლის სახლს გარეთ ცხოვრება, ჩვეულებრივ, დუღს და გადმოდუღს, მართლაც ძალიან შეეტყო პანდემიის კვალი. საქართველოში, ადამიანების ცხოვრება სახლს გარეთ ასე ძალიან აქტიური არასდროს ყოფილა, თუმცა ცხადია, ჩვენიც საკმარისზე მეტად შეიცვალა. განწყობის ცვლილება გვმართებს და გაცნობიერება, რომ ხმაურიან წვეულებებზე დასწრებას, კინოთეატრში სიარულს და კაფეში ყავის დალევას აუცილებლად ისევ შევძლებთ, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პანდემიას გადავურჩებით. ამიტომ ახლა პრიორიტეტი გადარჩენაა. ინტერნეტ ეპოქაში მაქსიმალურად შეგვიძლია, იზოლირებულად ნაკლებად ვიგრძნოთ თავი.
რისი შიში აქვთ ადამიანებს, რომლებმაც თითქმის გაწყვიტეს უშუალო კონტაქტები და ცხოვრება ონლაინ რეჟიმში გადართეს?
ონლაინ რეჟიმიც ნამდვილი ცხოვრებაა, ან ნამდვილი ცხოვრების დასაწყისი. ახალგაზრდებს ამ გზით სიყვარულის პოვნაც შეუძლიათ და ახალი მეგობრების შეძენაც. ყველაზე მეტად მცირეწლოვანი ბავშვები დაზარალდნენ, რომელთა სოციალური ტვინის განვითარებისთვის პირადი კონტაქტები აუცილებელია. მშობლებმა ხელი უნდა შეუწყონ მცირე ჯგუფებად ბავშვების სოციალიზაციას. მოზარდებს, რომელთაც უკვე მოასწრეს დამეგობრება, მეგობრობის სწავლა, შედარებით უკეთ აქვთ საქმე.
საინტერესოა, ხშირია თუ არა შემთხვევა, როცა დიდი დოზით სახლში ყოფნამ კონფლიქტი, უთანხმოება ან დაძაბულობა წარმოქმნა უშუალოდ ოჯახის წევრებს შორის და რა ტიპის რჩევებს აძლევთ ასეთ დროს ადამიანებს?
ვიწრო გარემოში ადამიანების დიდი დოზით ერთად ყოფნა კონფლიქტებსაც ააქტიურებს და დაახლოებასაც ეხმარება. ერთმნიშვნელოვნად ნეგატიური ან დადებითი არაფერია. მათ, ვისაც კონფლიქტური გარემო და მცირე საცხოვრებელი ფართობი აქვს, ვურჩევ პირადი სივრცის მაქსიმალურად შემოსაზღვრას, რამდენადაც ეს შესაძლებელია და პიროვნული მანძილის დაცვის კულტურის შეძენას, თუკი ამის ოდნავი საშუალება მაინც არსებობს.
როგორ შეცვალა შიშების შინაარსი და ხასიათი პანდემიამ?
მათ, ვისაც ვირუსი დაემართა, ცხადია, შიშის გრძნობა იმის მიხედვით აქვთ უფრო ძლიერი ან უფრო ნაკლები, რამდენადაც ძლიერია ან სუსტი მათი სიმპტომები. დაავადებული ადამიანი ყოველთვის უფრო მობილიზებულია და მიზანმიმართული გამოჯანმრთელებისკენ. ზედმეტი შიში ენერგიას გვაცლის და ფუჭად გახარჯული ფსიქიკური და ფიზიკური რესურსია. ამიტომ უნდა ეცადოს ყველა, ნაკლებად აყვეს ამ არაფრისმომცემ გრძნობას, თუმცა სიფხიზლის ისე მოდუნება, რომ თავის მაქსიმალურად მოვლა საჭიროდ აღარ მივიჩნიოთ, ასევე არასასურველია.
რა უფრო მართებულია, საკუთარ თავში დავმალოთ კოვიდ პანდემიისგან გამოწვეული სტრესი თუ ვისაუბროთ ამაზე მეგობრებთან, ფსიქოლოგებთან, თუნდაც კოვიდგადატანილებთან?
გაზიარება ამცირებს სტრესს და ამავდროულად გაზიარებას ახლავს სიკეთე, - გამოცდილების გაცვლა, ინფორმირებულობა. ვგულისხმობ პირადი შეგრძნებების და გამოცდილების გაცვლას ცხადია და არა არაპროფესიული სამედიცინო რჩევების მოხალისეობრივ დარიგებას მეგობრებისთვის. ზომიერზე მეტი მღელვარების, შფოთვითი სიმპტომების შემთხვევაში, სჯობს მივიღოთ ფსიქოთერაპევტის კონსულტაცია და თუ საჭიროა, თერაპიაც.
სალომე შალიკაშვილი
სხვა განცხადებები
მაისი 04, 2026
12:00 PM
სიტყვიდან ემოციამდე - გახმოვანების ხელოვნება
ხმა კომუნიკაციის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია. ის ატარებს ტონს, განწყობას, ხასიათს და ხშირად იმაზე მეტსაც, ვიდრე - თავად სიტყვები. გახმოვანება მხოლოდ ტექსტის წაკითხვა არ არის - ესაა აზრის, ემოციისა და განწყობის გადმოცემა ხმოვანი ინტერპრეტაციით.
აპრილი 22, 2026
08:00 AM
NEXUS - ახალი სამეცნიერო პერიოდული გამოცემა მასობრივი კომუნიკაციის დარგში
მასობრივი კომუნიკაციის დარგში შეიქმნა ახალი პერიოდული სამეცნიერო გამოცემა: „NEXUS - მასობრივი კომუნიკაციისა და სტრატეგიული ნარატივების ჟურნალი“, რომელმაც საქართველოში ორ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ამ მიმართულებით არსებული სიცარიელე შეავსო. 2026 წლის პირველი ნომერი დაინტერესებული პირებისთვის უკვე ხელმისაწვდომია როგორც ბეჭდური სახით, ისე — ონლაინფორმატში.
აპრილი 14, 2026
01:00 PM
„ენა ეროვნული თვითმყოფადობის საფუძველია“ - ინტერვიუ ირმა რატიანთან
14 აპრილი დედა ენის დღეა. 48 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, ქართველმა ერმა გააცნობიერა, რომ მშობლიური ენა იდენტობის შენარჩუნებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის აუცილებელი იარაღია და ეს საგანძური დაკარგვისა და გაქრობის რეალური საფრთხის წინაშე იდგა.

