

დედა ენის დღე

14 აპრილი დედა ენის დღეა. 44 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს ქართველმა ერმა გააცნობიერა, რომ მშობლიური ენა იდენტობის შენარჩუნებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის აუცილებელი იარაღია და ეს საგანძური დაკარგვისა და გაქრობის რეალური საფრთხის წინაშე იდგა.
როგორც ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, თამარ ინჯიამ აღნიშნა, სწორედ ენაა ის საფუძველი, რომელიც ქვეყანას - სახელმწიფოდ, ხალხს კი - ერად აქცევს. მისი თქმით, ენა ერის სულიერი ცხოვრების სარკეა.
რა მნიშვნელობის მატარებელია 14 აპრილი, რა გამოწვევების წინაშე იდგა ქართული ენა მაშინ და დღეს, როგორ მოვუფრთხილდეთ მას, - ამ საკითხებზე ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თამარ ინჯია გვესაუბრება.
ერთდროულად: საშიში და მნიშვნელოვანი დღე
14 აპრილი ერთსა და იმავე დროს საშიში და ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. საშიში იმიტომ, რომ, ფაქტობრივად, სახელმწიფოს უნდა დავპირისპირებოდით. მნიშვნელოვანი კი იმითაა, რომ უნდა დაგვეცვა ქართული ენა. სწორედ ამიტომ, მთელი უნივერსიტეტი, დაწყებული პროფესორ-მასწავლებლებით დამთავრებული სტუდენტებით, ქუჩაში გამოვედით. დავიძარით მთავრობის სასახლისაკენ. ყველანი ისეთი ამაყები ვიყავით, აღარ გვეშინოდა მოსალოდნელი წინააღმდეგობის, მათ შორის, აღარც - ტანკების. მზად ვიყავით ყველაფრისათვის, ოღონდ ენა დაგვეცვა.
„რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“
იმ პერიოდში ყველა სხვანაირად უყურებდა ეროვნულ ენას: იცოდნენ მისი ფასი და მნიშვნელობა. ახლა, სამწუხაროდ, ასე აღარ არის. დღეს ქართულ ენას უცხოური ტერმინებით „ვანაგვიანებთ“. აღარავის ახსოვს გრიგოლ ორბელიანის ნათქვამი: „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“. თუმცა, სინამდვილეში, პირიქით ხდება: როგორც კი ერი წახდება, ენაც ეცემა. ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ და მაშინ გვეშველება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი ერთ სიტყვას ვიტყვით ქართულად, მეორეს ინგლისურად, მესამეს კიდევ სხვა ენაზე, გამოდის, რომ საკუთარ ენას ვღუპავთ.
სწორედ ენაა ის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი, რომელიც ქვეყანას - სახელმწიფოდ, ხალხს კი - ერად აქცევს.
თანამედროვე მსოფლიოში ბევრი ზესახელმწიფოა, რომელსაც ერს ვერ უწოდებ, სწორედ იმიტომ, რომ მათ საკუთარი ენა არ აქვთ.
მასმედიის „ქართული ენა“
ენის სიწმინდეს განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ის, ვინც მასობრივ აუდიტორიას ესაუბრება. ასეთი კი, პირველ რიგში, მედიაა, რომლის წარმომადგენლებიც უნდა მეტყველებდნენ სალიტერატურო ქართულით. მათ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენონ იმგვარი სიტყვები და ტერმინები, რომლებიც ენას განსაკუთრებულობას დაუკარგავს. დღეს ძალიან ცოტა თუ მოიძებნება ისეთი ჟურნალისტი, რომელიც სალიტერატურო ქართულ ენაზე საუბრობს.
ერთხანს გადავწყვიტე, მასმედიის ენიდან ისეთი სიტყვები ამომეწერა, რომლებიც სალიტერატურო ქართულს ეწინააღმდეგება. აღმოვაჩინე, რომ საუბრისას იმდენად ბევრი და უხერხული შეცდომა იპარებოდა, გადავწყვიტე, თავი დამენებებინა.
არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენო ისეთი უცხო ტერმინები, რომელთა შესატყვისი ქართულშიც მოიძებნება. ეს უკვე ბარბარიზმია და ის ენის სპეციფიკურობას არღვევს.
სამწუხაროდ, დღეს ბევრი ადამიანი უცხოური ტერმინებით თავმომწონედ საუბრობს.
სიმარტივე ენის ძალიან დიდი სიმდიდრეა...
ქართული, განსხვავებით ბევრი უცხოური ენისაგან, როგორც იწერება, ისე იკითხება. ეს სიმარტივე ენის ძალიან დიდი სიმდიდრეა. ამასთან, არაჩვეულებრივი, მდიდარი ლექსიკა გვაქვს.
ნიკო მარი ამბობდა, - არ არსებობს რაგინდ რა საგანი, რისი სახელწოდებაც ქართულ ენაზე არ იყოს.
ამიტომ არის ქართული ენა ხელის-ხელ საგოგმანები.
ბოლოს, - ენის მოფრთხილების საქმეში ჩვენმა რესპონდენტმა რამდენიმე რჩევა გაგვიზიარა. მისი თქმით, პირველი, რაც აუცილებლად უნდა გავაკეთოთ, ესაა ქართული კლასიკური ლიტერატურის, ზოგადად, ქართული ტექსტების კითხვა. ის ჩვენს ლექსიკას კიდევ უფრო გაამდიდრებს და გაამრავალფეროვნებს იმდენად, რომ აღარ დაგვჭირდება სხვა ენებიდან სიტყვების მოპარვა და ჩვენს ენაში დამკვიდრება.
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თამარ ინჯიამ ქართველ ხალხს დედა ენის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ 14 აპრილი ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ვინაიდან მისი დავიწყება საკუთარი თავის დავიწყებასაც ნიშნავს.
სოსო გაზდელიანი
სხვა განცხადებები
დეკემბერი 09, 2025
08:00 PM
ინტერვიუ პროფესორ ზეიკო წულუკიძესთან
გაიცანით პროფესიით მსახიობი, მეტყველების პედაგოგი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორი, პროფესორი ზეიკო წულუკიძე, რომელსაც ამჯერად მეტყველების პრობლემებზე სასაუბროდ ვესტუმრეთ.
ნოემბერი 23, 2025
08:00 PM
ტელევიზია, როგორც ინფორმაციის სანდოობის გარანტი
21 ნოემბერს მსოფლიოში ტელევიზიის დღე აღინიშნება. ინტერნეტეპოქის დადგომის მიუხედავად, ტრადიციული მედიის წარმომადგენელი დღემდე პოპულარულ და მასობრივ საშუალებად რჩება. ტელევიზიის ჩამოყალიბების ისტორიას არც ისე შორეულ წარსულში გადავყავართ. გასული საუკუნე მედიის ვიზუალური საშუალების პირმშოა. შავ-თეთრიდან ფერად გამოსახულებამდე ტელევიზიამ განვითარების დიდი გზა განვლო. დღესაც მუდმივი განახლების რეჟიმშია და მაქსიმალურად ცდილობს, მოერგოს ინტერნეტეპოქის ტენდენციებს.
სექტემბერი 17, 2025
11:30 PM
„ამბები, რომლებსაც ბიზნესჟურნალისტიკა აერთიანებს, ყველას გვეხება“ - სოფიო ოხანაშვილი
ბიზნესი და ეკონომიკა, - სფეროები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას განსაზღვრავს. ბიზნესჟურნალისტიკა აღნიშნული თემების სადარაჯოზე და ამბები, რომლებიც ყველას გვეხება.