Mass Communication in the Digital Era - გამოიცა ახალი საერთაშორისო აკადემიური კრებული

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და გდანსკის უნივერსიტეტის (პოლონეთი) მკვლევართა თანამშრომლობის შედეგად, საერთაშორისო აკადემიურმა გამომცემლობამ, Brill | V&R unipress-მა, ახალი სამეცნიერო კრებული - Mass Communication in the Digital Era - გამოსცა.
პუბლიკაცია თანამედროვე ციფრულ ეპოქაში მასობრივი კომუნიკაციის ტრანსფორმაციას ეძღვნება. მასში წარმოდგენილია 15 კვლევა, რომლებიც მოიცავს ციფრული მედიისა და პლატფორმების განვითარებას, მულტიმოდალურ კომუნიკაციას, სტრიმინგის პლატფორმებს, ხელოვნური ინტელექტის როლს ჟურნალისტიკისა და საინფორმაციო დღის წესრიგის ფორმირებაში, სოციალური მედიისა და აუდიტორიების ცვლილებას, ვიზუალურ კომუნიკაციასა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის ტრანსფორმაციას.
კრებულის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა მედიის როლს თანამედროვე პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებში – საინფორმაციო ომს, დეზინფორმაციას, ციფრულ მანიპულაციას, ომის ნარატივებსა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას. გამოცემაში ასევე განხილულია ციფრული მედიის შესაძლებლობები კულტურული ცოდნის ხელმისაწვდომობის, კულტურული მემკვიდრეობისა და ინტერკულტურული დიალოგის ხელშეწყობის მიმართულებით.
საერთაშორისო აკადემიური კრებულის რედაქტორები არიან ტატიანა კანანოვიჩი (გდანსკის უნივერსიტეტი) და სესილი გოგიბერიძე (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი). გამოცემაში წარმოდგენილია ტატიანა კანანოვიჩის, ჟანა სლადკიევიჩის, ზაზა ცოტნიაშვილის, ალექსანდრა კლიმკიევიჩის, მარტინ ტრენდოვიჩის, რუსუდან კვარაცხელიას, ციცინო ბუკიას, ნანა ამირანაშვილის, ლიკა ზამბახიძის, ნინო ჭალაგანიძის, ივონა საკოვიჩ-ტებინკას, ბიანკა სადოვსკას, მარტა ნოინსკას, ვახტანგ მაისაიას, ალიკა გუჩუას, ნინო მინდიაშვილის, ეკატერინა ჭალაგანიძის, ადრიან ლანკიევიჩის, დათო ტაბატაძის, ეკა ბერაიას, ხათუნა კაჭარავას და ეკა თხილავას კვლევები.
როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, კრებულის თანარედაქტორმა, სესილი გოგიბერიძემ აღნიშნა, ეს გამოცემა შეიძლება გახდეს ახალი ეტაპის დასაწყისი. მისი თქმით, ორი ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის უკვე შექმნილია პროფესიული ურთიერთობები, ერთობლივი კვლევითი გამოცდილება და აკადემიური თანამშრომლობის ძალიან კარგი საფუძველი.
სესილი გოგიბერიძე:
„საერთაშორისო გამომცემლობა Brill | V&R unipress-ის მიერ კრებულის გამოცემა ორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის რამდენიმე წლის განმავლობაში განვითარებული აკადემიური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი შედეგია. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ გამოცემა ღია წვდომისაა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი კვლევითი მუშაობის შედეგები უფრო ფართო საერთაშორისო აკადემიური საზოგადოებისთვის იქნება ხილული.
კრებულის მთავარი ღირებულება, ჩემი აზრით, ის არის, რომ ჩვენ ციფრულ მედიას მხოლოდ ტექნოლოგიური ცვლილებების პერსპექტივიდან არ განვიხილავთ. ციფრული ტრანსფორმაცია გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, პოლიტიკაზე, კულტურაზე, ენაზე და, საბოლოოდ, ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
ამიტომ კრებულში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა საინფორმაციო ომს, დეზინფორმაციას, ციფრულ მანიპულაციას, ომის ნარატივებსა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას. ეს საკითხები დღეს განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან ადამიანი ინფორმაციის უზარმაზარ ნაკადში ცხოვრობს და სულ უფრო რთული ხდება სანდო და არასანდო ინფორმაციის ერთმანეთისგან გამიჯვნა.
ცხადია, ჩვენი კოლეგების კვლევითი ინტერესები ერთმანეთისგან განსხვავებულია, მაგრამ სწორედ ეს ქმნის ინტერდისციპლინური დიალოგის შესაძლებლობას. მედიის კვლევა დღეს ვეღარ იქნება მხოლოდ ერთი დისციპლინის ფარგლებში განხილული საკითხი - მას სჭირდება ფილოლოგიის, ჟურნალისტიკის, კომუნიკაციის, პოლიტიკის, კულტურისა და სხვა სფეროების გადაკვეთა.
CIU-ს პროფესორების პარტნიორობა პოლონელ კოლეგებთან Erasmus+ პროგრამის ფარგლებში დაიწყო და დროთა განმავლობაში განვითარდა. თავდაპირველად ეს იყო პროფესიული და აკადემიური ურთიერთობების გაღრმავება, თუმცა თანდათან გაჩნდა ერთობლივი კვლევითი საქმიანობის, სამეცნიერო სემინარებისა და საერთაშორისო გამოცემის შექმნის შესაძლებლობა. საბოლოოდ, ამ პროცესმა მიგვიყვანა Mass Communication in the Digital Era-მდე.
ამ თანამშრომლობის განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართული სამეცნიერო სემინარი: „ენა, მედია და საზოგადოება ციფრულ ეპოქაში“, რომელშიც ქართული და პოლონური უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები მონაწილეობდნენ.
ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმიტომ, რომ საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობა მხოლოდ ტექსტების გაცვლა ან ერთობლივი პუბლიკაციის მომზადება არ არის. თანამშრომლობის ნამდვილი ღირებულება იქმნება მაშინ, როდესაც მკვლევრები ერთმანეთს ხვდებიან, საკუთარ კვლევებს წარადგენენ, მსჯელობენ, განსხვავებულ გამოცდილებას უზიარებენ და ამ დროს ჩნდება ახალი იდეები.
ამ თვალსაზრისით, გდანსკის უნივერსიტეტის წარმომადგენელთა ვიზიტმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში თანამშრომლობას ახალი დინამიკა შესძინა. მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ სამეცნიერო სემინარი, არამედ უნივერსიტეტებს შორის მიმდინარე თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების განხილვაც.
ამ თანამშრომლობის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერისა და მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელის, პროფესორ ნინო ჭალაგანიძის როლი. სწორედ მისი აქტიური ჩართულობა და მხარდაჭერა იყო მნიშვნელოვანი ფაქტორი ქართული და პოლონური აკადემიური წრეების დაახლოებისა და თანამშრომლობის განვითარების პროცესში.
მსურს ხაზი გავუსვა, რომ გდანსკის უნივერსიტეტის პროფესორ ტატიანა კანანოვიჩთან ერთად, კრებულის თანარედაქტორობა ჩემთვის მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება იყო. ჩვენ გვაერთიანებს ინტერესი თანამედროვე მედიის, კომუნიკაციის, ენისა და კულტურათაშორისი ურთიერთობის საკითხების მიმართ. რედაქტორის მუშაობა მხოლოდ ტექსტების ტექნიკურ მოწესრიგებას არ გულისხმობს. მით უფრო, საერთაშორისო გამოცემის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია საერთო კონცეფციის ჩამოყალიბება, კვლევების თემატური თანხვედრის უზრუნველყოფა და, ამავე დროს, თითოეული ავტორის ინდივიდუალური აკადემიური პერსპექტივის შენარჩუნება.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორებსა და კოლეგებს, - მათი პროფესიული ჩართულობის, კვლევითი ინტერესებისა და თანამშრომლობის სურვილის გარეშე ასეთი მასშტაბის აკადემიური პროექტის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა.
ასევე, მადლიერი ვარ გდანსკის უნივერსიტეტის კოლეგების, რომლებმაც ეს თანამშრომლობა დიდი პროფესიული ინტერესითა და პასუხისმგებლობით გაიზიარეს.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერს, ბატონ ვახტანგ წივწივაძეს, რომლის მხარდაჭერამ და თანადგომამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ აკადემიური პროექტის განხორციელებაში. ასევე, მნიშვნელოვანი იყო გდანსკის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მხარდაჭერა. სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგად გახდა შესაძლებელი ორი უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო საქმიანობის ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმაზე წარდგენა, როგორიც ევროპის ერთ-ერთი ავტორიტეტული აკადემიური გამომცემლობა Brill | V&R unipress-ია.
ასეთი გამოცემები ადამიანებს შორის თანამშრომლობით იქმნება. წიგნი არის ამ თანამშრომლობის ხილული შედეგი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ის პროფესიული ნდობა, აკადემიური კავშირები და საერთო სამეცნიერო სივრცე, რომელიც ამ პროცესში შეიქმნა“, - აღნიშნა კრებულის თანარედაქტორმა, სესილი გოგიბერიძემ.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერმა, CIU მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნინო ჭალაგანიძემ თანამედროვე აკადემიურ სივრცეში საერთაშორისო კოლაბორაციული კვლევების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამეცნიერო ცოდნის წარმოების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან მოდელად სწორედ მსგავსი თანამშრომლობა განიხილება. მისი თქმით, ორი ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ჩართულობა კვლევით პროექტში იძლევა შესაძლებლობას, საკვლევი პრობლემა განსხვავებული ინსტიტუციური, კულტურული და ეპისტემოლოგიური პერსპექტივიდან გაანალიზდეს.
ნინო ჭალაგანიძე:
„მასობრივი კომუნიკაცია ციფრულ ეპოქაში გლობალური მასშტაბის მოვლენაა, თუმცა მისი გამოვლინებები მჭიდროდ უკავშირდება ადგილობრივ პოლიტიკურ, სოციალურ და მედიასისტემურ კონტექსტს. დეზინფორმაცია, პლატფორმული ეკონომიკა, ალგორითმული შუამავლობა, მედიაწიგნიერება და საზოგადოებრივი ნდობის ტრანსფორმაცია სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული დინამიკით ვითარდება. ამიტომ ერთი ეროვნული კონტექსტით შემოფარგლული კვლევა ხშირად ვერ ასახავს პროცესების სრულ სურათს. შედარებითი და ტრანსნაციონალური მიდგომა კი ხელს უწყობს როგორც საერთო კანონზომიერებების, ისე კონტექსტუალური თავისებურებების გამოვლენას.
კოლაბორაციული კვლევა, ამასთან, ხელს უწყობს მეთოდოლოგიური გამოცდილების გაზიარებას, კვლევითი რესურსებისა და მონაცემთა ბაზებისადმი წვდომის გაფართოებას, აგრეთვე, აკადემიური კრიტიკული დიალოგის გაღრმავებას. განსხვავებული სამეცნიერო ტრადიციების შეხვედრა ამცირებს ეპისტემური იზოლაციის რისკს და ქმნის პირობებს ინოვაციური თეორიული და ემპირიული გადაწყვეტებისთვის. ამავე დროს, ასეთი თანამშრომლობა აძლიერებს ახალგაზრდა მკვლევრების ჩართულობას, აკადემიურ მობილობასა და ინსტიტუციურ შესაძლებლობებს.
არანაკლებ მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანაავტორობის როლი სამეცნიერო ხილვადობის გაზრდაში. ავტორიტეტულ საერთაშორისო გამომცემლობებში გამოქვეყნებული ერთობლივი ნაშრომები უზრუნველყოფს კვლევის შედეგების ფართო აკადემიურ მიმოქცევას და ხელს უწყობს ქართული სამეცნიერო სივრცის ინტეგრაციას ევროპულ და გლობალურ კვლევით არეალში.
ამრიგად, ორმხრივი ინსტიტუციური თანამშრომლობა ციფრული კომუნიკაციის თანამედროვე გამოწვევების კვლევისას არა მხოლოდ სამეცნიერო შედეგების ხარისხს ამაღლებს, არამედ ქმნის მდგრად აკადემიურ პარტნიორობას, რომელიც ხანგრძლივვადიან სარგებელს მოუტანს მონაწილე უნივერსიტეტებს, მკვლევრებსა და ფართო საზოგადოებას.
მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ამ არაჩვეულებრივი შესაძლებლობისთვის, ერთი მხრივ, გდანსკის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, ხოლო მეორე მხრივ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, მის კანცლერსა და დამფუძნებელს, ბატონ ვახტანგ წივწივაძეს, რომელიც მუდამ დგას ქართული მეცნიერების სადარაჯოზე“, - აღნიშნა პროფესორმა ნინო ჭალაგანიძემ.
ახალი საერთაშორისო აკადემიური კრებული - Mass Communication in the Digital Era - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და გდანსკის უნივერსიტეტის თანადაფინანსებით გამოიცა.
პუბლიკაცია ღია წვდომისაა და დაინტერესებულ მკითხველს მისი გაცნობა მოცემულ ბმულზე შეუძლია:
https://www.vr-elibrary.de/doi/book/10.14220/9783737020411
სოსო გაზდელიანი
სხვა განცხადებები
სექტემბერი 10, 2026
01:00 PM
„ტექნოლოგია ცვლის ინსტრუმენტებს და არა პრინციპებს“ - ინტერვიუ პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილთან
დღეს, როცა ინფორმაცია უპრეცედენტო სისწრაფით ვრცელდება და ტექნოლოგიები რეალობის გაყალბების ახალ შესაძლებლობებს ქმნის, ჟურნალისტის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
აგვისტო 20, 2026
11:00 AM
როცა ტყუილს აღარ ჰყავს ავტორი, - დეზინფორმაცია ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში
ხელოვნურმა ინტელექტმა ინფორმაციის შექმნისა და გავრცელების წესები რადიკალურად შეცვალა. დღეს, ერთი შეხედვით, რეალისტური ფოტოს, ვიდეოს, ხმისა თუ ტექსტის მიღმა შესაძლოა, აღარ იდგეს არც ჟურნალისტი, არც კონკრეტული ავტორი და, მეტიც, არც რეალური მოვლენა.
ივლისი 28, 2026
09:00 AM
კულინარია სატელევიზიო წესებით
კულინარია ტელეეთერში უკვე დიდი ხანია, გასცდა მხოლოდ რეცეპტების გაცვლის ფორმატს. დღეს ის მაყურებელთან კომუნიკაციის ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი და მრავალფეროვანი საშუალებაა, სადაც პრაქტიკული ინფორმაცია, ვიზუალური ესთეტიკა და ემოციური განწყობა ერთიანდება.