3 და 10 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მოსწავლეთათვის ტელე-რადიოჟურნალისტიკის ვორქშოპს უმასპინძლა. ღონისძიება უნივერსიტეტის სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში ჩატარდა და მიზნად მედიის მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას ისახავდა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიასკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი, პროფესორი ზაზა ცოტნიაშვილი მოსწავლეებს სასწავლო პროცესში დანერგილ ინოვაციურ მიდგომებზე ესაუბრა. მან მონაწილეებს დარგში არსებული თანამედროვე ტენდენციები გააცნო.
ვორქშოპის მონაწილეებს რადიომაუწყებლობის სპეციფიკა CIU-ს მულტიმედია ცენტრის კორესპონდენტმა და რადიოწამყვანმა, სოსო გაზდელიანმა გააცნო. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, რადიოსტუდიაში საკუთარი ხმები ჩაეწერათ.
ტელეეთერისათვის ახალი ამბების მომზადების პრინციპებსა და ტექსტზე მუშაობის ტექნიკაზე მოსწავლეებს მულტიმედია ცენტრის პროდიუსერი, ლიკა ზამბახიძე ესაუბრა. მონაწილეებმა თავიანთი შესაძლებლობები კამერის წინაც გამოავლინეს, რაშიც მათ მულტიმედია ცენტრის ტექნიკური დირექტორი ლუკა მებურიშვილი დაეხმარა.
პროექტი CIU-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტების კოორდინატორ მარინე უგულავას ხელმძღვანელობით განხორციელდა.
ცნობისთვის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მოსწავლეთათვის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებას აქტიურად უწყობს ხელს, რაც ახალგაზრდების პროფესიული ორიენტაციის მხარდაჭერასა და მათი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.