მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, განსაკუთრებით გეოპოლიტიკურ ჭრილში, გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნის აწმყოსა და მომავალზე. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, - რა ხდება რეგიონსა და მსოფლიოში. სწორედ ამიტომ, უცხოეთის სიახლეები ნებისმიერი საინფორმაციო გამოშვების განუყოფელი ნაწილია.
მედიასკოპის ობიექტივში, ამჯერად, საერთაშორისო მოვლენების გაშუქების სპეციფიკა მოექცა. ჩვენი რესპონდენტი ჟურნალისტი მარიამ გიგანია, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ უცხოეთის ამბების განყოფილების ხელმძღვანელია. მარიამი დეტალურად გვესაუბრა საერთაშორისო ამბების ქართულ მედიაში გაშუქების მნიშვნელობასა და თავისებურებებზე.
დომინოს ეფექტი გლობალურ კონტექსტში
უცხო ქვეყნის არჩევნებს, გაფორმებულ სავაჭრო შეთანხმებებს, ახლადფორმირებულ პარტნიორობებს, კონფლიქტებს, ომებს, ჰუმანიტარულ კრიზისს, მეზობელ ქვეყნებზე დაწესებულ სანქციებს, პარტნიორ სახელმწიფოებში არსებულ კრიზისულ სიტუაციებს, ტექნოლოგიურ წინსვლებსა თუ სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს დომინოს ეფექტი აქვს და გავლენას ახდენს როგორც, ზოგადად, ჩვენს სახელმწიფოზე, ისე - თითოეული მოქალაქის ყოველდღიურობაზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ - რა ხდება რეგიონსა და მსოფლიოში.
„უცხოეთის ბიუროს“ მუშაობის სპეციფიკა
უცხოეთის ამბები ნებისმიერი საინფორმაციო გამოშვების განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, ნიუსრუმს ყოველთვის ჰყავს ცალკე გუნდი, რომელიც საერთაშორისო ახალ ამბებზე მუშაობს. ამ განყოფილების შიდა სახელწოდება არის ე.წ. „უცხოეთის ბიურო“.
ჩვენს ნიუსრუმში უცხოეთის ამბებზე ხუთი ადამიანი 24/7-ზე მუშაობს: ორი ადამიანი არის დილა-ღამის ცვლა, სამი კი დღის მთავარ გამოშვებებზე ვართ მიმაგრებული.
ფუნქციებს გუნდურობის პრინციპით ვინაწილებთ. სამუშაო დღის დაწყებისას ჩემი ნომერ პირველი ამოცანაა, მივიღო გადაწყვეტილება, თუ რა თემები გავიდეს ეთერში. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის პირობებში, უამრავი ინფორმაცია შემოგვდის.
ინფორმაციული „ცუნამი“
საინფორმაციო გამოშვების უცხოეთის ამბების ბლოკი დროში შეზღუდულია, შესაბამისად, უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, ამ ინფორმაციული ცუნამიდან ამოვარჩიოთ რამდენიმე სიახლე, რომელსაც მაყურებელს გავაცნობთ.
გადაწყვეტილების მიღება, ცხადია, მარტივი არ არის.
ვითვალისწინებთ რამდენიმე ასპექტს, მათ შორის: რა არის მთელ მსოფლიოში დღის მთავარი თემები და რა იქნება, კონკრეტულად, ჩვენი მაყურებლისთვის ყველაზე საინტერესო.
ამის შემდეგ ვიწყებთ ფაქტების გადამოწმებას.
„ჩვენ არ ვართ თარჯიმნები!“
ბევრს ჰგონია, რომ უცხოეთის ბიუროს თანამშრომლები, უბრალოდ, რომელიმე უცხოურ მედიასაშუალებაზე განთავსებულ სტატიას ან სიახლეს ვთარგმნით და ესაა ჩვენი მთელი ფუნქცია, - არა! ჩვენ არ ვართ თარჯიმნები. რამდენადაც, უმეტესად, დისტანციურად გვიწევს უცხოეთში მიმდინარე მოვლენების გაშუქება, ე.წ. სამაგიდო კვლევა ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ფაქტები უნდა გადავამოწმოთ რამდენიმე სანდო წყაროზე, შესაბამისად, უნდა ვიცოდეთ, რომელს ვენდოთ და რომელს - არა. თუ მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული სიახლეები გვაქვს, თავად უნდა გავეცნოთ ამ მონაცემთა წყაროს: იქნება ეს ანგარიში თუ სხვა სახის ვრცელი დოკუმენტი. ვუსმენთ ბრიფინგებს, სიტყვით გამოსვლებს, ინტერვიუებს. ფაქტების გადასამოწმებლად, ასევე, კონკრეტული ქვეყნის კონტაქტებს ვიყენებთ. ვითანხმებთ უცხოელ რესპონდენტებს და ვწერთ ინტერვიუებს.
საუკეთესო შემთხვევაში, ჩავდივართ მოვლენათა ეპიცენტრში და ადგილზე ვმუშაობთ ინფორმაციის მოსაპოვებლად. ამ პროცესების გავლის შემდეგ, საინფორმაციო გამოშვების სტანდარტიდან გამომდინარე, ჩვენს მაყურებელს მაქსიმალურად ლაკონიურად ვაწვდით დაზუსტებულ ინფორმაციას.
ცხადია, ნებისმიერი ახალი ამბავი, უმჯობესია, ადგილიდან გაშუქდეს. თუმცა, ვფიქრობ, ამის განსაკუთრებული აუცილებლობაა მაშინ, როცა ისეთ მოვლენებთან გვაქვს საქმე, რომლებსაც რეგიონული ან გლობალური გავლენა აქვს: იქნება ეს ომი, არეულობა, დემონსტრაციები, არჩევნები, სტიქიური უბედურებები თუ სხვა.
სანდო წყაროები მსოფლიოში
ვიდეომასალების მოპოვების კუთხით, ჩვენი მთავარი წყარო არის Reuters-ი. ვეყრდნობით ისეთ მედიასაშუალებებს, როგორებიცაა: BBC, CNN, The Guardian, DW. თუმცა შეცდომები ყველას მოსდის, ამიტომ დამატებით, როგორც უკვე აღვნიშნე, თუ გვაქვს შესაძლებლობა, უცხო ქვეყანაში მყოფ კონტაქტებზე გავდივართ.
ხშირად, შეიძლება, კონკრეტული პიროვნების სიტყვით გამოსვლა არასწორად იყოს ციტირებული ან ნათარგმნი, ამიტომ თავად ვუსმენთ და მხოლოდ რომელიმე მედიასაშუალების მიერ გამოტანილ ციტატებს არ ვეყრდნობით.
ჟურნალისტიკის „ყველი და პური“
ჩემს პრაქტიკაში არაფერი ყოფილა წინასწარ ორგანიზებული. ნებისმიერ ქვეყანაში ჩასვლისას თავად ვიწყებ კონტაქტების მოძიებას.
ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა თუ სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობის მიღება. ჩემი გამოცდილებით, სწორედ ასეთ ღონისძიებებზე შეძენილი უცხოური კონტაქტებით გავდივარ შემდეგ ჩემთვის სასურველ კონტაქტებზე. ერთი ადამიანი იცნობს მეორეს, მეორე - მესამეს და ასე, ჯაჭვური პრინციპით, მომიპოვებია ჩემთვის სასურველი რესპონდენტის საკონტაქტო ინფორმაცია და შემდეგ ინტერვიუც.
ჟურნალისტისთვის კონტაქტების სიუხვე, ასე ვთქვათ, პური და ყველია.
უცხო ქვეყანაში ჟურნალისტური საქმიანობის სირთულეები
უცხო ქვეყანაში ჩასვლისას აუცილებელია, გაითვალისწინო როგორც იმ ქვეყნის კანონმდებლობა, ისე - კულტურა და სოციუმი. მქონია შემთხვევა, როდესაც, პროფესიული საქმიანობის შესრულებისას, გარკვეულ სირთულეებსა და წინაღობებს გადავაწყდი.
გარკვეული ქვეყნები ითხოვენ წინასწარ რეგისტრაციას, შეიძლება, დაგჭირდეს სპეციალური დოკუმენტი, რომლითაც ადგილზე ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების უფლებას მოგცემენ.
უახლოეს წარსულში, მაგალითად, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების გასაშუქებლად ანკარაში ვიმყოფებოდი, სწორედ იქ დამჭირდა ე.წ. ჟურნალისტის ვიზა. ადგილზე მოქმედებდა გარკვეული შეზღუდვები: არ გვქონდა ქალაქისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების გადაღების უფლება. როდესაც გხედავენ ვიდეოკამერითა და მიკროფონით, შეიძლება, მოვიდეს პოლიცია ან უსაფრთხოების სამსახური და გამოგკითხოს - რას და რატომ იღებ. ეს მხოლოდ თურქეთში არ ხდება. ასეთ სიტუაციებში ძალიან მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაციის უნარი.
საომარი მოქმედებების გაშუქება ცხელი წერტილიდან
უკრაინაში გადამღები ჯგუფის გაშვების საკითხი დადგა მას შემდეგ, რაც დასავლეთიდან აქტიურად კეთდებოდა განცხადებები, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარია მობილიზებული და ნებისმიერ დროს შეიძლება, სრულმასშტაბიანი ომი დაიწყოს. როგორც გახსოვთ, ასეთ გაფრთხილებებს ავრცელებდა როგორც ბრიტანული და ამერიკული დაზვერვა, ასევე, მსოფლიო ლიდერები.
ომში ძალით ვერავინ გაგიშვებს და ვერც იმ ქვეყანაში დაგავალებენ წასვლას, სადაც ომია მოსალოდნელი.
ჩვენმა ხელმძღვანელმა იკითხა, თუ ვინ წავიდოდა. მე ვიყავი ერთ-ერთი, ვინც ეს სურვილი გამოვთქვი და თებერვლის დასაწყისში გავემგზავრეთ კიევში. თავიდან არ ვიცოდით, რამდენი ხნით მოგვიწევდა იქ დარჩენა: იქნებოდა ეს რამდენიმე კვირა თუ რამდენიმე თვე.
უკრაინის დედაქალაქში ჩასვლის წუთიდან დავიწყე კონტაქტების მოძიება. ყოველდღიურად ვაშუქებდი საკითხს, თუ რამდენად რეალურია სრულმასშტაბიანი ომის დაწყების საფრთხე. მართალია, ჩემი ყველა რესპონდენტი, მათ შორის უკრაინის თავდაცვის იმდროინდელი მინისტრიც, მარწმუნებდა, რომ სრულმასშტაბიანი ომი არ დაიწყებოდა და, მაქსიმუმ, ეს იქნებოდა საომარი მოქმედებები დონბასში, თუმცა ფაქტია, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომიც დაიწყო.
24 თებერვლიდან მუშაობის სხვა რეჟიმზე გადავედით. პირადად მე, ომის გაშუქების გამოცდილება არ მქონდა, მაგრამ მახლდა ოპერატორი, რომელსაც არაერთი საომარი მოქმედება გაუშუქებია.
ომის პირველი დღეები განსაკუთრებით ქაოსური იყო: როდესაც აცხადებდნენ, რომ სამ დღეში ოკუპანტები კიევს აიღებდნენ; რომ პუტინის მთავარი სამიზნე უკრაინის დედაქალაქი იყო; რომ გაანადგურებდნენ სამთავრობო კვარტალს და ა.შ. ომის პირველივე დღეს კიევიდან საერთაშორისო მედიის მასობრივი ევაკუაცია დაიწყო. მაქსიმალურად ვემორჩილებოდით საჰაერო განგაშის სიგნალს და, ასევე, კომენდანტის საათს. თუმცა ეს შეზღუდვები, ცხადია, პროფესიული საქმიანობის განხორციელებას მნიშვნელოვნად აფერხებდა.
ექსტრემალურ სიტუაციებში ინფორმაციის გადამოწმება
ექსტრემალურ სიტუაციებში მხოლოდ საკუთარ თავს ვენდობი. თუკი არ მაქვს საკმარისი მტკიცებულება და სანდო წყარო, რომლებიც ინფორმაციის ნამდვილობას დაადასტურებს, მაშინ ამ ამბავს არც ვყვები.
ვსაუბრობ მხოლოდ იმაზე, რაც საკუთარი თვალით ვნახე, თავად მოვისმინე და დანამდვილებით ვიცი.
გარდა საკუთარი თვალებისა და ყურებისა, ასევე, ინფორმაციის გადამოწმებაში ძალიან მეხმარებოდა ადგილობრივი კონტაქტები.
მუშაობა შეზღუდულ პირობებში
არცერთი კადრი არ ღირს ადამიანის სიცოცხლის ფასად, - ეს შემახსენა ჩემმა ოპერატორმა ომის პირველივე დღეს. ამ მხრივ, ვფიქრობ, ჩვენ ერთმანეთს ვაბალანსებდით. მე პირველად ვაშუქებდი ომს და მქონდა ენთუზიაზმი, ადრენალინი, ცხელ წერტილში ყოფნის სურვილი და არ ვფიქრობდი საფრთხეებზე. ახლაც რომ ვიხსენებ, შიშის შეგრძნება იმ დროს საერთოდ არ მქონდა. საბედნიეროდ, ეს დააბალანსა ჩემმა ოპერატორმა, კახა ჯანეზაშვილმა.
იყო შემთხვევები, როცა ე.წ. ბუნკერიდან, აქტიური სროლის დროს, გარეთ ვიპარებოდი, რომ ჩემი თვალით მენახა, რა ხდებოდა, მობილურით კადრი გადამეღო ან ხმა ჩამეწერა, რათა მომდევნო ჩართვაში მაყურებლისთვის სიახლე მქონოდა.
კომენდანტის საათის გამო, რომელიც სამი დღე გაგრძელდა, ფაქტობრივად, ხელ-ფეხშეკრულები ვიყავით და შეზღუდულ პირობებში მიწევდა მუშაობა.
საერთაშორისო ამბებზე მომუშავე ჟურნალისტისთვის აუცილებელია...
პირველ რიგში, ანალიტიკური აზროვნების უნარი. უნდა შეგეძლოს ერთი მოვლენის მეორესთან დაკავშირება, სხვადასხვა პოლიტიკური მოვლენის შესაძლო გავლენების პროგნოზირება. კარგად უნდა იცოდე ქვეყნების საგარეო პოლიტიკა და, ზოგადად, მსოფლიო ისტორია. ეს გაძლევს შესაძლებლობას, რომ, მაგალითად, ერთ კონკრეტულ ქვეყანაში წამოწყებული არეულობა ან კონფლიქტი გაიაზრო გეოპოლიტიკურ ჭრილში, გაანალიზო ამ მოვლენის შესაძლო გავლენები რეგიონსა თუ მსოფლიოში.
უახლესი მაგალითი რომ ავიღოთ, - როდესაც ჰამასი ისრაელში შეიჭრა და თავს დაესხა მოსახლეობას, როდესაც გამწვავდა ვითარება, იქიდან გამომდინარე, რომ ვიცი ისტორია და ჩახედული ვარ მიმდინარე პროცესებში, პირველივე კითხვა გამიჩნდა, თუ რას მოიმოქმედებს „ჰეზბოლა“, რას მოიმოქმედებს ირანი. ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად კი უკვე საგანგებო რეჟიმში აკვირდები არა მხოლოდ ისრაელი-ჰამასის ომს, არამედ რეგიონში არსებულ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებსაც.
ახალბედა ჟურნალისტებს, განსაკუთრებით სტუდენტებს, რომელთაც მომავალში სურთ საერთაშორისო ამბების გაშუქება, ვურჩევ, - კარგად ისწავლონ მსოფლიო ისტორია, საერთაშორისო ურთიერთობები. კარგი იქნება, თუ პოლიტოლოგიის კურსებსაც გაივლიან. მნიშვნელოვანია, მინიმუმ, ორი უცხო ენის ცოდნა.
აუცილებელია, ასევე, თანამედროვე ნიუსრუმში იყო მულტიმედიური ჟურნალისტი, განსაკუთრებით, როცა საერთაშორისო ამბებზე მუშაობ და შეხება გაქვს უამრავ ინტერნეტ-წყაროსთან. მაქსიმალურად მაღალ დონეზე უნდა გქონდეს საძიებო სისტემებში მუშაობის უნარები განვითარებული.
დღეს, ასევე, უფრო და უფრო აქტუალური ხდება ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ჟურნალისტიკაში. ასე რომ, თავადაც ყოველდღე რაღაც ახალს ვსწავლობ. ვცდილობ, მეტი უნარი გამოვიმუშაო. დამწყებ და პრაქტიკოს ჟურნალისტებსაც იმავეს ვურჩევ, რათა მუდმივ თვითგანვითარებასა და უწყვეტ განათლებაზე იყვნენ ორიენტირებული.
საუბრის ბოლოს, ჩვენმა რესპონდენტმა, მარიამ გიგანმა კიდევ ერთხელ ისაუბრა საერთაშორისო მოვლენების გაშუქების აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ ლოკალური ამბების გარდა, მნიშვნელოვანია, კარგად ვერკვეოდეთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებშიც, რომლებიც ქვეყნებისა და თითოეული მოქალაქის ყოფაზე პირდაპირ გავლენას ახდენს.
სოსო გაზდელიანი