პოლიტიკის საკითხების გაშუქებას მედიის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. რაც უფრო დიდია პოლარიზაცია საზოგადოებაში, მით მეტია დაინტერესება ამ ტიპის კონტენტის მიმართ. მედიასაშუალებებსაც ხშირად უწევთ იმ წესებით თამაში, რომლებსაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი კარნახობს.
პოლიტიკის საკითხების გაშუქების თავისებურებებზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელი, გიორგი გვიმრაძე გვესაუბრება.
განსხვავებულ მოსაზრებათა თავმოყრის ადგილი
საზოგადოებაში პოლარიზაცია და ფრაგმენტაცია მუდმივად მზარდია. განსხვავებულ პოზიციებს შორის ე.წ. შეხვედრის ადგილი არ არსებობს, რადგან ყველა ცდილობს, საკუთარი ნიშა დაიკავოს, თავისი აუდიტორია მოსაზღვროს და მას ესაუბროს. აქედან გამომდინარე, სულ უფრო საჭირო ხდება ისეთი სივრცეების არსებობა, სადაც შესაძლებელი იქნება განსხვავებულ მოსაზრებათა თავმოყრა, თუმცა ეს სერიოზულ სირთულეს წარმოადგენს.
რაც უფრო მიმზიდველია პოლარიზებული კონტენტი, მით უფრო რთულია ე.წ. ნეიტრალური მასალის შექმნა. მაგალითად, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, როგორ შევქმნათ სივრცე, სადაც შეიძლება, თავი მოიყაროს განსხვავებული პოლუსების წარმომადგენლებმა და მათ შორის კომუნიკაცია შესაძლებელი გახდეს. ამასთან, ეს იყოს მიმზიდველი ფორმით გაკეთებული: ერთი მხრივ, ერთმანეთს არ აყენებდნენ შეურაცხყოფას და გაიმართოს ჯანსაღი დისკუსია, მეორე მხრივ კი, არ დაკარგოს თავისი სპეციფიკა.
აბსოლუტური ობიექტურობა შეუძლებელია
ბალანსი, ესაა ე.წ. მიუკერძოებლობა. ჩვენ ვერ შევძლებთ, რომ აბსოლუტურად ობიექტურები და საკუთარი გრძნობებისგან დაცლილები ვიყოთ, მით უმეტეს, დღეს. ეს ასეა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ - მსოფლიოშიც. მაგალითად, ჯო ბაიდენის მიერ თავისი კანდიდატურის მოხსნის შემდეგ რაც დაიწყო ამერიკაში, ესაა პრინციპულ-იდეოლოგიური დაპირისპირება ორ ბანაკს შორის, რომლებიც, უბრალოდ, ერთმანეთს ვერ იტანენ. ეს ამბავი არც ჩვენთვის და არც სხვა ქვეყნებისთვის, ვფიქრობ, შორეული არ არის, ყველასთვის კარგად ნაცნობი შემთხვევაა.
ავიღოთ საფრანგეთის არჩევნები, იქაც დიდია პოლარიზაცია და, პრაქტიკულად, ერთმანეთთან ურთიერთობა გართულებულია, თუმცა რაღაც ტიპის დებატებს მაინც ახერხებენ. ჩვენთანაც, დაახლოებით, მსგავსი სიტუაციაა.
საბოლოო ჯამში, სოციუმში იმდენად დიდია ერთმანეთის მიუღებლობა, რომ ამგვარი ამოცანა უნდა დავისახოთ თუ არა, ხშირ შემთხვევაში, ესეც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ხოლმე, - ხომ არ იქნება მოჩვენებითი და იმისთვის გაკეთებული, რომ რაღაც ვალდებულება შევასრულოთ. სიტუაცია ასეთია: როდესაც ადამიანები ერთმანეთის არსებობას ვერ იტანენ, შეიძლება თუ არა, რომ ჩვენ ამ მოცემულობაზე თვალი დავხუჭოთ? - ეს საკითხი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რომელზეც აუცილებლად უნდა ვიფიქროთ. ისიც უნდა გავარკვიოთ, მართლაც, ამხელაა ზიზღი ან, ზოგადად, შეიძლება თუ არა მისი დაძლევა, აქვს მას ღრმა საფუძვლები თუ ზედაპირულია და ძალაუფლების მოპოვების სურვილითაა ნაკარნახევი. ძალიან რთული ამოცანის წინაშე დგას საზოგადოება და ჩვენ, ჟურნალისტები, რომლებიც ამ სოციუმის ნაწილი ვართ.
სოციუმში კომუნიკაციური პროცესი დარღვეულია
სოციალური მედია კარგად აჩვენებს ყველაფერს. ხშირად თვალს ვადევნებ, როგორია გამოხმაურებები ჩვენს კონტენტთან დაკავშირებით. დღეს არსებობს ტერმინი „ჰეითერები“, ძირითადი აქტივობაც ეს არის, რომ ვიღაცას რაღაც არ მოსწონს.
ერთ მომენტში დავფიქრდით იმაზე, ხომ არ შევიდეთ დისკუსიაში ჩვენს მომხმარებლებთან. სოციალური მედია ხომ ამ უკუკავშირის შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ყველას სურს თავისი მოსაზრება გამოთქვას და იმის იქით დამატებითი კომუნიკაცია მათთვის საინტერესო აღარ არის. ან უნდა გაგაკრიტიკოს, ან - შეგაქოს. მთლიანობაში, კომუნიკაციური პროცესი სოციუმში დარღვეულია, კონტაქტის ადგილები სულ უფრო ცოტა რჩება.
მედიაკონტენტის მოხმარების კულტურა
ახალგაზრდების დიდი ნაწილი აღარ არის ტელევიზიის მომხმარებელი. ისინი ინტერნეტსივრცეს ამჯობინებენ. აქ საუბარი არ არის კონტენტის ხანგრძლივობაზე, რადგან სოციალურ მედიაში განთავსებულ პოდკასტსა თუ ვოდკასტს, შეიძლება, უფრო დიდი ქრონომეტრაჟი ჰქონდეს, ვიდრე კონკრეტულ გადაცემას - ტელევიზიაში. როგორც ჩანს, ურთიერთობის ფორმა და შედარებით თავისუფალი არჩევანი, აქ გადამწყვეტ როლს თამაშობს, განსაკუთრებით - ახალგაზრდებში.
ინტერნეტსივრცეში განთავსებული, თუნდაც, პოლიტიკური ვიდეოკონტენტის მიმართ დაინტერესება სულ უფრო მზარდია. ეს მეტყველებს იმაზეც, რომ ახალგაზრდებიც აქტიურად უყურებენ ამ ტიპის გადაცემებს, თუმცა - სოციალური მედიის საშუალებით. ყურადღებამისაქცევია იმ ფაქტორისთვისაც, რომ ამგვარი კონტენტი ხშირად მიკერძოებულია. არ ვამბობ, რომ ეს ცუდი ან კარგია, უბრალოდ, რადგან ვიდეოკონტენტი განთავსებულია მეტწილად თავისუფალ პლატფორმაზე, კონტენტმეიქერები საკუთარ თავს უფრო მეტის უფლებას აძლევენ ხოლმე. ისინი, როგორც წესი, მიზნობრივ აუდიტორიასთან სასაუბროდ გარკვეულ რაკურსს ირჩევენ. სხვათა შორის, ეს უკვე ტრადიციული მედიისთვისაცაა დამახასიათებელი, ისიც შეიძლება გახდეს პოლიტიკური კონოტაციის მატარებელი.
ტრადიციულ მედიაში პრობლემა არის ის, რომ მედიაკონტენტზე წვდომა მხოლოდ მეინსტრიმ ჯგუფებს აქვთ, შესაბამისად, შინაარსსაც სწორედ ისინი აკონტროლებენ. რაც შეეხება ინტერნეტში განთავსებულ კონტენტს, იქ მეტი მრავალფეროვნებაა, ეს, თავის მხრივ, კარგია, რადგან იმას, რაც მეინსტრიმში არ ისმის, ინტერნეტის საშუალებით ვიგებთ.
დილემები წინასაარჩევნო ეთერებში
საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ვალდებულება, გამართოს წინასაარჩევნო დებატები. დოკუმენტის მიხედვით, მსგავსი ტიპის ღია ეთერში მონაწილეობის უფლება კვალიფიციურ სუბიექტებს აქვთ. ყოფილა შემთხვევები, როცა რამდენიმე არაკვალიფიციური სუბიექტის ეთერში მოწვევა საინტერესო იქნებოდა, გამომდინარე წინარე კვლევებიდან, რომ ეს პოლიტიკური სუბიექტი მნიშვნელოვან შედეგზე გავიდოდა, მაგრამ, ამავდროულად, არსებობს კანონი, რომელიც გვეუბნება, რომ ვალდებულება მხოლოდ კვალიფიციურ სუბიექტებთან მიმართებით გვაქვს.
ყველას უნდა დებატები მმართველ პარტიასთან. თუ ხელისუფლების წარმომადგენლებს ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან მოიყვან, გამოდის, რომ უმრავლესობას მეტი დრო მიეცი, ვიდრე დანარჩენებს. ეს, საბოლოოდ, დათმობილ დროში ანგარიშდება და არასწორი ფორმაა. არსებობს დილემები და ჩვენ შემთხვევითობის პრინციპს მივმართავთ ხოლმე, ვინ ვისთან დაჯდება ეთერში.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გადავწყვიტეთ, რომ მერობის ყველა კანდიდატისთვის შეგვეთავაზებინა დებატები. სცენაზე ათეულობით კანდიდატი იდგა, თუმცა ეს ფორმა საინტერესო არ აღმოჩნდა. მთლიანობაში, პოლიტიკური სუბიექტების სიმრავლე და მოუქნელი საკანონმდებლო ფორმა, ვინ ვისთან შეიძლება რომ დაჯგუფდეს, ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს, ჩვენ ვასრულებთ ვალდებულებას, თუმცა რამდენად შედეგიანი და საინტერესო იყო, ეს საკითხი ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ხოლმე.
პოლიტიკის გავლენა მედიის დღის წესრიგზე
დღის წესრიგის დამთხვევას თავისი გამომწვევი მიზეზები აქვს. რომც მოინდომოს რომელიმე მედიასაშუალებამ სხვა დღის წესრიგით იმუშაოს, ძალიან გაუჭირდება, რადგან სოციუმში უკიდურესი პოლარიზაციაა. არსებობს პოლიტიკური მედიაც, რასაკვირველია, არამხოლოდ ჩვენთან, ამერიკა ამის საუკეთესო მაგალითია. ამერიკული მედიის ინტერესი, დიდწილად, პოლიტიკურია. ეს იმას ნიშნავს, რომ რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტი მედიასაშუალების დღის წესრიგს განსაზღვრავს, შესაბამისად, ამ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იქმნება გარკვეული თემები. სხვა მედიასაშუალებებს კი უწევთ ამ დღის წესრიგზე რეაგირება, რადგან როცა რაღაც თემა აიწევა, შეუძლებელია, შემდეგ მისი გაქარწყლება, გადამოწმება ან მხარდაჭერა არ გახდეს საჭირო იმის დასადგენად, ეს მართლაც ასეა თუ არა.
ის, რაც ამ სივრცეში ტრიალებს, საბოლოო ჯამში, ყველას გადაედება ხოლმე და უწევს ამ თამაშის წესებით მოქმედება. ამრიგად, მედიასაშუალებათა გარკვეული ნაწილის დღის წესრიგს მათი დამკვეთების პოლიტიკური დღის წესრიგი ქმნის. კომერციული მედია ტყუილად ხომ არ იქმნება, მით უმეტეს, ჩვენს ქვეყანაში მედია ბიზნესად არ გამოდგება. არ ვგულისხმობ ისეთ მედიაარხებს, რომლებსაც გარკვეული ბიზნესმიზნები გააჩნია. საუბარია პოლიტიკური კონტენტის მწარმოებელ მედიასაშუალებებზე, რომლებიც ბიზნესმოდელად არ ივარგებს, ცხადია, მათ გარკვეული პოლიტიკური ინტერესები გააჩნიათ და მუშაობენ იმ დღის წესრიგით, რომელსაც დამკვეთი უდგენს.
ყველაზე საშიში - მანიპულაციური ინფორმაციაა
თუ აბსოლუტური ტყუილია, რაღაც მომენტში ის ცხადდება. ინფორმაცია, რომელიც ყველაზე საშიში და პრობლემურია, მანიპულაციური ხასიათისაა, როდესაც რომელიღაც ფაქტი შეფასებულია კონკრეტული პოლიტიკური მიზანშეწონილობის პერსპექტივით. ეს ქმნის გარკვეულ აღქმას, რომელიც მუშაობს და საზოგადოებაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. შესაბამისად, მასთან დაპირისპირება მარტივი ამბავი არ არის. ფაქტი ყველა მხრიდან უნდა გაშუქდეს. როდესაც ის მხოლოდ ერთი რაკურსითაა ნაჩვენები, ეს არასრულ სურათს ქმნის, რომლის გამოსწორებაც რთული ამოცანაა, განსაკუთრებით პოლარიზებულ საზოგადოებაში, რომელმაც უკვე ნახა ამბის ერთი მხარე და დამატებით აღარაფერი აინტერესებს.
აუცილებელია, ფაქტი ყველა რაკურსით გაშუქდეს, რათა მისი მთლიანობა აღდგეს. მცდელობა ბოლოს სადღაც მაინც პოვებს თავის გამოძახილს. როდესაც არსებობს რაღაც მიზანი, ის მოქმედებს ადამიანის ემოციურ ნაწილზე და სწორედ მასზე ცდილობს პედალირებას. ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი რაციონალურობა შემოვიტანოთ.
პოლიტიკური გადაცემის წამყვანის როლი
ყველა როლს თავისი დანიშნულება და ადგილი აქვს. მე ჩემს თავს არ მივიჩნევ ე.წ. „ჰარდ თოქის“ წამყვანად, არსებობს მსგავსი მიმართულებაც, თუმცა ჩემთვის რაიმე ტიპის მომხიბვლელობას არ წარმოადგენს რესპონდენტთან დაპირისპირება და მძიმე დისკუსია. მირჩევნია, სტუმარს მეტი შესაძლებლობა და კომფორტი მიეცეს, რათა მარტივად გაიხსნას. ვფიქრობ, მაყურებელსაც ზუსტად რესპონდენტის აზრები აინტერესებს. „ჰარდ თოქის“ რეჟიმში ხშირად სტუმარი საკუთარ თავში იკეტება, რის შემდეგაც დიალოგი უინტერესო ხდება.
ჩემთან მიმართებით ხშირად მომისმენია საყვედური, რომ რესპონდენტს ბევრი საუბრის შესაძლებლობას ვაძლევ. ჩემთვის სწორედ ისაა საინტერესო, რომ რესპონდენტმა მაქსიმალურად ამოიღოს ის, რასაც ფიქრობს. მე მგონი, ეს უფრო მნიშვნელოვანი იქნება მაყურებლისთვისაც. „ჰარდ თოქის“ დროს სტუმარი ბევრ რამეს მალავს, იკეტება საკუთარ თავში და ცდილობს, ნაკლები ილაპარაკოს.
წარმოაჩინე ისეთად, როგორიც არის...
ხშირად აკრიტიკებდნენ ამერიკულ მედიასაშუალება Wise News-ს, რომელიც აქტიურად აშუქებდა სირიასა და ერაყში დაეშის აღზევებას. ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც დაეშის „სოროში“ შეაღწია და აჩვენა, როგორ ცხოვრობდა. დაიქირავა ოპერატორი და უთხრა, რასაც გაჩვენებენ, ის გადაიღეო და როგორც წარმოაჩენენ თავს, ჩვენც ისე ვუჩვენოთო. ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ფილმი იყო, რომელიც რაქაში გადაიღეს. ოპერატორი მიყვება დაეშის პრესოფიცერს და ის რაღაცებს უყვება. მონაყოლი იმდენად საშინელია, რომ მას დამატებით კომენტარი ან ჩაკითხვა არ სჭირდება.
კრიტიკა გამოიწვია იმან, რომ ამ ყველაფრის ჩვენება როგორ შეიძლებოდა და რომ ეს დაეშის პოპულარიზაციას გამოიწვევდა. რაზეც მედიაორგანიზაციამ უპასუხა, რომ დაეშისთვის ეს სასტიკი ქმედებები პრივილეგიაა, მათ უნდათ, რომ ასეთად წარმოაჩინონ საკუთარი თავი. ჩვენ კი აღარ გვინდა ამ ყველაფრის შელამაზება ან დამახინჯება, მძიმე მუსიკის დადება თუ სხვა ხელოვნური ჩარევა. ჩემი დამოკიდებულებაც, დაახლოებით, ასეთივეა. კარგი იქნება, თუკი ჩემი რესპონდენტი საკუთარ თავს ისეთად წარმოაჩენს, როგორიც არის.
ჟურნალისტიკა ხელოვნებაა
შეუძლებელია, დღეს სტანდარტებს არ არღვევდე. ეს უკვე, ლამის, მედიასაშუალებების დაკვეთად იქცა. მედიაორგანიზაციები, თითქოს, თავიანთ ჟურნალისტებს უბიძგებენ, ზრდილობისა და ტაქტის ელემენტარული გამოვლინება დაკარგონ, რესპონდენტთან ურთიერთობის ფორმები იყოს შეურაცხმყოფელი და ა.შ.
თუკი მომავალი ჟურნალისტები მიკერძოებულ მედიასაშუალებებში დაიწყებენ მუშაობას, მათი წესებით თამაში მოუწევთ. ანგაჟირებული მედიაკონტენტის შექმნის პირობებში, ინფორმირების კეთილშობილი ფორმა თითქმის აღარ არსებობს.
საუბრის დასასრულს, ჩვენმა რესპონდენტმა, გიორგი გვიმრაძემ პოლიტიკურ თემებზე მომუშავე ჟურნალისტებს დამატებითი პროფესიის შეძენა ურჩია, ამასთან, კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ჟურნალისტიკა ხელოვნებაა, რომლითაც გარკვეული მოვლენები უნდა გაშუქდეს.
სოსო გაზდელიანი