სახელმწიფოს დემოკრატიულობის ხარისხს, სხვა მრავალ ინდიკატორთან ერთად, ხალხის მიერ ხელისუფლების არჩევის შესაძლებლობა განსაზღვრავს. ინფორმირებული არჩევანის გაკეთება კი მედიის პირდაპირი მოვალეობა და პასუხისმგებლობაა.
როგორია მედიის როლი საარჩევნო პროცესის მთელი ციკლის განმავლობაში: წინასაარჩევნოდან პოსტსაარჩევნო პერიოდის ჩათვლით, - თემაზე ვრცლად ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ პოლიტიკური გადაცემის წამყვანი და ჟურნალისტი, ემა ტუხიაშვილი გვესაუბრება.
მედიის როლი წინასაარჩევნო პერიოდში
საარჩევნო პროცესში მედიის აქტიური ჩართულობა იწყება ჯერ კიდევ იმ ეტაპზე, როდესაც პოლიტიკური პარტიები ამომრჩევლებთან შეხვედრებს იწყებენ. ამ დროს, როგორც წესი, ისინი საკუთარ წინასაარჩევნო პროგრამებს აცნობენ.
მოცემულ ეტაპზე, მედიის როლი არის ის, რომ ხმამაღალ დაპირებებში განარჩიოს ერთმანეთისგან: სად არის მითი და სად - წინასაარჩევნო დაპირების შესრულების რეალური შესაძლებლობა და მაქსიმალურად დროულად და ამომწურავად მიაწოდოს ინფორმაცია მკითხველს, მსმენელსა თუ მაყურებელს.
არჩევნების დღე - მედიის შეცვლილი დღის წესრიგი
მეორე მნიშვნელოვანი ეტაპია, უშუალოდ, არჩევნების დღე, როდესაც რვა საათზე იხსნება საარჩევნო უბნები და მთლიანად იცვლება მედიის მუშაობის რეჟიმი: ნაწილი ე.წ. საარჩევნო ველზეა გაშლილი და არჩევნების მიმდინარეობას ადგილიდან აშუქებს, ნაწილი კი პროცესს შიგნიდან აკვირდება.
არჩევნების დღეს ინტერესის საგანს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასებები, ბრიფინგები და გაკეთებული განცხადებები წარმოადგენს. ამ დროსაც მედიის როლია, მაქსიმალურად ყველაფერი ასახოს, მეტი ინფორმაცია მიაწოდოს მოსახლეობას იმისათვის, რომ არჩევნების მიმდინარეობის პროცესზე სრულფასოვანი სურათი შეექმნას.
მიუკერძოებელი მედიის სასიცოცხლო როლი საარჩევნო პროცესში
მედია არ უნდა იყოს პროაქტიური იმ თვალსაზრისით, რომ მოახდინოს ზეგავლენა ამომრჩევლის ნებაზე და გაშუქების პოლიტიკამ უკარნახოს ამომრჩეველს, თუ რომელი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ მისცეს ხმა. ისიც მესმის, რომ ჩვენს ამ პოლარიზებულ გარემოში ძალიან რთულია ობიექტურობის შენარჩუნება, რადგან პოლარიზებულია არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ მედიაგარემოც.
ფაქტობრივად, გაცხადებულად, ჩვენ გვაქვს ე.წ. პროსახელისუფლებო და ოპოზიციური არხები და ასეთ სიტუაციაში იმ მედიასაშუალებებს, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ ფუფუნება, შეინარჩუნონ ობიექტურობა, ვფიქრობ, ერთადერთი ნათელი წერტილია იმ ამომრჩევლისთვის, რომელსაც ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული პოლიტიკური გემოვნება და ე.წ. გადაუწყვეტელ ელექტორატს მიეკუთვნება. ობიექტური, დამოუკიდებელი მედია სასიცოცხლო როლს თამაშობს თავად საარჩევნო პროცესში.
მედია „პოლიტიკური ფრონტის“ წინა ხაზზე
მედიის როლი, რა თქმა უნდა, საარჩევნო შედეგების არც წინასწარი და არც საბოლოო გამოცხადებით არ მთავრდება. ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორია ცხადყოფს, რომ შედეგებით უკმაყოფილო მხარე ხშირად გამოხატვის სხვადასხვა ფორმას მიმართავს და, ამ შემთხვევაშიც, მედიას უწევს ე.წ. პოლიტიკური ფრონტის წინა ხაზზე დადგეს და, პრაქტიკულად, მოსახლეობას 24/7-ზე უწყვეტ ინფორმაციას აწვდიდეს.
თუკი ვინმესთვისაა საარჩევნო პერიოდი რთული, პოლიტიკოსების შემდეგ, სწორედ - მედიისთვის.
პოლიტიკური პლურალიზმი მედიაში
25 წელია, რაც ჟურნალისტიკაში ვარ, აქედან ბოლო 10 წელი - ტელემიმართულებით. მგონი, ეს პირველი სატელევიზიო სეზონი და პირველი არჩევნებია, როდესაც მე, როგორც პოლიტიკური ტოქშოუს წამყვანს, არ მქონია შესაძლებლობა, ჩემს გადაცემაში პოლიტიკურად დაპირისპირებულ მხარეებს შორის დებატები მომეწყო. ამ შემთხვევაში, უნდა ითქვას, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის საზიანოდ, რომ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ასეთ დებატებში მონაწილეობაზე თითქმის არავინ თანხმდება.
ყურადღებას აქცევენ, რამდენად შეესაბამება მათი სტატუსი მოწინააღმდეგე მხარის პოლიტიკურ თანამდებობას, - ეს მიზეზი ხშირად გამხდარა დებატებში მონაწილეობაზე უარის თქმის საფუძველი. ამიტომ, ეს არის ერთადერთი არჩევნები, როცა მე პოლიტიკური დებატების მოწყობის შესაძლებლობა არ მქონია. ამ დროს ეს უნდა იყოს ამომრჩევლის გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი სახელმძღვანელო, როდესაც ჯანსაღ დაპირისპირებასა და კამათში შესული პოლიტიკოსებიდან გააკეთოს არჩევანი ამა თუ იმ პოლიტიკური ძალისა თუ მათ მიერ წარმოდგენილი პოლიტიკური პროგრამის სასარგებლოდ.
მიზეზები, ალბათ, ისევ პოლარიზებულ მედიაგარემოში უნდა ვეძებოთ, სადაც, პრაქტიკულად, გვაქვს, ერთი მხრივ, პროსახელისუფლებო არხები, სადაც აქვთ ე.წ. თეთრი და შავი სია და რესპონდენტებს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით იწვევენ, მეორე მხრივ კი, ოპოზიციური მედიასაშუალებები, რომლებსაც სახელისუფლებო პირები ბოიკოტს უცხადებენ, გამომდინარე მათი სარედაქციო პოლიტიკიდან. ფაქტია, რომ ქართულ პოლიტიკაში ბევრი არაორდინალური რამ გვინახავს და ეს არჩევნები ამითაც გამოირჩევა.
დებატების მართვის პროფესიული სტანდარტი
როგორც უკვე ვახსენე, განსხვავებულ მოსაზრებათა მქონე პოლიტიკურ სუბიექტებთან დებატების შესაძლებლობას ამ ბოლო პერიოდში, ხსენებული მიზეზებიდან გამომდინარე, მოკლებული ვარ.
ხშირად მე თავად მიწევს, რესპონდენტთან დავაფიქსირო განსხვავებული პოზიცია, რათა ყველა პოლიტიკური გემოვნების მქონე ჩემი მაყურებლის ინტერესები დავაკმაყოფილო. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ჰგონიათ, ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა, ზუსტად იციან, რომ მათ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს ვციტირებ ამ კონკრეტულ შემთხვევაში და ვითხოვ საპასუხო რეაქციას, მაგრამ ხშირად რესპონდენტების დიდი ნაწილი ამაზე მტკივნეულად რეაგირებს.
ქართველ პოლიტიკოსებს უჭირთ კომფორტის ზონიდან გამოსვლა და ჯანსაღ დებატებში შესვლა, თუნდაც, საკუთარი პოზიციის უპირატესობის დასამტკიცებლად.
ჟურნალისტური ცდუნება და დეზინფორმაციის რისკები
არჩევნების დღეს, სწრაფადცვლად საინფორმაციო გარემოში, საკმაოდ რთულია დეზინფორმაციისგან თავდაცვა. როგორც სოციალური ქსელების რიგითი მომხმარებლები, ყოფილა შემთხვევები, ცრუ ინფორმაციაზე მარტივად წამოვგებულვართ. მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების ფონზე, როცა ძალიან ბევრი საინფორმაციო ნაკადი არსებობს, სოციალური მედიაც ინფორმაციის ერთ-ერთი გამტარი ხდება ხოლმე. დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნების პირობებშიც, სოციალური მედიის მეშვეობით, ბევრად მეტი ინფორმაცია გავრცელდება, ვიდრე - ტრადიციულ მედიასაშუალებებში.
ყოველთვის მაღალია ჟურნალისტური ცდუნება, რომ გავრცელებული ინფორმაცია ოპერატიულად მიაწოდო დიდ აუდიტორიას, მაგრამ, ცდუნებასთან ერთად, მაღალია, ასევე, რისკი, რომ ეს ინფორმაცია ყალბი აღმოჩნდეს. ექსტრემალურ სიტუაციებში გადამოწმების დროც ძალიან ლიმიტირებულია, შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში გამოცდილება, ჟურნალისტური ალღო, პროფესიული უნარები გეხმარება იმაში, რომ მარტივად აღმოაჩინო, თუკი სადღაც ცდილობენ, უხეშად შეფუთული სიყალბე მოგაწოდონ.
მსგავს სიტუაციაში, ცხადია, ერთპიროვნულად არ იღებ გადაწყვეტილებას, ამაზე მუშაობს გუნდი, რომელთან ერთადაც უნდა გაიარო კონსულტაცია, ეთერის საშუალებით, გავაჟღეროთ თუ არა კონკრეტული ინფორმაცია.
პოსტსაარჩევნო პერიოდი - მედიის აქცენტები
პოსტსაარჩევნო პერიოდში აქცენტები კეთდება ცესკოს მიერ დათვლილი შედეგების სანდოობასთან დაკავშირებით იმ დარღვევების ფონზე, რომლებიც საარჩევნო პროცესში გამოვლინდა. ამ დროს, მნიშვნელოვან როლს თამაშობს, აგრეთვე, საერთაშორისო პარტნიორებისა და მათ მიერ საქართველოში გამოგზავნილი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებები. ეს ყველაფერი, საერთო ჯამში, ფაზლივით ეწყობა და ქმნის სურათს, რომლის მიხედვითაც არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა კეთდება.
როგორც მახსოვს, ბოლო წლების განმავლობაში არ ყოფილა არჩევნები, რომელთან დაკავშირებითაც არ ჰქონოდათ შენიშვნები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, - ადამიანის საარჩევნო უფლებების დარღვევა, ამომრჩევლის მოსყიდვა, მათზე ზეწოლა, საარჩევნო პროცედურების დარღვევა და ა.შ. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფრის ფონზე აღიარებდნენ არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას.
ეს არჩევნები, ვფიქრობ, გამონაკლისი იქნება, რადგან ის საერთაშორისო არბიტრები, რომლებსაც გადამწყვეტი სიტყვა ეთქმოდათ ამ პროცესში, აღარ გვყავს. ფაქტობრივად, ორი დაპირისპირებული პოლიტიკური მხარის იმედად ვართ დარჩენილი. შესაბამისად, ამ ფონზე დამოუკიდებელი და ობიექტური მედიის როლი კიდევ უფრო იზრდება.
არჩევნების გაშუქებისთვის საჭირო პროფესიული უნარები
საარჩევნო პროცესის გაშუქებისას საჭირო პროფესიულ უნარებს, ალბათ, ორ ნაწილად გავყოფდი. მახსოვს, ძალიან მნიშვნელოვანი ტრენინგები ტარდებოდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იმ ჟურნალისტებისთვის, ვინც, უშუალოდ, საარჩევნო პროცესს აშუქებდნენ, რადგან ასეთ დროს ძალიან ბევრი სამართლებრივი დეტალია გასათვალისწინებელი. მეორეა წმინდად პოლიტიკური ნაწილი, ასეთ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ამ კუთხით მეტი ინფორმაციის ცოდნა, ე.წ. პოლიტიკური მეხსიერების ქონა, რათა სათანადო პარალელები გაავლო.
მესმის ჩემი ბევრი კოლეგის, რომლებიც უკვე დიდი ხანია, არ მალავენ საკუთარ პოლიტიკურ პოზიციას, მაგრამ შეიძლება, ჩვენს მაყურებლებს სხვა პოლიტიკური გემოვნება ჰქონდეთ, გარდა ამისა, არსებობენ ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლებიც, შესაბამისად, ყველა კატეგორიის ადამიანს პატივი უნდა ვცეთ.
საუბრის ბოლოს, - ჩვენმა რესპონდენტმა შეაჯამა საკითხი და აღნიშნა, რომ ჟურნალისტიკაში არსებობს ოქროს სტანდარტი, რომელიც გვეუბნება, ადამიანს ინფორმაცია მივაწოდოთ ისე, რომ მას დავუტოვოთ გადაწყვეტილების მიღების უფლება და საკუთარი პოზიციები არ მოვახვიოთ თავს.
სოსო გაზდელიანი
მარიამ მაზიაშვილი