ჟურნალისტიკის ციფრული ერა - გამოწვევები და შესაძლებლობები.
ამ და სხვა საკითხებზე შოტლანდიელი მედიაექსპერტი, სტერლინგის უნივერსიტეტის პროფესორი, ადრიან ჰედლანდი გვესაუბრება.
ჟურნალისტიკის ციფრული ერა
ციფრული ეპოქის ერთ-ერთი გამოწვევა ის არის, რომ დღეს ყველა ჟურნალისტია. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შექმნას კონტენტი. პროფესიონალ ჟურნალისტს სხვებისგან საკითხისადმი ეთიკური მიდგომები განასხვავებს. ჩვენ ვცდილობთ, ვიყოთ ობიექტურები და სამართლიანები. ყოველთვის ვამოწმებთ წყაროების სანდოობას. ეს არის გზა, რომლითაც ამ გამოწვევას ვპასუხობთ. ფაქტობრივად, კონკურენციას ვუწევთ ინფორმაციის გავრცელების სხვადასხვა საშუალებას, საიდანაც ზოგი ჭეშმარიტია, ზოგი კი - არა. ეს საკმაოდ რთული პროცესია.
ანგარიშვალდებულება ამბის მონაწილეთა მიმართ
ჟურნალისტები უნდა შევეცადოთ, რომ არ ჩავაშენოთ ყალბი ამბები ჩვენს მასალებში. ეს საკითხისადმი ეთიკური მიდგომებით მიიღწევა. როდესაც საქმე ეხება იმ ადამიანებთან თანამშრომლობას, რომლებიც ამბის მონაწილეები არიან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხაზგასმით ვთქვათ - ვინ ვართ, ვის წარმოვადგენთ, რაზე ვმუშაობთ, რათა მათ ზუსტად იცოდნენ, რატომ ვართ იქ. ესაა, ერთი მხრივ, ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა, მეორე მხრივ კი, ინფორმაციის გადამოწმების გზა. პრაქტიკულად, სიმართლეს ვადგენთ ყველგან, სადაც ამის საშუალება გვაქვს და ვიყენებთ ყველა იმ შესაძლებლობას, რომლებიც ხელმისაწვდომია ამ ციფრულ ეპოქაში. ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი და ჩვენი მედიაორაგნიზაციის სახელით ვავრცელებთ, უნდა იყოს ჭეშმარიტი. ეს ბალანსი ამბის მონაწილეთა მიმართ ანგარიშვალდებულების გაწევითა და ინფორმაციის სიზუსტესა და სიმართლეზე ზრუნვით მიიღწევა.
დეზინფორმაციის გავრცელების ძლიერი და სუსტი არხები
არსებობს დეზინფორმაციის გავრცელების ძლიერი და შედარებით სუსტი არხები. ადამიანთა გარკვეული ჯგუფები ხშირად ქმნიან ყალბ ამბებს და ამ გზით ცდილობენ, გავლენა მოახდინონ დღის წესრიგზე და შექმნან საკუთარი ნარატივი. ამ საინფორმაციო ნაკადში გზის გაკვლევა ჩვენი პროფესიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
ახალი ამბების ორგანიზაციები, როგორც დეზინფორმაციის სამიზნე
უნდა გვახსოვდეს, რომ ახალი ამბების ორგანიზაციები ყოველთვის იყო დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მთავარი სამიზნე - ასე ხდებოდა გაზეთების გამოჩენის დღიდან. ციფრული ეპოქა, უბრალოდ, ამ პროცესის ახალი ფაზაა, იგივე მექანიზმებით - მხოლოდ განსხვავებული ფორმით, - ადრე ეს იყო გაზეთები და ჟურნალები, ახლა კი - სოციალური მედია, პოდკასტები და ა.შ. არსებობს მრავალი ახალი გზა პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გასავრცელებლად, მაგრამ ჩვენი, ჟურნალისტების, ვალდებულებაა, გამოვნახოთ საშუალება, რომ არ გავხდეთ ამ პროცესის ნაწილი. უნდა ვიმუშაოთ ეთიკური პრინციპების დაცვით, რათა შევინარჩუნოთ ჟურნალისტიკის უმთავრესი ღირებულებები და ხელი შევუწყოთ მხოლოდ ჭეშმარიტი ინფორმაციის გავრცელებას.
ჟურნალისტების დიდი ოჯახი დეზინფორმაციასთან ბრძოლის საქმეში
მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ ჟურნალისტები მთელ მსოფლიოში ერთი დიდი ოჯახი ვართ. ოჯახი, რომელიც ერთგულია თავისი საქმის პრინციპების. ჩემი რჩევა იქნება, კარგად გაიგოთ ის ეთიკური ჩარჩო, რომელშიც მუშაობთ და გააკეთოთ ყველაფერი, რათა მუშაობისას დაიცვათ ეთიკური პრინციპები, იმუშაოთ სამართლიანად, დაბალანსებულად, იყოთ პასუხისმგებლიანები, გადაამოწმოთ ინფორმაცია და დარწმუნდეთ, რომ თქვენზე რაიმე სახის გავლენა არ იქონია სხვების ნარატივმა. ეს, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ, როგორც ჟურნალისტების დიდ ოჯახს, ამ გამოწვევებთან გამკლავება ერთიანი ძალებით შეგვიძლია. მომავალი ჩვენ ხელშია.
ცნობისთვის, - ადრიან ჰედლანდი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პრაქტიკოს ჟურნალისტად მუშაობდა. ის ნელსონ მანდელამ სამხრეთ აფრიკაში პოლიტიკური ამბების მთავარ გამშუქებლად მიიწვია და რამდენიმე წელი იქ მოღვაწეობდა. არის 17 წიგნისა და არაერთი სამეცნიერო სტატიის ავტორი.
ავტორი: სოსო გაზდელიანი
ვიდეომონტაჟი: ლიკა ზამბახიძე