მედიის ყოველდღიური თეორია ადამიანების მიერ მედიუმის ინდივიდუალური გამოყენების ცოდნაზე მოგვითხრობს. ეს თეორია გვკარნახობს, რომ მედიამომხმარებლებმა უნდა ისწავლონ ინფორმაციის მიღება, კონკრეტული კონტენტის წაკითხვა, მისი შინაარსის გააზრება და ფსევდოინფორმაციების გაფილტვრა.
მაშინ, როცა მღვრიე დეზინფორმაციულ ნაკადში სულ უფრო რთული ხდება „ჭეშმარიტი შენაკადების“ პოვნა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მედიაწიგნიერ მოქალაქეს, რომელმაც იცის, როგორ მიიღოს ინფორმაცია და როდის იყოს სკეპტიკური მის ავთენტურობასთან მიმართებით.
მედიის განვითარებისა და დეზინფორმაციის ვირუსულად გავრცელების თავიდან ასაცილებლად იქმნება სახელმძღვანელოები, რომლებიც გვეხმარება, გამოვიმუშაოთ ყველა საბაზისო უნარი, რათა ჩვენივე ძალებით დავუპირისპირდეთ და ვებრძოლოთ სიყალბესა და სიცრუეს.
მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი, თამარ კინწურაშვილი გვესაუბრა ჟურნალისტური სწავლებისა და ტრენინგის სახელმძღვანელოზე, რომელიც იუნესკომ (UNESCO) გამოსცა და მედიის განვითარების ფონდის მიერ ქართულად ითარგმნა. თამარ კინწურაშვილის თქმით, აღნიშნული სახელმძღვანელო ყალბი ამბებისა და დეზინფორმაციისგან თავდაცვაში დაგვეხმარება. მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა თანამედროვე საზოგადოებაში მედიაწიგნიერების მნიშვნელობასა და იმ უნარებზე, რომლებიც ყველა მოქალაქისთვის აუცილებელია, რათა არ მოექცეს ფსევდოინფორმაციულ ვაკუუმში.
„ჟურნალისტიკა, ყალბი ამბები და დეზინფორმაცია“ - რას ითვალისწინებს აღნიშნული სახელმძღვანელო და, ზოგადად, რისთვისაა შექმნილი ეს პუბლიკაცია?
აღნიშნული სახელმძღვანელო იუნესკომ მიმდინარე წელს გამოსცა. ჩვენ კი ქართულად ვთარგმნეთ. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ფაქტების გადამოწმების უნარების გამომუშავებას. აღნიშნული სახელმძღვანელო ძალიან კარგი რესურსია იმისთვის, რომ პედაგოგებმა, ტრენერებმა გაიღრმაონ თავიანთი ცოდნა ამ მიმართულებით და შემდგომ დანერგონ ეს კურსი უმაღლეს სასწავლებლებში თუ სხვადასხვა სასწავლო პროგრამაში.
როგორ შეაფასებდით თანამედროვე მედიაგარემოს - რამდენად ასრულებს ის ე.წ. კატალიზატორის როლს ყალბი ამბებისა და დეზინფორმაციის გაფილტვრის, მასთან ბრძოლის საქმეში? ამასთან, დეზინფორმაციის გავრცელების მხრივ, როგორი პარალელი შეიძლება გავავლოთ ტრადიციულ და ახალ მედიას შორის?
სოციალური მედიის გაჩენამ შეცვალა კომუნიკაციის ფორმები და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია იყოს როგორც ინფორმაციის შემქმნელი, ისე მისი გამავრცელებელი, რამაც საინფორმაციო ნაკადში ყალბი ამბების ხვედრითი წილი მნიშვნელოვნად გაზარდა.
ფაქტობრივად, ტრადიციული მედია კონკურენციაში შევიდა სოციალურ მედიასთან, რაც მასზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. ვინაიდან სოციალური მედია ზეოპერატიულია, ტრადიციული მედიასაშუალებებიც ხშირად მასზე დაყრდნობით ავრცელებენ ინფორმაციას და სხვა ალტერნატიული წყაროების მეშვეობით, მისი ვალიდურობის გადამოწმებას აღარ ცდილობენ. საჭიროა ამ ყველაფრის დარეგულირება, განსაკუთრებით კი - ისეთი პლურალისტური პლატფორმების, როგორიც სოციალური მედიაა.
რამდენად ეხმარება ციფრული ტექნოლოგიების განვითარება დეზინფორმაციის გავრცელებას?
თავდაპირველად, ვინაიდან სოციალური მედია პლურალისტური პლატფორმა იყო და სოციალურ ქსელებს არ ჰქონდა პროფესიული რედაქტირების ფუნქცია, ნებსით თუ უნებლიეთ, ხელს უწყობდა დეზინფორმაციის გავრცელებას. თუმცა დღეს უკვე არაერთი პლატფორმაა შექმნილი აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად. ერთ-ერთი ასეთი Facebook-ის სპეციალური ალგორითმია, რომლის მეშვეობითაც აუდიტორიას სოციალურ ქსელში გავრცელებული ყალბი ინფორმაციის მონიშვნისა და ალტერნატიული ფაქტების გაცნობის შესაძლებლობა აქვს. Google-მაც დაიწყო სპეციალური მექანიზმის შექმნა, რომელიც სოციალური მედიის მომხმარებლებს ძიებისას პირველ რიგში გადამოწმებულ და ვალიდურ წყაროებს სთავაზობს.
როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე საზოგადოებაში მედიაწიგნიერება და ხედავთ თუ არა მისი დანერგვის საჭიროებას სკოლებში?
ძალიან მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ დღეს მედიისა და პროფესია ჟურნალისტის ცნება გაფართოვდა. სოციალური მედიის წყალობით ყველა „ჟურნალისტი“ გახდა, შესაბამისად, ვისაც არ აქვს სპეციალური განათლება ან ჟურნალისტური გამოცდილება, აუცილებელია, ჰქონდეს უნარი, რომ ყალბი ამბების გავრცელების საქმეში თავისი წილი პასუხისმგებლობა დაინახოს.
როგორ იღებს დეზინფორმაცია საკმაოდ დიდ მასშტაბებს ძალიან მცირე დროში?
დეზინფორმაცია მასშტაბურ ფორმას ორ შემთხვევაში იღებს: შეიძლება, ეს იყოს სოც. ქსელის მომხმარებლების მიერ ყალბი ამბების უნებლიე გაზიარება ან დაინტერესებულ პირთა მხრიდან განზრახ გავრცელება. ადამიანი სოციალურ ქსელში ხშირად ენდობა მეგობრებს, ახლობლებს, რის გამოც ზოგჯერ ინფორმაციას დაკვირვებით არც კითხულობს, ისე აზიარებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ნებისმიერი ინფორმაციის გაზიარებისას კარგად გავიაზროთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, რაშიც სწორედ მედიაწიგნიერება დაგვეხმარება.
დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა, ფაქტჩეკინგი და წყაროების ვერიფიკაციის გზები, - როგორ ამოვიცნოთ დეზინფორმაცია და რა საშუალებებით ვებრძოლოთ მას?
კიდევ ბევრი სხვა ფაქტორია, რომელთა მეშვეობით დავადგენთ, რამდენად სანდოა მოცემული ინფორმაცია.
საუბრის ბოლოს, თამარ კინწურაშვილმა მედიაწიგნიერების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მიუხედავად პროფესიისა, ნებისმიერ ადამიანს სჭირდება საბაზისო უნარები, რომლებიც მას საზიანო ინფორმაციის გაფილტვრაში დაეხმარება.
სოსო გაზდელიანი