ინტერნეტეპოქაში სოციალური მედიის გააქტიურებამ საინფორმაციო ველი კიდევ უფრო გაზარდა. თუკი რამდენიმე წლის წინ ინფორმაციას იქით ვეძებდით, დღეს ის თავად „გვპოულობს“. ინფორმაციული პროფიციტის ხანაში ინფორმაციულად გადაღლილი საზოგადოების ჩამოყალიბების საფრთხე სულ უფრო რეალური ხდება. უამრავ და უმართავ ინფორმაციულ ნაკადს შორის რთულია გამოარკვიო, რომელია ვალიდური და რელევანტური.
ვინაიდან ინფორმაცია მძლავრი იარაღია, სრულებით შესაძლებელია, ის მერკანტილური ან ვიწროპოლიტიკური ინტერესების გამტარებლად აქციონ. დეზინფორმაციის გავრცელებითა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანით კი იქმნება მოჯადოებული წრე, სადაც ყალბი, ფსევდო, რეალობისგან მოწყვეტილი ინფორმაციით „დაინფიცირებული“ ადამიანები, ვირუსის ეფექტით, სხვებსაც „აინფიცირებენ“ და სიცრუე მალევე იძენს დიდ მასშტაბებს. აღსანიშნავია, რომ დეზინფორმაცია ნეგატიურ გავლენას ახდენს არა მხოლოდ კონკრეტულ რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, არამედ - საერთაშორისო დღის წესრიგზეც.
ყალბი ახალი ამბების გავრცელების მიზეზებსა და მოსალოდნელ შედეგებზე, ასევე დეზინფორმაციით გამოწვეულ საფრთხეებსა და მისი აღმოფხვრის გზებზე, კსუ-ს მულტიმედია ცენტრი მედიაკრიტიკის პლატფორმა „მედიაჩეკერის“ რედაქტორ ნინო ნარიმანიშვილთან ვრცელ ინტერვიუს გთავაზობთ.
ნინო ნარიმანიშვილის აზრით, ყალბი ამბების გავრცელებას შეიძლება, ეკონომიკური და პოლიტიკური მიზანი ჰქონდეს: ერთი მხრივ, გამავრცელებელმა ამ გზით გაზარდოს თავისი პლატფორმის რეიტინგი და მიიღოს ეკონომიკური სარგებელი, მეორე მხრივ კი, გაავრცელოს სასურველი მესიჯი. ჩვენი რესპონდენტი ყალბი ამბების სწრაფად გავრცელების მიზეზებსაც ხსნის - ეს შეიძლება იყოს ადამაინების ემოციებზე თამაში, აუდიტორიის წინასწარგანწყობები და მისი ვირუსული/აგრესიული გავრცელების ფორმა.
ყალბი ახალი ამბების ნაირსახეობა
გამოყოფენ: დეზინფორმაციას, მისინფორმაციას და მალინფორმაციას. ჩამოთვლილთაგან სამივე ყალბი ამბების ნაირსახეობაა, თუმცა მათ გავრცელების მიზანი განასხვავებს. დეზინფორმაცია, ეს არის ყალბი ამბავი, რომელიც ემსახურება ინფორმაციის წყაროს პოპულარიზაციას, ან კონკრეტული ჯგუფის მიერ განსაზღვრული პოლიტიკის გატარებას; მისინფორმაცია დეზინფორმაცისგან იმით განსხვავდება, რომ მისი გავრცელების მიზანი არ არის ვინმესთვის ან რამესთვის ზიანის მიყენება; მალინფორმაცია კი, წინა ორისგან განსხვავებით, არის ისეთი Fake News, რომელიც შესაძლოა, რეალურ ფაქტს ემყარებოდეს, მაგრამ ის ვრცელდება მიზანმიმართულად და გამოიყენება პიროვნების, ჯგუფის ან ინსტიტუციის დისკრედიტაციისთვის, მათთვის ზიანის მისაყენებლად.
დეზინფორმაცია, როგორც კომერციულად მომგებიანი საშუალება და მისი ნეგატიური გავლენა რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე
დეზინფორმაცია კომერციულად მომგებიანი არის იმ კუთხით, რომ ტექნოლოგიების და ალგორითმების ეპოქაში, რაც უფრო მაღალია ვიზიტორთა რაოდენობა საიტზე, მით მეტია მონეტიზაციის გააქტიურების შესაძლებლობა. კომერციულად მომგებიანზე გაცილებით საშიშია დეზინფორმაცია, რომლის გამავრცელებელს პოლიტიკური მოტივაცია ამოძრავებს, ვგულისხმობ მოტივს, მიაყენოს ვინმეს ან რამეს ზიანი.
ადამიანების შეცდომაში გამიზნულად შეყვანა, მიუხედავად თემატიკისა, ძალიან საშიში, არაკეთილსინდისიერი და არაპროფესიონალურია. თავი რომ დავანებოთ კომერციალიზაციას, ჩვენ ჰიბრიდული ომის ეპოქაში ვცხოვრობთ და ომი ყოველთვის საშიშია. მიმდინარე მოვლენებმა კარგად დაგვანახა ამ ომის ძალზედ ნეგატიური შედეგები: ვირუსის გავრცელებიდან დღემდე დეზინფორმაციული ნაკადი რამდენადმე გაძლიერდა და მას „ინფოდემიაც“ კი უწოდეს.
დეზინფორმაციის გავრცელების ძირითადი საშუალება
ჩემი, როგორც მედიაწიგნიერების და ყალბი ამბების საკითხებით დაინტერესებული ჟურნალისტის, დაკვირვებით, ყველაზე ხშირად და სწრაფად ყალბი ამბები სხვადასხვა სოციალური ქსელით ვრცელდება. მაგალითად, ფეისბუქში არაერთი გვერდი და ჯგუფი არსებობს, რომელიც ყალბი და მანიპულაციური ინფორმაციის გასავრცელებლად გამიზნულად არის შექმნილი. ალბათ, გახსოვთ კიდეც, რომ ფეისბუქმა ბოლო პერიოდში ასობით ასეთი გვერდი წაშალა.
გარდა ფეისბუქისა, ყალბ ამბებთან ბრძოლა მთავარ პრიორიტეტად იქცა სხვა ქსელებისთვისაც. მეტიც, ტვიტერმა დაიწყო ახალი საპილოტე პროექტი სახელწოდებით Birdwatch, რომელიც, სხვა პროგრამებისგან განსხვავებით, თავად მომხმარებლებს აძლევს საშალებას, რომ მონიშნონ ყალბი ამბები და შენიშვნის სახით, გადამოწმების შედეგი დაურთონ.
ყალბი ამბები, მართალია, არა ისეთივე სიხშირით, როგორც სოციალური მედიის შემთხვევაში, თუმცა მედიის ტრადიციული საშუალებებითაც ვრცელდება. აქ ტემპი და აუდიტორიაზე წვდომა რამდენადმე განსხვავებულია. ამიტომაც ამ საქმისთვის, უმეტესწილად, ახალი მედია, საიტები, სოციალური ქსელები გამოიყენება, ვინაიდან ამ არხებით სწრაფად და მასშტაბურად ვრცელდება ყალბი ამბები და რაც განსაკუთრებით ცუდია, ყალბი ამბავი ყოველთვის გაცილებით დიდ აუდიტორიამდე მიდის, ვიდრე იგივე ამბავი უკვე გადამოწმებული სახით.
ქართული მედიასივრცე და დეზინფომრაცია
სამწუხაროდ, ქართული მედიასივრცის ნაწილიც საკმაოდ გაჯერდა ყალბი და მანიპულაციური ამბებით. განსაკუთრებულად სხვადასხვა საიტი, რომელთა შესახებ ინფორმაციაც არ არის გამჭვირვალე. პასუხისმგებლიანი და კეთილსინდისიერი მედიასაშუალებები ცდილობენ, რომ მათი ინფორმაცია ყოველთვის იყოს გადამოწმებული.
ყველაზე ხშირი ყალბი ამბები, რაც ბოლო პერიოდში ვრცელდება, პანდემიას უკავშირდება და ეს ისტერია ზუსტად ერთი წლის წინ დაიწყო. ეს არის ამბები, რომლებიც ძირითადად ეხება ვირუსის წარმოშობას. თავდაპირველად იყო ამბები იმის შესახებ, რომ სინამდვილეში ეს ვირუსი არ არსებობს, შემდეგ შეიქმნა არაერთი კონსპირაციული თეორია ვირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით. ასევე, პანდემიის დასაწყისში ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია ვირუსისგან თავდაცვის ხალხურ მეთოდებზე, მათ შორის, სამკურნალო მედიკამენტებზეც.
დეზინოფმრაციის/ყალბი ამბების მაიდენტიფიცირებელი ნიშნები
სინამდვილეში, ძალიან მარტივად ამოსაცნობია ყალბი ამბავი და სულაც არ არის ამისთვის საჭირო, რომ ყალბი ამბების მკვლევარი ჟურნალისტი, ე.წ. ფაქტჩეკერი იყო.
პირველი, რასაც ასეთ დროს ვაკეთებთ, სათაურზე დაკვირვებაა. ყალბი ამბების სათაურები, როგორც წესი, ადამიანების ემოციებზეა გათვლილი, არის მყვირალა, იყენებენ ძახილის ნიშნებს, სიტყვებს - „სასწრაფოდ“ და ა.შ.
ასევე, კარგად უნდა დავაკვირდეთ ინფორმაციის წყაროს - თუ ვინ ავრცელებს, რამდენად გამჭვირვალეა მის შესახებ ინფორმაცია, ვინაიდან ყალბი ამბის გამავრცელებელი საიტები და ჯგუფები თავიანთ იდენტობას, მისიას, სარედაქციო ჯგუფს და ა.შ. ხშირად მალავენ. ასევე, არსებობს ცნობილი მედიასაშუალებების კლონირებული გვერდები და ამიტომ, კარგად უნდა დავკვირდეთ ბმულს. ეს არის ყალბი ამბის გამავრცელებლების ერთგვარი სტრატეგია - გზავნილის მაღალი ლეგიტიმაციის მიზნით, ამოეფაროს ცნობილ და სანდო მედიას.
ფოტოებზე დაკვირვება - ყალბი ამბის გამავრცელებლები ხშირად მიმართავენ ფოტომანიპულაციებს: სხვადასხვა პროგრამით ფოტოს გაყალბება, ავთენტური ფოტოს გამოყენება სხვა რეალობის აღსაწერად, ფოტოს სხვადასხვა რაკურსით გამოყენება... ასევე, ბოლო პერიოდში არა მხოლოდ ფოტო, არამედ ვიდეოგაყალბება, ე.წ. Deepfake დეზინფორმაციულ ომში ერთ-ერთ ხერხად იქცა.
ხშირად ყალბ ამბავზე მიგვანიშნებს თარიღი - ზოგჯერ ისე ვაზიარებთ სხვადასხვა ინფორმაციას, რომ არ ვამოწმებთ მისი გამოქვეყნების თარიღს.
უნდა დავაკვირდეთ ტექსტს - რა წყაროებს ეყრდნობა ავტორი, ხომ არ არის ბევრი ანონიმური წყარო, ან ზოგადი ფრაზები - მაგ.: ბრიტანელი მეცნიერების დასკვნით და სხვ.
ერთად რომ მოვუყაროთ თავი, ყალბი ამბების ამოსაცნობად, უნდა დავაკვირდეთ შემდეგ მაიდენტიფიცირებელ ნიშნებს:
„მედიაჩეკერის“ რედაქტორი, ნინო ნარიმანიშვილი დეზინფომაციასთან/ყალბ ახალ ამბებთან ბრძოლის მთავარ იარაღად მედიაწიგნიერებას მიიჩნევს, ვინაიდან ის გვასწავლის, როგორ წავიკითხოთ/მივიღოთ ინფორმაცია, რაც ჩვენამდე მოდის, როდის ვიყოთ სკეპტიკურები.
დეზინფორმაცია ყოველთვის იყო პროპაგანდის ერთ-ერთი მძლავრი საშუალება და ასე იქნება მომავალშიც. მთავარი, რაც ფსევდოინფორმაციული ნაკადებისგან დაგვიცავს, ჩვენივე უნარებია - შეგვეძლოს ყალბი და ნამდვილი ამბების ერთმანეთისგან გარჩევა.
სოსო გაზდელიანი