რას ფიქრობს საზოგადოება, რა სურს ხალხს? - ვოქსპოპი ჟურნალისტური საქმიანობის მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც შემთხვევითი ადამიანების გამოკითხვას გულისხმობს. ის პირდაპირ ითარგმნება, როგორც - ხალხის ხმა.
ვოქსპოპი ინფორმაციის მოპოვების ერთ-ერთი ეფექტური ხერხია. თემატიკა, რომელზეც ქუჩის გამოკითხვების ჩატარებაა შესაძლებელი, მრავალფეროვანია. ხშირად ის სოციალურ-პოლიტიკური და შემეცნებითი, უმეტესად კი - რეკრეაციული ხასიათისაა.
ჩვენს რესპონდენტს ვოქსპოპის მიმართ არსებული ტენდენციებისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული მიდგომები აქვს. კინომცოდნე და ჟურნალისტი, ზაკ მირიანაშვილი ქუჩის გამოკითხვებს მხატვრულ პრიზმაში ატარებს, რაც ამ ტიპის კონტენტს განსაკუთრებულ მედიაპროდუქტად აქცევს. მისი თქმით, ვოქსპოპი საზოგადოების განწყობებისა და ინტერესების კარგი შემმოწმებელია.
ვოქსპოპი, როგორც კარგი შემმოწმებელი...
ვოქსპოპი შესაძლოა, კარგი შემმოწმებელი იყოს შენთვის: ნამდვილად სჭირდება ეს საკითხები საზოგადოებას თუ მე მაინტერესებდა და მეგონა, რომ კონკრეტული თემა იყო აქტუალური? შეიძლება, ზოგჯერ ვერ მიიღო ის შედეგი, რომელიც ჩაფიქრებული გქონდა, - ასეთი შემთხვევები ხშირად უფრო მეტს გასწავლის.
ვოქსპოპი თვალსაწიერის გაფართოებასა და განვითარებაში გვეხმარება.
„ჩვენ ყველას გვაქვს პასუხები, მთავარია, გვკითხონ“
ქუჩის გამოკითხვას სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს იმ პროექტის შინაარსის მიხედვით, რომელზეც მუშაობ. ჩვენთან, როგორც წესი, ვოქსპოპებს იყენებდნენ სოციალურ-პოლიტიკური სატელევიზიო პროგრამები, რათა არჩევნების წინ ამომრჩევლების აზრი გაეგოთ. ასეთ შემთხვევაში, კითხვები ეხებოდა როგორც პოლიტიკოსებს, ისე სოციალურ პრობლემებს. გასართობი მიმართულებით გამოკითხვები ზოგჯერ მოიცავდა საკითხებს საქართველოსა თუ მსოფლიოს ისტორიიდან, რაზეც რესპონდენტებს ხშირად სწორი პასუხების გაცემა უჭირდათ. სოციალური მედიის გაძლიერებასთან ერთად, მსგავსი კონტენტის ქვეშ დამცინავი კომენტარები მომრავლდა, რამაც მაყურებელში ნდობის მოპოვების საკითხი გაართულა.
როდესაც მიკროფონით გხედავენ, აქვთ წინასწარი განწყობა, რომ შენი კითხვები პოლიტიკური შინაარსის შემცველი იქნება ან ზოგადი განათლების საკითხებში მათ ჩაჭრას შეეცდები.
ვოქსპოპი, ცხადია, ჩემთვისაც ინფორმაციის მიღების წყაროა, თუმცა აქ ნაკლებია სოციალური თემები. თავიდანვე მინდოდა, ქუჩის გამოკითხვები მხატვრული სიუჟეტის ჩარჩოში მომექცია. მსგავსი რუბრიკის გაკეთების ერთ-ერთი სტიმული იყო ფრაზა ამერიკელი რეჟისორის, ჯონ კასავეტესის ფილმიდან „სიყვარულის დინებები“ - „ჩვენ ყველას გვაქვს პასუხები, მთავარია, გვკითხონ...“ მართლაც, ყველა ადამიანს აქვს პასუხი და ჩვენ, როგორც სოციალურ არსებებს, ერთმანეთის ამბებიც გვჭირდება, ზოგჯერ სწორედ ეს პასუხები გარწმუნებს იმაში, რომ მარტო არ ვართ. მაგალითად, - შემოდგომის თბილისის ქუჩებში მიმავალ კაცს ჟურნალისტი იმ თემაზე ეკითხება, რომელიც შენც გაფიქრებდა. მისი პასუხი, შეიძლება, დაემთხვეს შენსას, ან სრულებით განსხვავდებოდეს და ბევრ რამეზე დაგაფიქროს.
მოკლე ინტერვიუები ქუჩაში...
ვოქსპოპის ისეთი გაგება, როგორიც მაშინ იყო დამკვიდრებული, როცა ამ რუბრიკაზე მუშაობა დავიწყე, ხელისშემშლელი ჩანდა. რამდენიმე ადამიანს გავუზიარე იდეა, - მინდა, ქუჩაში გავიდე და შემთხვევითი შემხვედრებისგან მოკლე ინტერვიუები ავიღო იმ თემაზე, რომელიც ყველაზე მეტად მაინტერესებს. მითხრეს, ეს იდეა თეორიულად კარგია, მაგრამ როცა ადამიანები მიკროფონით ხელში დაგინახავენ, წინასწარი შეთანხმების გარეშე, არ გაგიჩერდებიან, ეგონებათ, რომ პოლიტიკაზე უნდა ჰკითხოო. ამ საკითხმა დამაფიქრა, თუმცა როცა იდეა გადაცემის „დილა მშვიდობისა, საქართველო“-ს პროდიუსერებს გავუზიარე, მოეწონათ, - გადავიღოთ და ვნახოთ, რა გამოვაო.
სატესტო სიუჟეტის გადასაღებად მე და ჩემი ოპერატორი ქუჩაში გავედით. პირველივე ვოქსპოპი იმდენად საინტერესო გამოდგა, ეთერშიც გავიდა. ჩემი გუნდის წევრებისა და ხელმძღვანელობის მიმართ ამ ნდობისთვის ყოველთვის მადლობელი ვიქნები.
შეიძლება, საყვარელი წიგნის ეპიზოდმა გიკარნახოს ვოქსპოპის თემა...
როცა გამოკითხვას მხატვრული სიუჟეტის საფუძვლად განვიხილავთ, რასაკვირველია, იქ მთავარი ადამიანია, რომელიც ქუჩაში გვხვდება. კითხვების მოფიქრებისას შთაგონების წყარო შესაძლოა, ლიტერატურა ან რომელიმე პერსონაჟის მიერ ნათქვამი ფრაზა გახდეს. შეიძლება, ის თეორიულად არც მოგეჩვენოს აქტუალურად, მაგრამ როდესაც ამ კითხვებს სვამ, ხვდები, რომ ის ადამიანებს რაღაც მნიშვნელოვანს, დაკარგულს, მონატრებულს ახსენებს და ყოველდღიურ საფიქრალში მყოფს უჩნდება სურვილი, მოგონებები გაგიზიაროს.
ყოფილა შემთხვევები, როცა ვოქსპოპის თემა სპექტაკლში მიპოვია, - ასეთი იყო მიხეილ თუმანიშვილის „ჩვენი პატარა ქალაქი“. შეიძლება, საყვარელი წიგნის კონკრეტულმა ეპიზოდმა მოგცეს ის მუხტი, რომლითაც ადამიანებს დაელაპარაკები, - მაგალითად, თომას ვულფის „მოხედე შენს სახლს, ანგელოზო“. იქ წამოჭრილ თემებს ნელ-ნელა სცილდება მხატვრული ქსოვილი და კითხვად ყალიბდება.
რესპონდენტმაც და, შემდეგ, მაყურებელმაც შეიძლება, არც იცოდეს, რა იყო სიუჟეტის ავტორის ინსპირაციის წყარო, მაგრამ კითხვა ხომ იმ ენერგეტიკას ატარებს, რაც კონკრეტულ ნაწარმოებში იდო და სწორედ ეს გვეხმარება კამერის წინ რესპონდენტის „გახსნაში“.
კითხვებისა თუ თემების მომზადებისას ნაკლებად ვფიქრობ მის აქტუალობაზე. ეთერში გასვლისა და სოციალურ ქსელში სიუჟეტის განთავსების შემდეგ ვხვდები, რომ მაყურებელმა ის მიიღო და შეიძლება, აქტუალურად მივიჩნიოთ.
ვოქსპოპის ეკრანულ წარმატებას განსაზღვრავს დამთხვევები, - როდესაც შენი საფიქრალი და საზოგადოების ინტერესი ერთმანეთს ემთხვევა. ამისთვის მთავარია, მიჰყვე შენი გულისთქმას, რომელიც პასუხებამდე აუცილებლად მიგიყვანს.
კეთილგანწყობა ნდობის მოპოვების გასაღებია...
რუბრიკას დავარქვი - „მოკლე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, რაც თავიდანვე განსაზღვრავს იმას, რომ მცირე დროში ადამიანმა მნიშვნელოვანი ამბავი უნდა გაგვიზიაროს. ამისთვის მთავარია მათი ნდობის მოპოვება.
რუბრიკის სახელწოდება ლანა ღოღობერიძის ცნობილი ფილმის - „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ - სათაურიდან მოდის. მთავარი გმირი, რომელსაც სოფიკო ჭიაურელი განასახიერებს, ჟურნალისტია. ის ხვდება სხვადასხვა ასაკის, პროფესიისა და პრობლემების მქონე ქალებს, იღებს მათგან ინტერვიუებს. შემდგომ მის პირად ცხოვრებაში ცოცხლდება რესპონდენტების ფრაზები, ახსენდება მათი მოყოლილი ამბები. საბოლოო ჯამში, სოფიკოს პორტრეტი ირეკლავს სხვა ადამიანების სახეებს და ეს ქმნის ერთ დიდ კალეიდოსკოპს. რუბრიკის მომზადებისას ამ ფილმის მონტაჟური რიგი იყო მოტივაცია.
ყოველთვის მზად უნდა იყო იმისთვის, რომ გადაღებისას ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც ჩაიფიქრე. უნდა გქონდეს მიმღებლობა ყველა ინტერპრეტაციის მიმართ, რომლებსაც რესპონდენტები შემოგთავაზებენ. ამ მოსაზრებებში შესაძლოა, ისეთი მარგალიტები იპოვო, რომ სიუჟეტი ბევრად უფრო ღრმა გამოვიდეს.
იმ გმირებში, რომლებსაც სატელევიზიო სიუჟეტში ვუყურებთ, იქნებ საკუთარი თავი დავინახოთ. მაგრამ როგორ უნდა „გაიხსნას“ ადამიანი კამერის წინ? - იმისთვის, რომ ადამიანები დავარწმუნოთ, მიიღონ მონაწილეობა ჩვენს მოედანზე წამოწყებულ თამაშში, სულ რამდენიმე წუთი გვაქვს. ქუჩაში გასვლისას შემთხვევით შემხვედრებს, პირველ რიგში, ვაცნობთ თემას, კითხვებს და ვაჩვენებთ ჩვენს კეთილგანწყობას. როდესაც რესპონდენტი ამ დამოკიდებულებას დაინახავს, იწყება საუბარიც.
ადამიანს უნდა მისცე თავისუფლება, ისაუბროს იმაზე, რაც მისთვის მნიშვნელოვანია და არ ეცადო, შენს რელსებზე გადმოიყვანო. საამისოდ კარგი მსმენელი უნდა იყო.
გულწრფელობა მნიშვნელოვანია...
ჩემი პირადი ფორმულა ასეთია - არ უნდა იფიქრო იმაზე, რომ ქმნი მედიაპროდუქტს. ვფიქრობ, ტელევიზია მუდმივი დინებაა, რომელიც აუცილებლად ჩაივლის. მას, კინოსგან განსხვავებით, სულ სხვა ეფექტი, დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს.
ინფორმაციულ მდინარეში უნდა ეცადო, დაიჭირო ისეთი ელემენტები, რომლებიც ადამიანს უფრო დიდხანს გაჰყვება და ფიქრის საბაბს მისცემს. ამისთვის მნიშვნელოვანია გულწრფელობა.
ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ვოქსპოპის კითხვა ასე ჟღერდა - ახლა რომ 25 წლის იყოთ, რა შეცდომას არ დაუშვებდით, რას გააკეთებდით სხვანაირად? - პირადად მე მქონდა განცდა, რომ ამ ასაკში ბევრ დროს ვკარგავ, ამიტომაც სხვების აზრითაც დავინტერესდი. აღმოჩნდა, რომ ჩემს გულწრფელ კითხვას არანაკლებ გულწრფელი პასუხები მოჰყვა. ეს სინერგია მხოლოდ გულწრფელობის შემთხვევაში ჩნდება.
ერთმა რესპონდენტმა გვითხრა, - მთელი ცხოვრება პრინცს ველოდებოდი, ამ გადმოსახედიდან, არავის დაველოდებოდიო. უნდა გაიაზრო, რომ ცხოვრება არის აქ და ახლა, უნდა იმოქმედოთ, სანამ ახალგაზრდები ხართო. შემდეგმა გმირმა მითხრა, - ნუ შეგეშინდებათ შეცდომების დაშვების, მარცხი უფრო მეტად გზრდითო. ეს პასუხები ერთმანეთს დრამატურგიულად ებმის და გამოდის ერთიანი სიუჟეტი.
შენ გადასაღებ მოედანზე გევალება, იყო მაქსიმალურად კონცენტრირებული, გულწრფელი, ადამიანების ემოციების გამტარი და კარგი დამკვირვებელი, მუდმივი ფიქრით - ვის ვკითხო?
სხვა ადამიანების სამყაროში მოხვედრის სურვილი...
უნდა იყო კარგი დამკვირვებელი. ძირითადად, ინტუიციის მეშვეობით ვხვდები, ვის შეიძლება ჰქონდეს გამოკითხვაში მონაწილეობის მზაობა. ხშირად უთქვამთ, სად პოულობთ ასეთ გმირებსო, მაგრამ ამასთან დაკავშირებით არ მაქვს რაიმე კონკრეტული რჩევა, რომ ვინმეს გავუზიარო. ალბათ, მაქსიმალური კონცენტრაცია და სხვა ადამიანების სამყაროში მოხვედრის სურვილი გეხმარება მათთან მისასვლელად.
მნიშვნელოვანია ოპერატორის როლიც, რომელიც ამ რეპორტაჟის ზუსტად ისეთივე ავტორია, როგორც - ჟურნალისტი. როდესაც მე სიუჟეტის გმირს შეკითხვას ვუსვამ, თითქოს იმ მომენტში ოპერატორთან კონტაქტი არ მაქვს, მაგრამ მან იცის, რომ მისი ხედვა გადამწყვეტია. ვცდილობთ, უფრო ნაკლები ჭრა ჰქონდეს კადრებს, რათა ინტერვიუდან ემოციები არ „გაგვეპაროს“. ჩემგან დამოუკიდებლად, თუკი ოპერატორმა თემასთან დაკავშირებული სხვა საინტერესო მოვლენა ნახა, შესაძლოა, კადრი იმით გაგრძელდეს, მაგალითად, - ჩვენი გმირი საუბრობს, კამერა კი აფიქსირებს ხეზე შემომჯდარ ჩიტებს ან მოხუცს, რომელიც პატარა ბიჭის დახმარებით გზაზე გადადის...
ვცდილობთ, კამერა, როგორც თვალი, ისე გამოვიყენოთ, ზოგჯერ გამოდის ეს, ზოგჯერ - არა. მაგრამ საინტერესოა, როცა ოპერატორისა და მემონტაჟის ხედვა ერთმანეთს ემთხვევა. გმირების დრამატურგია, მუსიკა სიუჟეტის ფონად და აქცენტები, - ეს უკვე სამონტაჟო მაგიდაზე იქმნება.
ნუ შეგეშინდებათ სპონტანური გადაწყვეტილებების...
ერთხელ გადავწყვიტე, გამეკეთებინა გამოკითხვა თემაზე - ვისთვის გალობს შაშვი? ბოლოს როდის მოუსმინეთ ჩიტების ჭიკჭიკს? - საინტერესო პასუხები გვქონდა. როგორც კი რესპონდენტების საჭირო რაოდენობა ჩავწერეთ, მივხვდით, რომ სიუჟეტის მთავარი გმირები - ჩიტები არ გვყავდა გადაღებული. რუსთაველის გამზირიდან ავედით სოლოლაკში და დავიწყეთ ჩიტების ძებნა, ფეხაკრეფით ვუახლოვდებოდით ხეებს და ვიღებდით მათ კადრებს, ვიწერდით ხმებს, ჭიკჭიკს... მე და ჩემი ოპერატორი ისეთ აზარტში შევედით, სულ დაგვავიწყდა, რომ ეს ვოქსპოპი ეთერში მეორე დღეს უნდა გასულიყო, მონტაჟისთვის კი დრო ნაკლები გვრჩებოდა. ჩიტების კადრებმა ეს სიუჟეტი სულ სხვა შინაარსით შეავსო და დაამშვენა. ასე რომ, ნუ შეგეშინდებათ სპონტანური გადაწყვეტილებების, მათ შეიძლება, სულ სხვა ჰორიზონტები დაგანახოთ როგორც თქვენს საქმეში, ისე - ცხოვრებაში.
საუბრის ბოლოს, - ჩვენმა რესპონდენტმა, ზაკ მირიანაშვილმა შეაჯამა ვოქსპოპის მნიშვნელობა ჟურნალისტურ საქმიანობაში და აღნიშნა, რომ ის ინფორმაციის მოპოვების ერთ-ერთი ეფექტური ხერხია, რომელიც საშუალებას გაძლევს, საზოგადოების მაჯისცემაზე მუდმივად გედოს ხელი.
სოსო გაზდელიანი