20 მაისს თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის პროექტის - „ყვარლიდან მთაწმინდამდე გურამ შარაძის მოტივებზე“ პრეზენტაცია გაიმართა.
დოკუმენტური ფილმების ციკლი CIU მულტიმედია ცენტრმა ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 185 წლის იუბილეს მიუძღვნა.
„ყვარლიდან მთაწმინდამდე გურამ შარაძის მოტივებზე“ ქართველი საზოგადო მოღვაწის, მწერლისა და პუბლიცისტის, ილია ჭავჭავაძის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. პროექტი 28 დამოუკიდებელი ფილმისგან შედგება და ეფუძნება ცნობილი მეცნიერის, მკვლევრისა და პუბლიცისტის, გურამ შარაძის ნაშრომს: „ილია ჭავჭავაძე - ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება“.
პროექტის მიზანია, ფართო აუდიტორიას, შეძლებისამებრ, დეტალურად გააცნოს სიცოცხლეშივე ერის მამად აღიარებული საზოგადო მოღვაწის დამსახურება ქვეყნის წინაშე.
დოკუმენტური ფილმების ციკლის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ რეცენზენტები: თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერი მამა გიორგი ზვიადაძე და ისტორიისა და თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე. მათ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ფილმი დადებითად შეაფასეს.
„მსგავსი დოკუმენტური ფილმების გადაღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე ეპოქაში. მაღალ პროფესიულ დონეზე შექმნილ ამგვარ ისტორიულ-დოკუმენტურ ფილმებს თავისი განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ერის სულიერი განათლებისა და ამაღლების საქმეში“, - აღნიშნა მამა გიორგი ზვიადაძემ.
პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვა კინორეჟისორმა, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატმა, მერაბ კოკოჩაშვილმა.
„საზოგადოებას ვურჩევდი ნახოს ეს ფილმი, რათა გაიგოს, რა საფუძვლებზე ვიზრდებით და ვყალიბდებით. ამის გარეშე ვერ შეიქმნება ისეთი ქვეყანა, როგორიც ჩვენ გვინდა: ეროვნული, კულტურული, განათლებული, ცივილიზებული და დემოკრატიული, - ყველაფერი ეს ამ ფილმშია ჩადებული“.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის, კახაბერ კორძაიას განცხადებით, პროექტზე მუშაობა უნივერსიტეტში რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„რამდენიმე წელი მიმდინარეობდა უნივერსიტეტში ძალიან დაძაბული, შრომატევადი მუშაობა ამ პროექტზე. 28-სერიანი ფილმი შევქმენით. ადრე მთავარი იყო, რომ შექმნილიყო ნაწარმოები რომანის სახით, ახლა ყველაფერი აუდიო-ვიზუალზეა გადასული და ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, რომ შევძელით და ეს დოკუმენტური ფილმი შევქმენით. გულანთებული ქართველისთვის იქნება ძალიან სასიამოვნო სანახავი“, - განაცხადა CIU-ს რექტორმა, კახაბერ კორძაიამ.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელის, ნინო ჭალაგანიძის თქმით, პროექტზე მუშაობაში ჩართული იყვნენ სტუდენტებიც.
„მეშვიდე წელი დაიწყო, რაც ამ პროექტზე ვმუშაობთ. საგულისხმოა ის, რომ პროექტში ჩართული იყვნენ არა მხოლოდ პროფესიონალები, მულტიმედია ცენტრის თანამშრომლები, არამედ ჩვენივე უნივერსიტეტის სამივე საფეხურის სტუდენტები. პროექტი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც „დიგიტალიზაციის“ ეპოქაში, წიგნთან ერთად, ახალგაზრდებს, მოსწავლეებს სჭირდებათ დასურათხატებული ინფორმაციის მიღება და დინამიკური კადრები“, - აღნიშნა ნინო ჭალაგანიძემ.
CIU მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, კსუ-ს ასოცირებული პროფესორი სულხან მელაძე პროექტის განხორციელების ეტაპებს იხსენებს და აღნიშნავს, რომ იდეა სათავეს გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან იღებს.
„პროექტის სათავეებს ძალიან შორს მივყავართ, თუმცა მაინც ახლო წარსულში - ესაა გასული საუკუნის 80-იანი წლები, კერძოდ, 1986 წელი, როდესაც საქართველოს ტელევიზიის ლიტერატურისა და ხელოვნების მთავარ რედაქციაში გურამ შარაძე გვესტუმრა. ვინაიდან მომდევნო წელს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 150, ხოლო გარდაცვალებიდან 80 წლისთავი სრულდებოდა, ბატონმა გურამმა თქვა, რომ კარგი იქნებოდა, ტელევიზიას ამ თემაზე გადაცემათა სპეციალური ციკლი მიეძღვნა. გურამ შარაძემ თავისი სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომიც შემოგვთავაზა.
1987 წელს საქართველოს ტელევიზიის ეთერით, დაახლოებით, 60-ზე მეტი 30-წუთიანი გადაცემა გავიდა, მაგრამ პირველმა არხმა, ტექნიკური საშუალებების ნაკლებობის გამო, ვერ შეძლო ამ ჩანაწერების შენახვა, რომ დღემდე მოეღწია.
1997 წელს გაგვიჩნდა ის ტექნიკური საშუალებები, რომელთა დახმარებითაც ჩანაწერების აღდგენა შესაძლებელი იქნებოდა, თუმცა მაშინ, რიგი მიზეზების გამო, ეს ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა. მოგვიანებით, 2007 წელს გურამ შარაძე ტრაგიკულად დაიღუპა. რამდენიმე წლის შემდეგ კი იდეას ფრთები სწორედ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის წყალობით შეესხა და აქ საოცარი მხარდაჭერა ვიგრძენი“, - აღნიშნა სულხან მელაძემ.
პროექტში თავმოყრილია ის საარქივო მასალა, რომელიც საბჭოთა ცენზურის პირობებში მკვლევრისთვის ხელმისაწვდომი არ იყო. აქვე გამოყენებულია მომდევნო პერიოდის კვლევითი ნაშრომები.
აღსანიშნავია, რომ CIU მულტიმედია ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფი პროექტზე, დაახლოებით, ხუთი წელი მუშაობდა.
სოსო გაზდელიანი