რადიომიმღები ახალ ამბებს გადმოსცემდა. კარგად ნაცნობმა ხმამ მოსვენება დამიკარგა და ოდნავ უკან გადავახვიე, აი, იქ, უხილავი წამყვანი საკუთარ ვინაობას რომ გვიმხელს. „სტუდიაში - სოფიო კიკვაძე“, - თქვა რადიოხმამ. მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ადამიანის ცნობა უხილავადაც შესაძლებელია, მხოლოდ - ხმით.
სოფიო კიკვაძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია, მან არაერთ სტუდენტს შეაყვარა ყველაზე მოლაპარაკე მედიასაშუალება, რადიო, რომელიც საინფორმაციო ფრონტის წინა ხაზზე იდგა და ინფორმაციულ ვაკუუმს ჟანგბადით ავსებდა. სოფიო კიკვაძე საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელია და მის ხმას „საქართველოს რადიოს“ ღია ეთერში ხშირად მოისმენთ.
სწორედ სოფიო კიკვაძე მოგვიყვება თავისი დიდი ხნის მეგობარის, რადიოს შესახებ. უფრო ახლოს გაგვაცნობს მას, დაგვანახებს უხილავ ძალას და გაგვიმხელს, რატომ არის რადიო ტრადიციული მედიის ყველაზე კომფორტული წარმომადგენელი.
რადიო...
პირდაპირია, ზედმეტი ლაპარაკი არ უყვარს, მაგრამ უთქმელობასაც ვერ ეგუება. არ იფიქრო, სიტყვას შეგინახავს! თუ რამე წამოგცდა, ის უკვე ყველამ იცის. ხმაამოუღებლადაც ისეთია, გულს ჩუმად ეუბნები, რომ ადგილი არ დატოვოს! ხელებზე „ბურძგლები“ კი არ გიჯერებენ. მისთვის წამი არც ლირიკული გადახვევაა და არც სიტყვათა თანწყობისთვის გასალამაზებელი „საგანი“. წამი წამია და არა - საუკუნე. ზუსტი დროით მოსიარულე შენი დროით ვერ ივლის. ნუ შეეცდები, პაუზა აიღო. ნურც შორიდან დაიწყებ. ნუ ეტყვი იმას, რაშიც ვერ გარკვეულხარ. აირჩიე მხოლოდ ერთი მსმენელი და მას ესაუბრე. ის კი აუცილებლად გადასცემს შეტყობინებას სხვებსაც.
რადიოს ხიბლი...
რადიოს ყველაზე კომფორტული კონტაქტი აქვს საზოგადოებასთან. მას შეუძლია შეგიქმნას ინტიმი, გარემო, რომელსაც ეძებ. იყოს ოპერატიული და, ამავდროულად, გითხრას - „იფიქრე, დრო გაქვს“. არ დაგაძალოს იყო ის, ვინც არ ხარ. პირიქით, უშუალოა, გიხსნის მიკროფონს და ილაპარაკე, რამდენიც გინდა. არ გსურს? - მაშინ არ გაგამხელს, თუმცა ღია სტუდიაში მაინც დაგტოვებს. რადიო და მსმენელი თვალების გარეშე, ხმით გრძნობენ ერთმანეთს და ეს გრძნობა, როგორც ჩვენ, „უხილავი წამყვანები“ ვფიქრობთ - სიყვარულია.
დიდი ხნის მეგობარი...
მე და რადიო 20 წლის წინ დავმეგობრდით. ავიღე პატარა მიმღები, ყურსასმენები მოვირგე და ჩვენი ურთიერთობაც ჩაირთო. თავდაპირველად მიკროფონს ისე ვუყურებდი, თითქოს მას უნდა ელაპარაკა და არა - მე! ვნერვიულობდი... ხელებზე ბურძგლები და გულის რადიოტალღებივით ღელვა დიდხანს გაგრძელდა. წითელი შუქი, რომელიც ჩემი მიკროფონის გახსნას ნიშნავს, სამყაროსთან მაკავშირებს, რომელსაც ამბებს ვუყვები.
მახსოვს, სამაგისტრო ნაშრომს ვწერდი დამოუკიდებელ რადიოკომპანიებზე და, ფაქტობრივად, დიჯეებთან ერთად ვცხოვრობდი. დილით რადიოწამყვანის, „დინჯის“ ხმა გონებაში ისე შემოდიოდა, ვფიქრობდი, ხომ არ აჯობებს, დავურეკო?! მეგონა, ხმით კონტაქტი დამაშორებდა მისტიურ წარმოდგენას, ჩემთვის რომ მქონდა გამოგონილი. ეს მისტიურობაა ის, რის გამოც რადიო ჩავრთე და მისი მეგობარი გავხდი. ჩემთვის „რადიოკადრებს“ ვაწყობდი და მომწონდა. დიჯეები იცვლებოდნენ, მეც ვიცვლებოდი, რადიო - არა.
ადგილი, სადაც ღიმილი ჩანს...
ასე მეგონა, თუ როდესმე მეც დაველაპარაკებოდი ჩემსავით ყურსაასმენებმიკრულ გოგონას, გამიმართლებდა. აუცილებლად ვეტყოდი, - „დილა მშვიდობისა“ და კიდევ იმას, რომ რადიო მისი მეგობარია; რომ შეუძლია, ყველაფერი ღიად უთხრას, გაპრანჭვის გარეშე. თუ თმა არ აქვს დავარცხნილი, არა უშავს, ეს რადიოში არ გამოჩნდება. მთავარია, გაიღიმოს, რადგან მჯერა, რადიოში ღიმილი ჩანს. ჩემი ღიმილი რადიოში 17 წლის წინ გამოჩნდა. გავიღიმე და ვთქვი - დილა მშვიდობისა!
„უხილავი წამყვანი“...
„სოფო ხარ?“ - ეთერს მიღმა ტელეფონზე რეკავს მსმენელი და აქ იწყება კონტაქტი ხმით. წარმოდგენები ხმით შექმნილ გარეგნობაზე, ასაკზე. გრძნობ სითბოს, რომელიც ხმით გადაეცი და ხმითვე დაგიბრუნა. მახსოვს სამკერვალო ატელიე ჩემს სახლთან ახლოს, პატარა ფანჯრებითა და გაბანტული ფარდებით. კაბის გადასაკეთებლად შევიარე. ორი ქალბატონი მუშაობს. ჩემი რადიო აქვთ ჩართული. ნახევარი საათის წინ ეთერში ვიყავი და იქნებ მისმენდნენ-მეთქი, გავიფიქრე. მორიდებით ვიკითხე, - დიდი ხანია, ამ ტალღას უსმენთ? უკვე წლებიაო, ღიმილით მიპასუხეს. მაშინ ჩემთვისაც მოგისმენიათ-მეთქი, - ოდნავ აფორიაქებულმა ვუთხარი. ასე გავიცანი ჩემი მსმენელი და ასე გამიცნეს მათ მე, უხილავი რადიოწამყვანი. ასაკით უფრო დიდი გვეგონე, უფრო გამხდარი, გრძელი თმითო... ღიად გამიზიარეს მათ ფანტაზიაში არსებული ჩემი თავი, რომელსაც აქამდე მხოლოდ ხმით იცნობდნენ.
რადიოს მომავალი...
მჯერა, რადიო სულ ილაპარაკებს. როცა ვამბობ, სახლში მივდივარ-მეთქი, ესე იგი, რადიოს ვგულისხმობ და როგორ შეიძლება, სახლი გაქრეს?! რადიო მუდამ დარჩება ტრადიციული მედიის ყველაზე „მოლაპარაკე“ საშუალებად. ჩემთვის, რადიო ყველაზე სასიამოვნო ხმაურია!
სოსო გაზდელიანი