2 სექტემბერს სმირნოვების მუზეუმში ქართველი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწის, გრიგოლ ლორთქიფანიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
ღონისძიებას ისტორიკოსებთან, მეცნიერებთან და სასულიერო პირებთან ერთად, საზოგადო მოღვაწის შთამომავლებიც ესწრებოდნენ.
საღამო გრიგოლ ლორთქიფანიძის საზოგადოების ინიციატივით გაიმართა. დამსწრეთ საზოგადო მოღაწის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისტორიის აკადემიური დოქტორი, პაატა სურგულაძე ესაუბრა.
აუდიტორიამ გრიგოლ ლორთქიფანიძის პუბლიცისტურ საქმიანობაზეც მიიღო ინფორმაცია. საზოგადო მოღვაწეს ეკუთვნის ისტორიული ესსე „ფიქრები საქართველოზე“, რომელიც 1924 წელს, პატიმრობაში დაასრულა. მანვე, 1925 წელს დაწერა „პოლიტიკური ანდერძი“.
პუბლიცისტი და მოაზროვნე 1881 წლელს ქუთაისის მაზრის სოფელ ისრითში დაიბადა. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯერ სამხედრო, შემდეგ კი განათლების მინისტრი, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გრიგოლ ლორთქიფანიძე სამშობლოში დარჩა და განმანთავისუფლებელ მოძრაობაში ჩაება. ის მალევე დააპატიმრეს, რის შემდეგაც დარჩენილი ცხოვრება გადასახლებასა და პატიმრობაში გაატარა.
გრიგოლ ლორთქიფანიძე 1937 წლის 2 სექტემბერს, საკუთარ ორმოცდამეთექვსმეტე დაბადების დღეს, დაკითხვის დროს გარდაიცვალა.