ჟურნალისტური გამოძიება მედიასაქმიანობის ყველაზე კომპლექსური, სახიფათო და შრომატევადი განშტოებაა. მკვეთრად განსხვავებული ჟურნალისტიკის სხვა მიმართულებებისგან. ჟურნალისტური გამოძიება, როგორც წესი, ნეგატივზე კეთდება და დაფარულის გამოაშკარავებას ემსახურება. ხშირად გამომძიებელი ჟურნალისტები მიზნის მისაღწევად საკუთარი სიცოცხლის ფასად რისკავენ.
ჟურნალისტური გამოძიება ბრძოლაა რთულად მოსაპოვებელი ინფორმაციების მისაღებად. ამ ბრძოლაში კი ხშირად არის დანაკარგიც. როგორც წესი, სიმართლის დადგენის გზაზე გამომძიებელ ჟურნალისტებს უამრავი წინააღმდეგობის გადალახვა უწევთ, რადგან ასეთ დროს ყოველთვის არსებობს ერთი მხარე ან ერთი ადამიანი მაინც, რომლის ინტერესებშიც არ შედის გამოძიების შედეგების გახმაურება.
მედიასკოპი დღეს ჟურნალისტ გამომძიებელზე მოგიყვებათ. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრი წარმოგიდგენთ ვრცელ ინტერვიუს გამომძიებელ რეპორტიორთან, ლია ტოკლიკიშვილთან. სწორედ მასთან ერთად ვისაუბრებთ ჟურნალისტური გამოძიების მნიშვნელობასა და იმ საფრთხეებზე, რომლებიც მას თან ახლავს.
ჟურნალისტური გამოძიების მნიშვნელობა
ნებისმიერ სახელმწიფოში ჟურნალისტური გამოძიების არსებობას დიდი მნიშვნელობა აქვს. მე ვიტყოდი, რომ არადემოკრატიულ ქვეყნებში უფრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, ვინაიდან ჩამოყალიბებულ დემოკრატიულ სახელმწიფოში არც უნდა იყოს იმის მოლოდინი, რომ საგამოძიებო ჟურნალისტიკასთან მიმართებით რაიმე სახის წინააღმდეგობა იარსებებს. ხოლო ისეთ ქვეყნებში, როგორიც ჩვენ ვართ, აუცილებელიცაა, არსებობდეს საგამოძიებო ჟურნალისტიკა, რადგან ის ხელს უწყობს სახელმწიფოს დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნას.
სხვაობა ჟურნალისტურ გამოძიებასა და ჟურნალისტიკის სხვა მიმართულებებს შორის
პრაქტიკულად, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებით განსხვავდებიან: ჟურნალისტურ გამოძიებაში ჟურნალისტი რთულად მოსაპოვებელი ინფორმაციის მოძიებისთვის მუშაობს. დღეს საინფორმაციო ჟურნალისტიკაც თითქმის ამ რელსებზე გადავიდა, მაგრამ, ჟურნალისტური გამოძიების შემთხვევაში, ეს არის ექსკლუზიური, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, საზოგადოებრივ-პოლიტიკურად აქტუალური და განსხვავებული ინფორმაციების მოპოვებისთვის მუშაობა.
გარდა ამისა, ყველაზე მთავარი: ჟურნალისტური გამოძიება ყოველთვის ნეგატივზე მუშაობს. ჩვენ გვიწევს იმ ნეგატივის აღმოჩენა, რომლის გახმაურებაც არ შედის კონკრეტული სუბიექტების ინტერესებში.
არადემოკრატიული პერიოდები საქართველოში და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის „დაბადების“ წლები
საბჭოთა პერიოდი, როცა წარმოუდგენელი იყო, ჟურნალისტებს ემუშავათ ისეთ საკითხებზე, რომელთა გამომზეურება ხელისუფლების ინტერესებში არ ჯდებოდა. სწორედ ეს არის ტოტალიტარული, არადემოკრატიული ქვეყნების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი. ასეთ პერიოდში შეუძლებელი იქნებოდა საგამოძიებო ჟურნალისტიკის არსებობა.
ის პერიოდი, რომელიც ჩემმა თაობამ გაიარა, 90-იან წლებს ვგულისხმობ, იყო სწორედ თავისუფალი, დამოუკიდებელი მედიის დაბადების წლები. რატომ იყო ეს პერიოდი მნიშვნელოვანი: მედიაში ახალმისული ადამიანები ორ ფლანგზე ვიბრძოდით - პირველი, შეგვექმნა რაღაც ახალი, ძველი კლიშეებისგან თავისუფალი; მეორე, ახლადწარმოქმნილი პოლიტიკური პარტიებისგან და პოლიტიკური გავლენებისგანაც ვყოფილიყავით თავისუფალი.
მოგეხსენებათ, იმ პერიოდში არსებობდა ერთადერთი ტელევიზია, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ გათავისუფლდა ხელისუფლების რეალური გავლენისგან. ფაქტობრივად, თავისუფალმა მედიამ არსებობა დაიწყო საგამოძიებო ჟურნალისტიკის დაბადებით, ვინაიდან მაშინ ინფორმაციების დიდი ნაწილი რაღაც წნეხის ქვეშ იყო, ამიტომ მუდმივად გვიხდებოდა ბრძოლა დაფარული ინფორმაციების მოსაპოვებლად. ასე იქმნებოდა ჩვენი პირველი საგამოძიებო მასალები: სამოქალაქო ომის პერიპეტიებზე, აფხაზეთის ომში დამარცხების მიზეზებზე და ა.შ.
ეს ის პერიოდია, როდესაც ჩვენს პროფესიაში არ არსებობდა ლიტერატურაც კი, ჟურნალისტური სკოლა, ფაქტობრივად, საბჭოთა სკოლის გაგრძელება იყო. ასეთ დროს ყველაზე დიდი მასწავლებელი იყო სწორედ ის მოვლენები, რომლებიც მაშინ ხდებოდა: სამოქალაქო ომი, რევოლუცია... ეს არის მომენტი, როცა ბევრ შეცდომასაც უშვებ, მაგრამ მკაცრად გიყალიბებს პროფესიულ უნარ-ჩვევებს.
გარდა ამისა, აქ არის ემოციური მომენტებიც: როდესაც კარგავ აფხაზეთს, როდესაც თბილისი და დანარჩენი საქართველო რჩება ინფორმაციულ ვაკუუმში იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ენგურს მიღმა, ასეთ დროს ვალდებულიც ხარ, გაარღვიო ეს წრე, წახვიდე სოხუმში და იქიდან ჩამოიტანო პირველივე ინფორმაცია.
მე, მაია გოგოლაძე, ხათუნა მაისაშვილი, ზვიად ქორიძე, გიორგი სანაია... ეს იმ ჟურნალისტთა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ვაშუქებდით მაშინდელ ჩაკეტილ რეალობას. ფაქტობრივად, ველურ პირობებში ვნადირობდით ინფორმაციაზე.
ჟურნალისტური და ოფიციალური გამოძიება
ჟურნალისტური გამოძიება არის კვლევა ჩვეულებრივი კვლევის მეთოდებით. წესით, იგივე უნდა ხდებოდეს სამართალდამცავების მიერ წარმოებული ოფიციალური გამოძიების დროსაც.
ორივე შემთხვევაში, მთავარი ეტაპებია: ინფორმაციის მოპოვება, გადამუშავება, ანალიზი და დასკვნა.
ამ ეტაპებისგან შედგება ნებისმიერი კვლევა, იქნება ეს მეცნიერული თუ სხვა სახის.
თემის სწორად შერჩევა
გამოძიების დაწყებამდე თემის შერჩევა არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი, რადგან თუკი ის არასწორად შეარჩიე, წარუმატებელი იქნება, რაც უნდა დიდ შედეგს მიაღწიო.
მაგალითად: როდესაც ქვეყანაში ომია და შენ იკვლევ რაღაც ისტორიულ საკითხს, როგორ ფიქრობთ, მკითხველი ან მაყურებელი გაეცნობა მას მაშინ, როცა სახელი თავზე ენგრევა, როცა ადამიანების სიცოცხლე საფრთხეშია და ქვეყნის არსებობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას?! - რა თქმა უნდა, არა.
ჟურნალისტური და ოფიციალური გამოძიების გადაკვეთის წერტილები
ჩვენ ხშირად გვიწევს ისეთი თემების კვლევა, რომლებსაც სამართალდამცავი ორგანოები იკვლევენ. მაგალითად: ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა.
ჩვენ თხოვნით მოგვმართა ერთ-ერთი გარდაცვლილის მამამ, ზაზა სარალიძემ, რომ ჩაგვეტარებინა ჟურნალისტური გამოძიება. დავიწყეთ ჩვენი მეთოდებით საქმის კვლევა და მალევე გადავიკვეთეთ ოფიციალურ გამოძიებასთანაც: როდესაც ჩვენი დამოუკიდებელი კვლევით აღმოვაჩინეთ, რომ რამდენიმე ბავშვი, რომლებიც ჯერ ჩხუბში და შემდგომ დაჭრაში მონაწილეობდა, არ იყო ეჭვმიტანილთა სიაში. ცხადია, ჩვენ მივმართეთ პროკურატურას თხოვნით, რომ გაეცა პასუხი, რატომ არ იყო დაკითხული, მათ შორის, პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის შვილი. ჩვენგან უკვე გაისმა კონკრეტული კითხვები სამართალდამცავი უწყებების მისამართით მათ მიერ წარმოებული გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით.
პროკურატურამ არ გვიპასუხა, თუმცა მოითხოვა, ჩვენი ჟურნალისტური გამოძიება არ გასულიყო ეთერში იქამდე, სანამ მათი დასკვნა არ იქნებოდა სასამართლოსთვის გადაცემული. დაიწყო ომი ჟურნალისტურ კორპუსსა და მაშინდელ სამართალდამცავებს შორის. ჩვენ აღმოვჩნდით ისეთ მდგომარეობაში, რომ, პრაქტიკულად, ჩვენი ტელევიზიის ხელმძღვანელებიც კი უარს ამბობდნენ იმ ჟურნალისტური გამოძიების ეთერში გაშვებაზე, რომელიც ჩვენ უკვე მომზადებული გვქონდა. დაგვჭირდა ბრძოლა, რათა ეს საგამოძიებო მასალა ეთერში გაგვეშვა. როდესაც ეს გამოძიება ეთერით გადაიცა, მოჰყვა დიდი გამოხმაურება.
ამ ფილმის გაშვებიდან, დაახლოებით, ერთი წლის შემდეგ ორივე ახალგაზრდას, რომლებიც ჩვენ მიერ მოძიებული მასალებით ეჭვქვეშ გვყავდა დაყენებული, მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის ბრალი წარედგინა.
მსგავსი გადაკვეთები ჟურნალისტურ და ოფიციალურ გამოძიებას შორის ყოველთვის არსებობს.
ჟურნალისტური გამოძიების პროცესში არსებული წინაღობები
გამოძიების პროცესში ძალიან ბევრი წინააღმდეგობა გვხვდება. ვის ხელეწიფება სახელმწიფოში ინფორმაციის დაფარვა? - ვისაც აქვს ძალაუფლება. ასეთი კი, პირველ რიგში, ხელისუფლებაა. ამიტომაც ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, ისეთი ინფორმაციები გამოვამზეუროთ, რომელთა დაფარვაც სწორედ ხელისუფლების ინტერესებშია. აი, აქ უკვე იქმნება წინააღმდეგობა. ნებისმიერი თემა რომ ავიღოთ, გნებავთ, პოლიტიკური, ფინანსური, კრიმინალური... ჩვენ გვიწევს ხელისუფლების რომელიღაც შტოსთან დაპირისპირება.
წინააღმდეგობები არსებობს თემების მიუხედავად. მაგალითად, როდესაც არჩევნებს ვიკვლევთ, ასეთ დროს ჩვენ გვიწევს ინფორმაციების მიღება პოლიტიკური პარტიებისგან, ხელისუფლებისგან, ცესკოსგან... ცხადია, ისინი ხშირად ცდილობენ, რაღაცები არ გაგვიმჟღავნონ. ჟურნალისტური გამოძიება კი, პირველ რიგში, დაფარულის/დამალულის გამოვლენას გულისხმობს.
ვინც ცდილობს, მიიღოს იმაზე მეტი, ვიდრე დაშვებულია, პროფესიულ გზაზე ბევრი წინაღობა ხვდება. ჩვენ, გამომძიებელი ჟურნალისტები, სწორედ ასეთები ვართ.
„გამომძიებელი რეპორტიორის“ კიდევ ერთი საქმე
ჩვენ ჩავატარეთ გამოძიება იმის შესახებ, თუ რატომ მიუვიდათ ელექტროენერგიის მომხმარებლებს არასწორად დაანგარიშებული გადასახადები. ამ, ერთი შეხედვით, პატარა თემამ ჩვენ ისე შორს წაგვიყვანა, აღმოჩნდა, რომ „თელასი“ და „თელმიკო“ თავს წარმოაჩენს ორ სხვადასხვა კომპანიად. სინამდვილეში კი ერთი რუსული კომპანიის ორი შვილობილი კომპანიაა. ცხადია, ჩვენ გვქონდა კოლეგიალური ურთიერთობა აღნიშნული კომპანიების პრესსამსახურებთან, თუმცა გარკვეული სახის წინააღმდეგობები ჩვენ შორისაც წარმოიქმნა: ინფორმაციები, რომლებსაც ისინი ოფიციალურად გვაწვდიდნენ, ჩვენ არ გვაკმაყოფილებდა და ყოველ ახალგამოგზავნილ პასუხზე კიდევ უფრო სიღრმისეულ პასუხს ვითხოვდით. მოგეხსენებათ, რაც უფრო სიღრმეში ჩადიხარ, მეტად ახალ და მნიშვნელოვან დეტალებს იგებ, მათ შორის ისეთებსაც, რომელთა მოწოდებაც აღნიშნულ კომპანიებს არ სურდათ. საბოლოოდ, ჩვენ შევქმენით ჟურნალისტური პროდუქტი, რომელმაც ძალიან გააღიზიანა ორივე კომპანია, თუმცა საპირწონედ მოსახლეობამ გაიგო გასაიდუმლოებული სქემის შესახებ, რომელიც აქამდე არ იყო ცნობილი.
მეთოდები ჟურნალისტურ გამოძიებაში
გამოძიებისას ვიყენებთ თითქმის ყველა მეთოდს, რომელიც კი არსებობს.
ჩემთვის, როგორც გამომძიებელი ჟურნალისტისთვის, ყველაზე მეტად დამაჯერებელი არის ორი მეთოდი: მოწმეთა/თვითმხილველთა მოძიება და დოკუმენტებზე მუშაობა.
არსებობს კიდევ არაერთი მეთოდი, მათ შორის, ექსპერიმენტის ჩატარება, თუმცა, ვფიქრობ, ვერცერთი ჟურნალისტური გამოძიება ვერ იქნება სრულყოფილი, თუკი ჩემ მიერ დასახელებული ორი მეთოდი არ არის გამოყენებული. განსაკუთრებით დღევანდელ პირობებში, როცა ნებისმიერი მოქმედების კვალი სადღაც ყოველთვის გაფორმებულია.
იცოდე, რა ინფორმაციის მიღების უფლება გაქვს
თუკი ჩვენ კარგად გვეცოდინება კანონები და ჩვენი უფლებები იმის შესახებ, თუ რა ინფორმაციის გამოთხოვის საშუალება გაქვს, რისი - არ გვაქვს და ა.შ., მაშინ საჭირო დოკუმენტაციის მიღება შეუძლებელი არ იქნება.
კანონები ჩვენ, ჟურნალისტებს, ხელ-ფეხს გვიხსნის, რათა ყველაფერზე გვქონდეს წვდომა.
ცხადია, არსებობს ინფორმაციები, რომელთა გასაჯაროება არ შეიძლება. მაგალითად, სახელმწიფო საიდუმლოება. ასეთ შემთხვევაში არც უნდა მოითხოვო ის ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფოს ვნებს და არც მიღების უფლება გაქვს. ყველაფრის გასაჯაროება არ არის ეთიკური.
ინფორმაციის წყაროს კონფიდენციალურობა
წყარო თავად ირჩევს, შენ ის უნდა დაასახელო თუ არა. თუკი შენ ჰპირდები, რომ არ გაასაჯაროებ მის ვინაობას, არანაირი უფლება არ გაქვს, გასცე.
მქონდა ასეთი შემთხვევა: როდესაც ასლან აბაშიძე აჭარის პირველი პირი იყო, იმ დროს ჩვენ გაზეთ „7 დღეს“ გამოვცემდით. სწორედ მაშინ გავაკეთე ჟურნალისტური გამოძიება, როგორ დაიღუპა გემი „მემედ აბაშიძე“. ვნახე მეზღვაურები, რომლებმაც მიამბეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტები, თუ როგორ მოჰქონდათ საიდუმლო ტვირთი და როგორ შეეწირა რამდენიმე მეზღვაური ამ დიდი საიდუმლოს დამარხვას.
როდესაც ეს ჟურნალისტური გამოძიება დაიბეჭდა გაზეთში, გავიდა ცოტა ხანი და ასლან აბაშიძემ, რომელსაც მაშინ ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა, გვიჩივლა და გაიმართა სასამართლო პროცესი. თუკი ვერ დავამტკიცებდი ჩემს სიმართლეს, რომ არ მომიგონია ის ამბები, რაც იქ ეწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთა მელოდა.
მე მქონდა ერთადერთი გზა, რომ უნდა გამეთქვა ის მეზღვაურები, რომლებმაც ეს ინფორმაცია მომაწოდეს. მეორე მხარე მთხოვდა, რომ თუ დავასახელებდი ინფორმაციის წყაროს, ასეთ შემთხვევაში, ბრალი მათზე გადამისამართდებოდა. ცხადია, ეს არ გავაკეთე ერთი მიზეზით: თუკი მე იმ მეზღვაურების სახელ-გვარებს ვიტყოდი, მათ ვეღარავინ გადაარჩენდა.
უნდა ვთქვა, რომ მაშინ გადავურჩი ძალიან დიდ სასჯელს და ამაში ყველა ჩემი კოლეგა დამეხმარა.
იმ დროს ჟურნალისტური კორპუსი არ იყო იმდენად დაპირისპირებული და დაქსაქსული, როგორიც დღესაა.
სასამართლო პროცესს იმდროინდელი გამოცემების თითქმის ყველა ჟურნალისტი ესწრებოდა, რათა არ დაეშვათ, რომ ჩემ წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი გამოეტანათ. მალევე ასლან აბაშიძემ სარჩელი უკან გაიხმო და ეს ჟურნალისტური კორპუსის ერთად დგომით მოხერხდა.
წყარო ერთხელ თუ გაამხილე, შენ უკვე სამუდამო დამღა გადევს, როგორც ჟურნალისტს. კარგავ ნდობას და პატივისცემას. ვერავინ უნდა მოგაძახოს, რომ შენ ის ჟურნალისტი ხარ, ვინც ადამიანი დაღუპა.
ჟურნალისტური გამოძიების დროს მოკლული რესპონდენტები
ჟურნალისტური გამოძიების მიმდინარეობისას არაერთი რესპონდენტი გამოგვაცალეს ხელიდან. ერთ-ერთი, რომელიც მახსენდება, პოლკოვნიკი მიხეილ მარინაშვილია. მას გაგრის დაცემის ფაქტზე ჩვენთვის მნიშვნელოვანი ვიდეომასალა უნდა გადმოეცა. მეორე დღეს ამ კასეტების წამოსაღებად უნდა მივსულიყავით, მაგრამ საინფორმაციო გამოშვებებიდან მარინაშვილის უცნაურ ვითარებაში გარდაცვალების შესახებ გავიგეთ. ცხადია, არ დავიჯერეთ, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა. ეჭვი მაქვს, რომ ის იქამდე მოკლეს, სანამ ვიდეომასალებს გადმოგვცემდა.
გამოძიების პროცესში იყო ინფორმაციის წყაროს თავიდან მოშორების მეორე შემთხვევაც, როდესაც გიორგი სანაიას მკვლელობაზე ვაკეთებდით ფილმს, ვეფხია მარგოშვილი ე.წ. გახმაურებული კასეტის მეორე პირის გამოგზავნას დაგვპირდა, თუმცა ის ააფეთქეს.
როდესაც ნადირობ ისეთ ინფორმაციაზე, რომლის გამჟღავნება ვიღაცას ძალიან არ უნდა, განსაკუთრებით იმ პერიოდის საქართველოში, როცა კანონზე მეტად იარაღი ამყარებდა წესრიგს, ხმამაღლა არაფერზე უნდა ილაპარაკო.
გამოძიების შედეგების გასაჯაროება: დროდადრო VS დასრულების შემდეგ
თემამ და დროებამ უნდა გიკარნახოს, როგორ სჯობს: დროდადრო გაასაჯაროო გამოძიების შედეგები თუ მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ. უთხარი ნახევარი, მესამედი, არ უთხრა მთლიანად, რათა დაინტერესდეს.
როდესაც შენ, როგორც გამომძიებელი ჟურნალისტი, იღებ საიდუმლო ინფორმაციას, ყოველთვის უნდა ეცადო, რომ ამ ინფორმაციას არ ფლობდე მხოლოდ შენ. როგორც კი ინფორმაციას ერთით მეტს ეტყვი, ეს არის შენთვის ერთით მეტი იარაღი, რომლითაც თავს იზღვევ. როცა მხოლოდ შენ იცი რაღაც, ადვილად ანგარიშგასასწორებელი ხდები.
როდესაც მოვა ამის დრო და დავწერთ ჩვენ-ჩვენს მემუარებს, თუ რა გზა გავიარეთ პროფესიაში, მყარად უნდა გვეჭიროს კალამი ხელში და წერა დავიწყოთ შემდეგი წინადადებით: მე შემიძლია, ყველა ჩემს რესპონდენტს თვალი გავუსწორო! - აღნიშნა გამომძიებელმა ჟურნალისტმა, ლია ტოკლიკიშვილმა.
სოსო გაზდელიანი