სპორტის ჟურნალისტიკა გარკვეული პერიოდი მხოლოდ რეკრეაციულ ფუნქციას ითავსებდა. თუმცა დროთა განმავლობაში აღნიშნული მიდგომა შეიცვალა და დღეს ის ჟურნალისტიკის ფორმათა იერარქიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.
დღეს სპორტული მოვლენები ხშირად ექცევა თანამედროვე მედიის ფოკუსში: ბევრ მედიასაშუალებაში მას ცალკე სივრცე ეთმობა; აქტიურად მზადდება შესაბამისი გადაცემები, სიუჟეტები...
დღევანდელი მედიასკოპი სპორტის ჟურნალისტიკაზეა. სფერო, რომელიც თანამედროვე მედიის განსაკუთრებით პოპულარული ნაწილია. მის მნიშვნელობაზე, საჭიროებებსა და უპირატესობებზე საქართველოს რადიოს (საზოგადოებრივი მაუწყებელი) სპორტული კომენტატორი ელენე ბილიხოძე გვესაუბრება.
სპორტის ჟურნალისტიკის პირველი ნიმუშები
სპორტის ჟურნალისტიკის პირველ მონაპოვრად მიიჩნევა საბერძნეთში ჰომეროსის მიერ დაწერილი ინფორმაცია ჭადრაკის შესახებ. მოგვიანებით უკვე ჩნდება ჩანაწერები ჭიდაობის, კრივის, სროლისა და, რა თქმა უნდა, ანტიკური ხანის ოლიმპიური თამაშების შესახებაც. ეს უკანასკნელიც კი იმ დროს გასართობი ხასიათის იყო და რადგან მას საერთო სახალხო რელიგიურ დღესასწაულად აღიარებდნენ, მიიჩნევდნენ, რომ ინფორმაციის გავრცელებაც ერთგვარი გართობა იყო.
მოგვიანებით, როდესაც სპორტული ასპარეზობების მიმართ დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა და გაჩნდა შეჯიბრებითობის პრინციპი, სპორტის მიმოხილვებმა ჟურნალისტიკის იერარქიაში ლიდერი პოზიციებისთვის ბრძოლა დაიწყეს და თამამად შეიძლება ითქვას, ის დღეს თანამედროვე მედიასივრცის განუყოფელი ნაწილია.
სპორტის ჟურნალისტიკის ინტერესის სფერო
მისი ინტერესის სფეროში ბევრი თემა ხვდება. ცხადია, აქ საუბარი აღარ არის დიდ სპორტულ შეჯიბრებებზე და სპორტის განსაკუთრებით პოპულარულ სახეობებზე. დღეს სპორტის ჟურნალისტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდაა, განსაკუთრებით არსებულ ეპიდსიტუაციაში.
სპორტის ჟურნალისტიკა თანამედროვე მედიასივრცეში
თანამედროვე მედიასივრცეში სპორტული გადაცემების სიმწირე არ შეიმჩნევა და ეს ნამდვილად მისასალმებელია.
ვერ ვიტყვი, რომ დღეს თანამედროვე სპორტულ ჟურნალისტიკაში ინფორმაციის გავრცელების სტანდარტი ირღვევა, თუმცა, შეიძლება ითქვას, არის გარკვეული ხარვეზები, როცა თემა ტრანსფერებს, შემოსავლებს, დოპინგ სკანდალებს ეხება. მაგრამ დღეს საკითხისადმი ამგვარ დამოკიდებულებას ერთგვარი მარკეტინგული ხრიკიც შეიძლება ვუწოდოთ.
მნიშვნელოვანია, გაშუქდეს!
მნიშვნელოვანია პარასპორტის განვითარების შესახებ მასალების მომზადება, რადგან ჩვენს ქვეყანაში პარასპორტსმენების მიმართ დამოკიდებულება იმდენად შეიცვალა, რომ დღეს ისინი სპორტის სხვადასხვა სახეობაში ლიდერ პოზიციებზე არიან. ამ მიმართულების განვითარების ერთ-ერთ მოტივატორად კი ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე პარამოფარიკავის, ნინი თიბილაშვილის მიერ მოპოვებული პირველი ვერცხლის მედალი იქცა. დროთა განმავლობაში შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულებაც: ჩვენ უკვე თავად პარალიმპიურ თამაშებზეც შეგვიძლია მედლებისთვის ბრძოლა.
ვფიქრობ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სპორტული ინფრასტრუქტურისა და მენეჯმენტის განვითარების შესახებ გადაცემებისა და რეპორტაჟების მომზადება. ვინაიდან თუკი ქვეყანაში აღნიშნული ორი სეგმენტი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება, ეს გახდება სპორტული ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი მთავარი საყრდენი. ამასთან, ქვეყანას ექნება რეალური ამბიცია, რომ დიდი საერთაშორისო შეჯიბრებების მასპინძლობისთვის იბრძოლოს, რაც დადებითად აისახება არა მხოლოდ სპორტზე, არამედ ქვეყნის ეკონომიკაზეც.
სპორტის ჟურნალისტიკა მულტიმედია პლატფორმებზე - უპირატესობები და ნაკლოვანებები
თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით, დღეს ახალგაზრდებში განსაკუთრებული პოპულარობით ონლაინმედია სარგებლობს.
ცხადია, ყველა ფორმატს თავისი ხიბლი აქვს. შეიძლება ითქვას, დღეს არსებული რესურსები იძლევა იმის საშუალებას, რომ მხოლოდ უპირატესობაზე და პრიორიტეტზე იფიქრო, ამიტომაც მედიის მხრიდან მუდმივადაა მცდელობა, ამ მიმართულებით არსებული ხარვეზები გამოსწორდეს.
სპორტის სიახლეები საინფორმაციო გამოშვებებში
დღეს იმდენად დიდია საზოგადოების ინტერესი სპორტული ასპარეზობების მიმართ, რომ არის შემთხვევები, როდესაც საინფორმაციო საშუალებები გამოშვებებს სწორედ სპორტულ ტრიუმფზე საუბრით იწყებენ.
ქართული რეალობიდან გამომდინარე, როდესაც, თუნდაც, მსოფლიო ძალოსანი ლაშა ტალახაძე ფიცარნაგზე გამოდის, ყველა ცდილობს, იყოს პირველი, რათა ეს მოვლენა განსხვავებული რაკურსით გადაიღოს და შემდგომ ექსკლუზიური კადრები გაავრცელოს.
სპორტის ჟურნალისტიკაში წარმატებისთვის მნიშვნელოვანია...
რა თქმა უნდა, განათლება. აქ არ არის საუბარი მხოლოდ სპორტულ ჟურნალისტიკაზე. განათლების შემდგომ, თავისთავად, სპორტისადმი ინტერესი და სიყვარული არის ის მთავარი საყრდენი, რომელიც ამ განათლების მთავარი გზავნილი ხდება.
ღრმად ერკვეოდე სპორტის ყველა სახეობაში, ეს შეუძლებელია, მაგრამ ყოველთვის უნდა ეცადო, ნებისმიერ რესპონდენტთან შეხვედრისთვის კარგად მოემზადო და მისი ნდობა მოიპოვო.
ნდობა უმთავრესია!
რესპონდენტის ნდობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ მხრივ, ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რადგან ნებისმიერი სპორტსმენი შეჯიბრის დასრულებისთანავე ექსკლუზიურად პირველ ინფორმაციას სწორედ მე მაწვდის.
რესპონდენტის ნდობის ჯერ მოპოვება და შემდეგ შენარჩუნება მთავარ პრიორიტეტად უნდა ვაქციოთ. ამ უკანასკნელის მნიშვნელობაზე ყოველთვის ვსაუბრობ ჩემს სტუდენტებთან, რომლებიც მსოფლიო სპორტის ვარსკვლავები არიან, - აღნიშნა საქართველოს რადიოს სპორტულმა კომენტატორმა, ელენე ბილიხოძემ.
სოსო გაზდელიანი