27 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ღია კარის დღე გაიმართა.
აბიტურიენტებს საშუალება ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ კსუ-ს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ფაკულტეტზე არსებული კვლევითი და პრაქტიკული ლაბორატორიები.
როგორც კსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ნანა ამირანაშვილმა აღნიშნა, სპიკერებმა აბიტურიენტებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია ჟურნალისტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების, CIU-ს განსაკუთრებული შეთავაზებების, სტუდენტური ცხოვრების, საერთაშორისო მობილობისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
„ეს იყო უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილი ღონისძიება, რომელზე დარეგისტრირება აბიტურიენტებს წინასწარ შეეძლოთ. ჩვენ მათ მივაწოდეთ ინფორმაცია სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, რომელზეც სამივე საფეხურის პროგრამები წარმატებით ხორციელდება.
ვრცლად ვესაუბრეთ საბაკალავრო პროგრამების ღირსებებზე, თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების ბალანსზე, პარტნიორ ორგანიზაციებზე, გაცვლით პროგრამებზე, უცხო ენების როლსა და მნიშვნელობაზე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტების ჩამოყალიბებაზე, კარიერულ წინსვლაზე, საინტერესო სტუდენტურ ცხოვრებაზე.
შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებულ 1 000 და 5 000-ლარიანი ვაუჩერების მნიშვნელობაზე.
დაისვა კითხვებიც, რომლებიც, ძირითადად, გაცვლით პროგრამებს ეხებოდა. შეხვედრა უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის გაცნობით დასრულდა“, - აღნიშნა სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ნანა ამირანაშვილმა.
დეკანმა ასევე აღნიშნა, რომ კსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აბიტურიენტებისთვის არაერთი პროექტი განხორციელდა. მათ შორის, „CIU მედიასკოლა“, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
აბიტურიენტებმა, უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, CIU-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაზები დაათვალიერეს. ასევე, ესტუმრნენ კსუ მულტიმედია ცენტრსაც. აქ მათ მოინახულეს ტელე და რადიოსტუდიები, სამონტაჟო ოთახები, ნიუსრუმი. გაეცნენ ცენტრის მუშაობის სპეციფიკას და მის როლს მულტიმედიური ჟურნალისტის ჩამოყალიბების საქმეში.
სოსო გაზდელიანი