„ეთნიკური კონფლიქტები და საერთაშორისო ნორმები“ - ამ თემაზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრში ღია ლექცია გაიმართა.
შეხვედრას უძღვებოდნენ „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ნინო დალაქიშვილი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო და მედიის კვლევებისა და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი ზაზა ცოტნიაშვილი.
ლექციის ფარგლებში, პროფესორმა ზაზა ცოტნიაშვილმა ძირითადი აქცენტი თეორიულ საკითხზე გააკეთა და მიმოიხილა ის ძირითადი ტენდენციები, რომლებიც თანამედროვე ეთნიკური კონფლიქტების საკითხში შეიმჩნევა. ასევე, ისაუბრა საერთაშორისო თანამეგობრობისა და საერთაშორისო სამართლის მნიშვნელობაზე. ამავე დროს, აღინიშნა, რომ საერთაშორისო სამართალი კონფლიქტების რეგულირებას მნიშვნელოვნად ვერ უწყობს ხელს.
ჟურნალისტმა, ნინო დალაქიშვილმა კი სტუდენტებს საკუთარი პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარა. ისაუბრა კონფლიქტების გაშუქებაზე, განსაკუთრებით, კონფლიქტური ზონიდან. ასევე, გააცნო ინფორმაციის მომზადების პირადი ტექნოლოგია და „ამერიკის ხმის“ სარედაქციო პოლიტიკის მთავარი საკითხები.
შეხვედრა ინტერაქციული ფორმატით წარიმართა, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ პასუხები.
საჯარო ლექციას, სტუდენტებთან ერთად, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი და ფაკულტეტის ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი ესწრებოდა.