01.01.2020 წ. / 00:00 - დედამიწამ კიდევ ერთი ბრუნი შეასრულა და ახლიდან იწყო იმავე წრეზე სიარული. ერთი წელი მოემატა ჩვენს პლანეტას და ჩვენც ჩვეული ყიჟინით, ფერადი და ხმაურიანი საშუალებებით, მივეგებეთ 2020 წლის შემობრძანებას. ათასგვარი სურვილიც ჩავუთქვით, ახალი იმედებით ავივსეთ და უკეთესი წლის მოლოდინში, გეგმებსა და მიზნებზე მეტად ვკონცენტრირდით.
მრავალპუნქტიანი გეგმის შესრულება ახალი დაწყებული გვქონდა, რა დროსაც დედამიწაზე უხილავი მტერი გაბატონდა, მთელი პლანეტა დააავადა და ჩვეული წრებრუნვა რამდენადმე უჩვეულო გახადა.
2020-მა თავი ურჩობით, დაუდგრომლობითა და უსიამოვნო სიურპრიზებით დაგვამახსოვრა. „იზოლაცია“, „დისტანცია“, „შეზღუდვები“, „ონლაინ“ - აქტუალურ და ყველაზე ხშირად გამოყენებად ტერმინებად იქცა. ადამიანთა შორის დაწესებული ორმეტრიანი დისტანცია კიდევ უფრო გაიზარდა და ჩვენ ერთმანეთს დავშორდით. ვირუსმა „დაგვყო და იბატონა“. ჩვენი ყოველი ემოცია პირბადის მიღმა დარჩა.
სულ რამდენიმე დღეში დედამიწა კიდევ ერთ წრებრუნვას დაასრულებს. ეს წელი წარსულს დარჩება, თუმცა დიდხანს გვემახსოვრება.
ვირუსის ოლიგარქიისგან დაღლილი კაცობრიობა ახალ, 2021 წელს იმედის თვალით შეჰყურებს. სურვილებიც იმდენად პალიტრალური აღარაა, როგორც უწინ. ახლა არსებული ვითარების უკეთესობისკენ შეცვლაა დედამიწელთა მთავარი გულისწადილი.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის თანამშრომლებსაც ერთი სურვილი გვაერთიანებს - დასრულდეს ვირუსის ჰეგემონია, დავუბრუნდეთ პანდემიამდელ ცხოვრებას! მოთმინებით ველოდებით ბევრად უკეთეს წელს.
კსუ-ს მულტიმედია ცენტრის დიდი ოჯახის თითოეული წევრი გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! საგანგებოდ შეკრებილ სურვილებს კი საჯაროდ გიზიარებთ:
„ახალი წელი ახალ იმედებს უკავშირდება: დაგროვილი სიმძიმისგან განტვირთვის, ახლიდან და ახლის დაბადების პერიოდია. სანამ ვართ, ეს დაუსრულებელი წრებრუნვა სიყვარულისა და სიკეთის გაზიარების შესაძლებლობას მუდამ გვანიჭებს. ბედნიერზე ბედნიერები იყავით! გილოცავთ დამდეგ დღესასწაულებს!“ - ნინო ჭალაგანიძე (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელი);
„ვიყოთ უკეთესად, ვიდრე შარშან“, - სულხან მელაძე (მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე);
„ცის გახსნასავით რომ ველოდებით სატუსაღოდან დახსნას, მოსულიყოს ჩვენი „ტარიელი“ და სამუდამოდ გავეთავისუფლებინეთ „კორონა-ქაჯეთისგან“, - ციცინო ბუკია (მულტიმედია ცენტრის რედაქტორი);
„ბევრ სასიხარულო სიახლეს გისურვებთ! ვისურვებდი პანდემიის სწრაფ დასრულებას!“ - რუსუდან კვარაცხელია (მულტიმედია ცენტრის პროდიუსერი);
„ვისურვებდი მსმენელს, რომელიც ჩემგან ინფიცირებულთა სტატისტიკას აღარ მოისმენს. მე კი, მიკროფონს იმიტომ გავხსნი, რომ მათ დედამიწის გახსნა შევატყობინო“, - სოფიო კიკვაძე (კსუ-ს მოწვეული ლექტორი, რადიოწამყვანი).
„ჩვენი სლოგანია - ფოკუსი შენზე! ჩემი საახალწლო სურვილიც შესაბამისი იქნება: მეტი საინტერესო ისტორია, ადამიანი და კადრი ჩვენს ფოკუსში“, - ლიკა ზამბახიძე (მულტიმედია ცენტრის პროდიუსერი);
„მინდა, რომ მომავალ წელს მეგობრებს ვირუსი კი არა, ბედნიერება გავუზიაროთ და სამხიარულოდ მომართული გულებით გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე, რომელიც სიყვარულია, მეგობრობაა, სიცილია, ძვირფასი და მშვენიერია...“ - სალომე შალიკაშვილი (მულტიმედია ცენტრის თანამშრომელი);
„ვისურვებდი, რომ პირბადის გარეშე შევძლოთ სიარული. მოგვეცეს შესაძლებლობა, თამამად ჩავეხუტოთ და მოვესიყვარულოთ ერთმანეთს“, - ეთო შაყულაშვილი (მულტიმედია ცენტრის თანამშრომელი);
„2021 წელი ჯანმრთელობის, სიკეთისა და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს. ძველ წელში დარჩეს სიცოცხლისთვის ყველა საზიანო გამოწვევა. დასახული მიზნები რეალობად გვექციოს!“ - თინათინ მკალავიშვილი (მულტიმედია ცენტრის თანამშრომელი);
„მინდა, 2021-მა ადამიანები ხარივით გააძლიეროს ფიზიკურად და მორალურად! მოუტანოს ბევრი სიახლე, წარმატება, ჯანმრთელობა და, რაც მთავარია, დაასრულოს ეს რთული პერიოდი“, - ანა მენაფირე (მულტიმედია ცენტრის თანამშრომელი);
„მივდივართ 2021-ე წრეზე და ვიმედოვნებ, ეს მსვლელობა ყოველგვარი პანდემიის გარეშე ჩაივლის და ცხოვრება უშუალო, გულწრფელი ურთიერთობებით გაგრძელდება“, - ლუკა მებურიშვილი (მულტიმედია ცენტრის თანამშრომელი).
და ბოლოს, მე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ახალი წევრი, სოსო გაზდელიანი, ვისურვებდი სიკეთის გამარჯვებას ბოროტზე. უხილავი მტრის დამარცხებას ისე, რომ პირბადე აღარ მალავდეს ღიმილიან სახეს. 21-ე საუკუნის 21-ე წელს სიკეთე და სიმშვიდე მოეტანოს!
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრი ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას გისურვებთ! იმედი დავიტოვოთ, რომ ყველაფერი დიამეტრალურად, უკეთესობისაკენ შეიცვლება.
სოსო გაზდელიანი